სიახლეები

რეხვიაშვილი თბილისის დინამოში ვარჯიშობს

გაუზიარე

27 წლის მცველი გიორგი რეხვიაშვილი თბილისის დინამოში ვარჯიშობს და შესაძლოა, გია გეგუჩაძის გუნდში ითამაშოს. რეხვიაშვილი დინამოსთვის ნაცნობი ფეხბურთელია, კარგი მატჩებიც ჩაუტარებია ამ გუნდში, თუმცა საუკეთესო პერიოდი შარშან ამ დროს ჰქონდა – საჩხერის ჩიხურაში ევროპის ლიგაზე, როცა გუნდმა მაკედონიური ტურნოვო და თურქული ბურსასფორი გამოთიშა. 

რეხვიაშვილი რუსთავში დაბადებულ-გაზრდილია, მეტალურგში გამორჩეული გახლდათ და 2011 წელს დინამოში გადავიდა. შემდეგ განათხოვრებით იყო ჩიხურაში, დაბრუნდა დინამოში და ერთი სეზონის მერე ისევ საჩხერის გუნდს მიაშურა. გიორგი ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი: 2010 წელს მეტალურგში და 2014-ში დინამოში. 2014 წელს საქართველოს თასიც მოიგო, ხოლო სუპერთასი ორჯერ აუწევია.

რეხვიაშვილი შარშან ზაფხულს ჩიხურაში კარგი თამაშის შემდეგ პირველად გადავიდა უცხოურ გუნდში, კერძოდ, თურქეთის პირველლიგელ ბოლუსფორში. იქ სულ ექვსი მატჩი მოუგროვდა, რადგან მძიმე ტრავმა მიიღო. ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მას შემდეგ მკურნალობდა. ეს ისეთი ტრავმაა, ერთ წელიწადს რომ ატოვებინებს ფეხბურთელს. 

გიორგი მაისიდან მსუბუქად ვარჯიშობდა. ჯერ უბურთოდ, მერე კი დატვირთვები თანდათან მატულობდა. 

რეხვიაშვილთან კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა, თუმცა მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გიორგის დამატება შვება იქნება დინამოს დაცვისთვის, სადაც საკადრო პრობლემებია და ეს ყველაზე კარგად აზერბაიჯანულ გაბალასთან მატჩებში გამოჩნდა: დინამოს უკეთესი დაცვა ეკადრება. ერთიც: რეხვიაშვილი თემურ ქეცბაიას მწვრთნელობისას არაერთხელ იყო ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული, მაგრამ ერთხელაც არ უთამაშია... 

ილია ნანობაშვილი