სიახლეები

ლორია ტრაბზონის გზაზე: ოლიმპიაკოსმა დააკლო! ახლა პრეზიდენტი დაიკარგა

გაუზიარე

საქართველოს ნაკრებისა და ბერძნული ოლიმპიაკოსის მეკარე გიორგი ლორია გუნდთან აღარაა და კლუბის ხელმძღვანელობისგან კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე საბოლოო სიტყვას ელის. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გიორგი ლორიამ ოლიმპიაკოსის ავსტრიული შეკრება ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო დატოვა და ათენს მიშურა. სწორედ ათენში უნდა შეხვედროდა ქართველი მეკარე ოლიმპაკოსის უფროსებს, მაგრამ... შეხვედრა დღემდე არ შემდგარა, თუმცა კი, ლორია, რომელიც ათენში აგენტთან ერთადაა, კლუბის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა. ფეხბურთელი და კლუბი თითქოს შეთანხმდნენ, რომ გარკვეული თანხის გადახდის შემთხვევაში ლორიას კონტრაქტს გაუწყვეტდნენ, მაგრამ მას შემდეგ ოლიმპიაკოსის მხრიდან გიორგისთან კავშირზე არავინ გასულა. 

გეხსომებათ, გიორგი ლორიას მიწვევა თურქულ ტრაბზონსფორში შოთა არველაძეს სურს, მაგრამ მეკარეს ბერძნულ კლუბში რამდენიმე კვირის წინ გაფორმებული კონტრაქტი არ აძლევს ახალ კლუბში გადასვლის საშუალებას. თავდაპირველად ბერძნებმა გიორგი ლორიას გათავისუფლების სანაცვლოდ მილიონი ევრო მოთხოვეს, მაგრამ, რომ მიხვდნენ, ამ თანხის გადახდა არარეალური იყო, დააკლეს. დაკლებული თანხის ოდენობა ჩვენთვის უცნობია, თუმცა საქმე ისაა, რომ ბერძნები ლორიას არც ამ დაკლების შემდეგ შეხმიანებიან. 

სადღეისოდ ქართველი მეკარე სწორედ ოლიმპიაკოსის ხელმძღვანელებთან საბოლოო შეხვედარისა და მათგან თანხმობის მიღების მოლოდინშია. სასურველი შედეგი საქართველოს ნაკრების მეკარის ტრაბზონში გადასვლა იქნება. 

ოლომიაკოსი ათენში ხვალ ბრუნდება და მოსალოდნელი ტრანსფერის შესახებ უფრო მეტი გახდება ცნობილი...

ლუკა თალაკვაძე