სიახლეები

ტორპედო შინ ივარჯიშებს, სამხრეთ აფრიკიდან ქუთაისში - ნერგაძე ბრუნდება

გაუზიარე

ბევრი უმაღლესლიგელისგან განსხვავებით, რომლებიც წინასასეზონო შეკრებას თურქეთში გადიან, ქუთაისის ტორპედო უცხოურ შეკრებაზე არ გაემგზავრება და მთელ სამზადისს საკუთარ ბაზაზე გაივლის. 

ტორპედომ ახალი სეზონისთვის მზადება 15 ივნისს დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი დარასელია პოტენციურ ახალწვეულებს აკვირდებოდა. ამ დროისთვის უკვე ცნობილია იმ 24 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც მომავალ სეზონში ქუთაისური კლუბის ღირსებას დაიცავენ.

მათ შორისაა გიორგი ნერგაძეც, რომელმაც ტორპედო 2005 წელს დატოვა და მას შემდეგ რამდენიმე ქართული კლუბი მოიარა, ბოლო წლები კი სამხრეთ აფრიკაში გაატარა, სადაც კარგი პრესა ჰქონდა. 32 წლის ნახევარმცველი გუნდს უახლოეს დღეებში შეუერთდება.

ზაფხულის მოსამზადებელ ეტაპზე გიორგი დარასელიას გუნდმა არაერთი საკონტროლო მატჩი ჩაატარა. უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული თერჯოლის საპოვნელა ტორპედომ 3:0 დაამარცხა, უძლიერესთა შორის ახალაღზევებულ კიდევ ერთ კლუბთან, საბურთალოსთან 1:3 დამარცხდა, მარტვილის მერანს სოლიდური ანგარიშით, 5:2 სძლია, ფოთის კოლხეთთან კი 0:1 წააგო. 24 ივლისს ქუთაისელები სტუმრად ბათუმის დინამოს გაეჯიბრებიან, 29-ში ლანჩხუთის გურიას უმასპინძლებენ, 5 აგვისტოს კი თბილისის ლოკომოტივს ეთამაშებიან – ჯერ უცნობია, სად. 22 ივლისს კი ტორპედო თავის ბაზაზე საკუთარი გულშემატკივრებით დაკომპლექტებულ გუნდს ეთამაშება.

გიორგი დარასელიას თქმით, გუნდის დაკომპლექტება, ფაქტობრივად, დასრულებულია, მაგრამ გუნდის თავკაცი არ გამორიცხავს, რომ ნერგაძის შემდეგ ტორპედო კიდევ ერთი კვალიფიციური ფეხბურთელით გაძლიერდეს.

საინტერესოა, როგორ აფასებს დარასელია ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, უმაღლესი ლიგის ყოველ მატჩში გუნდმა სასტარტო შემადგენლობაში მინიმუმ ორი 21-წლამდელი უნდა დააყენოს.

„რა თქმა უნდა, მოხარული ვიქნები, თუ ამ ასაკის ფეხბურთელები წარმატებით გაართმევენ თავს უმაღლეს ლიგაში თამაშს. რა ასაკისაც უნდა იყოს ფეხბურთელი, მთავარია, იგი გამოადგეს კლუბს, ეროვნულ ნაკრებს და გააკეთოს ყველაფერი ქართული ფეხბურთის წინსვლისთვის. მომავალი გვიჩვენებს, რამდენად გაამართლებს ეს კანონი. ტორპედოში გვყავს 21-წლამდე ფეხბურთელები და წინა სეზონში ისედაც ვათამაშებდით მათ, თუ სასტარტოში არა, შეცვლაზე მაინც შეგვყავდა. მაგალითად, გოგუაძე დუბლებიდან გადმოვიყვანეთ და ორი-სამი თამაშის შემდეგ უკვე ძირითადშიც მოხვდა. ასევე, მამასახლისიც, რომელმაც რამდენიმე თამაში შეუცვლელად ჩაატარა“.

რაც შეეხება გუნდის მიზნებს, ტორპედოს მთავარი მწვრთნელი კონკრეტულად არ პასუხობს: 

„რა თქმა უნდა, უმიზნოდ ყოფნა კარგს არაფერს მოგვიტანს. ჩვენთვის ყველა თამაში გადამწყვეტი იქნება. მაღალი მიზნებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ და რა გამოვა, ამას თავის დროზე ყველანი ერთად ვნახავთ“.

14 აგვისტოს, უმაღლესი ლიგის პირველ ტურში ტორპედო მარტვილის მერანს უმასპინძლებს.

ლევან ჯანეზაშვილი