სიახლეები

საბურთალომ საპოვნელას 5:1 მოუგო, დვალი თითქმის გადაწყდა... ჯიქიას წასვლაც

გაუზიარე

გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა საბურთალომ მორიგ საკონტროლო მატჩში თერჯოლის საპოვნელას უმასპინძლა და 5:1 მოუგო. როგორც იცით, საბურთალოც და საპოვნელაც პირველ ლიგაში თავიანთ ზონებში გაჩემპიონდნენ, დამდეგ სეზონს კი უმაღლეს ლიგაში დაიწყებენ. 

თამაშიხ დაწყებიდან მალევე, ჯაბა დვალმა თავურით გახსნა ანგარიში. პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა, თუმცა საპოვნელას ჰქონდა ორი შანსი და ვერცერთი ვერ გამოიყენა. 

მეორე ნახევარში საბურთალოს უპირატესობა თვალსაჩინო გახდა და გოლები უხვად გავიდა. ჯერ მასპინძელთა კაპიტანმა გიორგი ხარაიშვილმა შორული დარტყმით შეაგდო, მერე ხარაიშვილი-დვალი-სოფრომაძე-გოშთელიანის კომბინაცია ამ უკანასკნელის მესამე გოლით დასრულდა.  რამდენიმე წუთში სანდრო ალთუნაშვილის პასს მოჰყვა ანდრო სოფრომაძის მეოთხე გოლი... 

ბოლო ხუთწუთიან მონაკვეთში კი თითო გოლი გაცვალეს გუნდებმა და საბოლოოდ, 5:1. 

საბურთალომ ამ ზაფხულს ორი წამყვანი ფეხბურთელი გაყიდა: ჯიმი ტაბიძე და გიორგი თევზაძე. ჭიაბრიშვილმა საპოვნელასთან დუბლების რამდენიმე ფეხბურთელი ათამაშა, კერძოდ, პირველი გოლისას დვალის ასისტენტი ჩოგაძე, ასევე, წივილაშვილი, ბედიევი და ლაკვეხელიანი. 

გამოსარჩევია დვალის გოლი. ჯაბა გასულ წლებში საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი გახლდათ და ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ საბურთალოში გააგრძელებს კარიერას. 30 წლის დვალი ჭიაბრიშვილის გუნდისთვის დიდი ძალა უნდა იყოს, თანაც, გამოცდილებაც ხომ გასათვალისწინებელია – 17-19 წლის ბიჭებს ასეთი ფეხბურთელის გვერდში ყოფნა სჭირდებათ. 

არ უთამაშია საბურთალოს კიდევ ერთ ფორვარდს, დავით ჯიქიას, რომელსაც სავარაუდოდ, გუნდის დატოვება მოუწევს. საბურთალოს ჰყავს ორი გამოკვეთილი თავდამსხმელი: გოშთელიანი და ახლა უკვე დვალი, ჯიქიას კი სხვა კლუბში გადასვლა მოუწევს... არადა, მართლაც პერსპექტიული ფეხბურთელია, საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში კარგად თამაშობდა. ეგაა, თბილისის დინამოსა და საბურთალოში ვერ გაამართლა.    Y

საბურთალო-საპოვნელა 5:1 

1:0 დვალი (14), 2;0 ხარაიშვილი (56), 3:0 გოშთელიანი (66), 4:0 სოფრომაძე (73), 4:1 ბუხაიძე (85), 5:1 მარგველაშვილი (88 პენ) 

საბურთალო: ქურდაძე, ბეროშვილი, ბედიევი, კაკიაშვილი, ვაჭარაძე, ნიკოლაშვილი, ლაკვეხელიანი, ჩოგაძე, ბიძინაშვილი, წივილაშვილი, დვალი. 

მეორე ტაიმში შევიდნენ: ჩოჩიშვილი, მარგველაშვილი, ალთუნაშვილი, ხარაიშვილი, გოშთელიანი, შიხაშვილი, მამუჩაშვილი, ფანცულაია, გვარაძე.

საპოვნელა: გიორგაძე, რობაქიძე, ენდელაძე, ჯიმშელეიშვილი, ბერუაშვილი, მაკარიძე, ცქიფურიშვილი, მურადაშვილი, ბუხაიძე, ამბროლაძე, ჭაჭიაშვილი.

მეორე ტაიმში შევიდნენ: მზევაშვილი, პაპავა, შუღლაძე, თავაძე, ზეინკლიშვილი, ალავიძე, ბარბაქაძე, ლაღაძე, ბანძელაძე

ილია ნანობაშვილი