სიახლეები

პარტიზანებთან ბრძოლა ძნელია

გაუზიარე

ჩემპიონთა ლიგა 2015-2016

მეორესაკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი

21 ივლისი. გორი. თენგიზ ბურჯანაძე“. 4 500 მაყურებელი
დილა - პარტიზანი 0:2

პირველი მატჩი 0:1

გოლები:  0:1 ბრაშანა (37), 0:2 უმარუ (65)
დილა :  შევჩენკო, ხურცილავა, კვახაძე, ბაგაევი, ნავალოვსკი, პაპავა (კვირკვია 46), ძარია, გვალია, ილურიძე (მაშუკოვი 46), მოდებაძე, მარცვალაძე (ერისთავი 82)
სათადარიგოები: მუჯირიშვილი; ქარქუზაშვილი, კვირკველია, რაზმაძე
მწვრთნელი : უჩა სოსიაშვილი
პარტიზანი : . ჟივკოვიჩი, ვულიჩევიჩი, . პეტროვიჩი, ბალაჟიჩი, ჩირკოვიჩი, ბრაშანაცი (ილიჩი 80), ბაბოვიჩი, . ჟივკოვიჩი, იევტოვიჩი, უმარუ (საპონიჩი 87), ბოჟინოვი (ნინკოვიჩი 68)
სათადარიგოები: კლიაიჩი; ბოგოშოვაცი, სილვა დორნელასი, ტრუიჩი
მწვრთნელი:  ზორან მილინკოვიჩი

გაფრთხილება: მოდებაძე (19), ბრაშანა (48), ბალაიჩი (61), ნავალოვსკი (68), მარცვალაძე (68)
მსაჯი: დანიელ სტეფანსკი (პოლონეთი)

 

ევროპისა და ჩემპიონთა ლიგების მესამე საკვალიფიკაციო ეტაპები ქართული კლუბების გარეშე ჩაივლის. გუშინდლამდე საქართველოს ჩემპიონს, გორის დილას კიდევ ჰქონდა შანსი, ევროტურნირზე საქართველოს სახელი დაეცვა, თუმცა, სამწუხაროდ, სოსიაშვილის გუნდი პარტიზანთან შინაც დამარცხდა. ევროარენაზე პირველი საშინაო მატჩი გორელებისთვის უიღბლო გამოდგა და ამას, ბუნებრივია, ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს. ობიექტური მიზეზები უფრო მნიშვნელოვანი და დამაფიქრებელია, რადგან გუშინ კიდევე ერთხელ და ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოსა და სერბეთის ჩემპიონებს შორის კლასში დიდი სხვაობაა. ამ სხვაობას ვერც ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების ფეხბურთელები აკლებენ რამეს.

კლასთან ერთად, ქართველ და სერბ ფეხბურთელებს შორის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ  მომზადებაშიც გამოჩნდა სხვაობა. დილას პარტიზანთან მხოლოდ ერთი გოლიც ჰყოფნიდა და მატჩი დამატებით დროში გადავიდოდა, თუმცა გორელებმა გოლი ვერ გაიტანეს და ეს ხან შეუთამაშებლობის, ხანაც ფსიქოლოგიური ფაქტორის ბრალი იყო, დილას ფეხბურთელებს თითქოს თავდაჯერება აკლდათ.

თამაშის სცენარი ბელგრადული მატჩისგან განსხვავებული იყო, რადგან დილამ აქცენტი შეტევაზე გააკეთა. თუ პირველ მატჩში სოსიაშვილმა დაცვითი ტაქტიკით არჩია თამაში, გუშინ სხვაგვარად მოხდა და ეს ბუნებრივიც იყო - დილას ფეხბურთელებს აუცილებლად სჭირდებოდათ გოლის გატანა. გიორგი ილურიძესთან და ოთარ მარცვალაძესთან ერთად გორელთა 25 წლის თავკაცმა შეტევის ხაზში ირაკლი მოდებაძეც გაამწესა. სოსიაშვილმა მოდებაძე სასტარტო შემადგენლობაში დაცვის ხაზში გადაადგილების ხარჯზე დააყენა, თუ წინა მატჩში მარცხენა მცველის პოზიციაზე კვირკველია მოქმედებდა, გუშინ ამ ფუქნციას ნავალოვსკი ასრულებდა, ბელგრადულ მატჩში დაცვის ცენტრში მოთამაშე გიორგი პაპავამ ნახევარდაცვის ცენტრში აიწია, მის ნაცვლად კი დილას ძირითად შემადგენლობას ბაგაევი დაუბრუნდა და კვახაძეს შეუწყვილდა.

მატჩი ბელგრადელთა უპირატესობით დაიწყო და შევჩენკოს კართან ზედიზედ ორი სახიფათო მოემენტი შეიქმნა. გატანას ჯერ ბოჟინოვი ცდილობდა, შემდეგ კი ბულგარელი ფორვარდი ჟივკოვიჩი, თუმცა ჯერ შევჩნეკომ ითამაშა კარგად, შემდეგ კი ბულგარელის დარტყმული ასცდა კარს. ამ მომენტების შემდეგ დილამ თამაშის დალაგება სცადა და უპირატესობასაც დაეუფლა. 24-ე წუთზე გორელებს გატანა შეეძლოთ, თუმცა ძარიას დარტყმული მეკარემ კუთხურზე მოიგერია. კუთხურიდან სახიფათო ჩაწოდების შემდეგ მოდებაძე ურტყამდა, მერე ლაშა გვალიამ დაარტყა საჯარიმოს გარედან, თუმცა მცირედით ააცილა.

ამ მომენტიდან პირველ გოლამდე ბურთი ძირითად მოედნის ცენტრში ტრიალებდა და ხიფათს ვერც ერთი გუნდის ფეხბურთელები ვერ ქმნიდნენ, თუმცა 37-ე წუთზე კარგი ინდივიდუალური თამაშის წყალობით ბელგრადელთა მარცხენა მცველმა, რომ იტყვიან, გოლი შექმნა. პეტროვიჩმა ჯერ ხურცილავა, შემდეგ კი კვახაძე მოატყუა და საჯარიმოში მყოფ ბრაშანაცს გადააწოდა, ამ უკანასკნელმაც შევჩენკოს აუღებელი დაურტყა და პარტიზანს ორი მატჩის ჯამში სოლიდური უპირატესობა მოუტანა.

ტაიმის ბოლოს დილას ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ თავით ისევ მოდებაძე ურტყამდა და უფრო სახიფათოდაც, თუმცა ისევ მცირე მანძილით ააცილა.

მეორე ტაიმი სოსიაშვილმა ორმაგი ცვლილებით დაიწყო და, ფაქტობრივად, ვა-ბანკზე წავიდა, რადგან ილურიძის ნაცვლად ფორვარდი ისლამ მუშაკოვი, ხოლო საყრდენი ნახევარმცველის ნაცვლად ასევე შემტევი, მათე კვირკვია შეიყვანა მოედანზე.მიუხედავად იმისა, რომ წინ მთელი ტაიმი იყო სათამაშო, გორელმა ფეხბურთელებმა ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ გაუძლეს და თამაში ვერ დაალაგეს. ტრიბუნებიდან გულშემატკივარი გოლს ითხოვდა, თანაც, ძალიან ცხელოდა და ნელ-ნელა ქართველ ფეხბურთელებს ძალაც ეცლებოდათ. ანგარიშის გაზრდა აბუბაქარს შეეძლო, მაგრამ შევჩენკომ ბრწყინვალედ ითამაშა და ერთი-ერთზე გასულ კამერუნელ ფორვარდს არ გაატანინა.

აბუბაქარმა რამდენიმე წუთში მაინც შეძლო ანგარიშის გაზრდა და ეს ისევ დილას მცველების უხეირო თამაშის ხარჯზე მოახერხა. საჯარიმოს მისადგომებიდან ბელგრადელთა ნახევარმცველმა აბუბაქარ უმარუს გადააწოდა, კამერუნელმა კი დილას მცველები სისწრაფეში დაჯაბნა და შევჩენკოს შანსი არ დაუტოვა.

მეორე გოლის შემდეგ დილას გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს შორის უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. აღმოსავლეთ ტრიბუნაზე მსხდომმა რამდენიმე გულშემატკივარმა დილას ფეხბურთელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მოედნიდან კი მარცვალაძისა და ნავალოვსკის საპასუხო რეაქციები მიიღეს. ფეხბურთელებმა ტრიბუნასთან მიირბინეს და იქიდან სცადეს გულშემატკივრებამდე ხმის მიწვდენა. მარცვალაძისა და ნავალოვსკის დასამშვიდებლად მოდებაძემ მიირბინა და მომენტიც განიმუხტა. პოლონელმა არბიტრმა მარცვალაძესაც და ნავალოვსკისაც ყვითელი ბარათი ამოუღო.

ამ მომენტის შემდეგ დილას შეტევაში აქტიურობა აშკარად გაუჭირდა. სოსიაშვილმა მესამე ცვლილებაც გამოიყენა და მარცვალაძის ნაცვლად თამაშში გიორგი ერისთავი ჩართო. ერისთავი შეტევაში აქტიურად ამოქმედდა და ერთი-ორჯერ კარგადაც ითამაშა, თუმცა მასსავით აქტიურად შეტევაში დილას დანარჩენი ფეხბურთელები ვეღარ ერთვებოდნენ. 85-ე წუთზე ერისთავმა საჯარიმო დარტყმით სცადა გატანა და ცოტა დააკლდა, ბურთი ჟივკოვიჩის კარის ძელს მოხვდა. მსაჯმა თამაშს სამი წუთი დაამატა, თუმცა  ერისთავის მომენტის შემდეგ მოედანზე საინტერესო აღარაფერი მომხდარა.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე უჩა სოსიაშვილი იმედგაცრუებული იყო, თუმცა საკუთარი გუნდის თამაში მაინც დადებითად შეაფასა და თქვა, რომ მომავალში დილა აუცილებლად იბრძოლებს ევროტურნირებზე წარმატებული თამაშისთვის. მანამდე კი დილას მწვრთნელმა საქართველოს ჩემპიონობა და თასის მოგება დაგეგმა. სტუმართა გუნდის მწვრთნელი ზორან მილინკოვიჩი შედეგით კმაყოფილი იყო და აღნიშნა, რომ პარტიზანი დილაზე ძლიერი გუნდია.

ზორან მილინკოვიჩი: ბევრი მიზეზის გათვალისწინებით, გორში რთულ მატჩს ველოდით და ეს მოლოდინი გამართლდა. ძალიან ცხელოდა, გარდა ამისა, თქვენი გუნდი მოტივირებული იყო და კარგად იბრძოდა, თუმცა ვფიქრობ, რომ კლასით პარტიზანი დილაზე უკეთესი გუნდია და შემდეგ ეტაპზე დამსახურებულად გავედით.

გორის თამაში ბელგრადში მომეწონა, რადგან თქვენმა გუნდმა კომპაქტურად ითამაშა და საქართველოში ადვილი თამაში რომ არ გვექნებოდა, ვიცოდით.

რა შანსი აქვს თქვენს გუნდს სტიაუასთან?

სტიაუა დიდი კლუბია, რომელსაც დიდი ისტორია აქვს. მაგრამ იმედი მაქვს, ორი მატჩის ჯამში  უკეთესი პარტიზანი იქნება. 

უჩა სოსიაშვილი : მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა ფეხბურთელს, რა დონეზეც ვიყავით მომზადებული, იქედან გამომდინარე მაქსიმუმი ვაჩვენეთ.  პირველი თამაში წავაგეთ და, შესაბამისად, დღეს სხვანაირად უნდა გვეთამაშა, ასეც მოხდა და შეტევაზე გავაკეთეთ აქცენტი. შეტევაში თამაში მეტ-ნაკლებად გამოგვდიოდა, გვალიას და მოდებაძეს გასატანად კარგი შანსები ჰქონდათ, თუმცა მომენტები ვერ გამოვიყენეთ. გოლი ცუდ სიტუაციაში გავუშვით, ამის შემდეგ შეტევა გავაძლიერე, ორი თავდამსხმელიც დავამატე, მაგრამ კონტრშეტევაზე მეორე გოლიც მივიღეთ. ამის შემდეგ ჩემი ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად გატყდნენ, თუმცა ბოლო წუთებამდე ცდილობდნენ გოლის გატანას.

იყო თუ არა თქვენი შეცვლები გამართლებული?

როცა ვაგებდით, ვა-ბანკზე წავედით და ორი თავდამსხმელი დავამატეთ. სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან კვირკვიამაც და მაშუკოვმაც კარგად ითამაშეს. რამდენიმე ეპიზოდში თამაშს გაამწვავეს, ამიტომ ცვლილებებით კმაყოფილი ვარ.

ხომ არ შეიძლებოდა ერისთავის უფრო ადრე გამოყვანა?

ძარია და გვალია ძალიან დაიღალნენ, გარდა ამისა, ნავალოვსკის პრობლემები შეექმნა გულშემატკივრებთან. ისინი ფსიქოლოგიურად ცუდ მდგომარეობაში იყვნენ. ერისთავი რომ შემეყვანა ნახევარდაცვის ცენტრში პრობლემები შეგვექმნებოდა, ამიტომ შევიკავე თავი.

ახალწვეულების თამაშით კმაყოფილი ხართ? დარჩებიან თუ არა ისინი კლუბში?

მათ ერთწლიანი კონტრაქტები აქვთ გუნდთან და ისინი კარიერას დილაში გააგრძელებენ. მათი თამაშით კმაყოფილი ვარ, თუმცა ყველა მათგანს მეტი პოტენციალი აქვს. ჩვენი გუნდი მომავალ სეზონშიც თასის მოგებისა და ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ კომენტარი ვთხოვეთ დილას თავდამსხმელს, ირაკლი მოდებაძეს: „პარტიზანი კლასით აშკარად უკეთესი გუნდია. მაქსიმუმი იყო, რაც დღეს დილამ აჩვენა. ფეხბურთელებმა არაფერი დავაკელით, ვცდილობდით, უკეთესად გვეთამაშა. მინდა, სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო.

ოთო მუმლაძე