სიახლეები

სუპერთასული მოგონებები: ჰაჯიდან დღემდე

გაუზიარე

საქართველოში გამართული საუკეთესო მატჩები რაც მახსენდება, თითქმის ყველა ნაკრებთანაა დაკავშირებული და ორ-სამ საკლუბო თამაშსაც გავიხსენებდი (ლივერპულს ვერ მოვესწარი...), თუმცა სუპერთასის რანგის მატჩი აქ არ ჩატარებულა. 

არა, რაც ფეხბურთს ვუყურებ, სუპერთასის ბევრი მატჩი კი მინახავს, მაგრამ ბევრიც გამიცდენია. ცალკე საუბრის თემაა, თუ რატომ არ ჩატარდა ლივერპული-დინამო 1981-ში, თუმცა ჩემზე ბევრად სტაჟიანი ქომაგებისგნ მსმენია, რაც მოხდა და მიზეზი ცალსახა იყო: ინგლისელებმა იუარეს თამაში. სტაჟიანები სუპერთასის გაგონებისას მაშინვე გაიხსენებენ, თუ რა დღე დააწია ოლეგ ბლოხინმა და კიევის დინამომ მიუნხენის ბაიერნს. გოლი ვიდეოზე რომ ვნახე, მერე რაღა გამაკვირვებდა, რომ ბლოხინმა იმ წელს ოქროს ბურთი მოიგო. 

პირველი სუპერთასი სწორედ კიევის დინამოს მონაწილეობით ვნახე, ოღონდ წაგებული. მახსოვს, მაგრად ვქომაგობდი კიეველებს, მაგრამ გეორგე ჰაჯიმ საჯარიმო გაუტანა და წააგეს. ჰაჯი _ გვარი დამამახსოვრდა, ოღონდ დამამახსოვრდა არა მხოლოდ გვარის გამო. დაგლიჯაო, რომ იტყვიან, ისე ითამაშა. მაშინ პატარა იყო, ჯერ არ ჰაჯობდა, უფრო სწორად, ჯერ არ იყო `კარპატელი მარადონა~.  

ეს პანტიანის პერიოდში იყო, ოღონდ მაშინ პანტიანში წასვლა არ დასჭირვებია ხალხს: რადგან საბჭოთა გუნდი თამაშობდა, საბჭოელებმა აჩვენეს. 

90-იანებში უშუქობის გამო სუპერთასები გაგვეპარებოდა ხოლმე, თუმცა ზოგიერთი ვნახე და დამამახსოვრდა, მილანმა არსენალს რომ მოუგო 1994-ში, ზვონიმირ ბობანს მთელი ლონდონური დაცვა კისერზე ეკიდა და მაინც გაიტანა. კიდევ, რამდენიმე წლის მერე იუვენტუსმა პარიზში პსჟ 6:1 გაანადგურა. მარჩელო ლიპის იუვე ანაკონდასავით მახრჩობელა გუნდი იყო, ყველას და ყველაფერს ერეოდა. განა პსჟ ცუდი იყო? რას ამბობთ, ლამა, ლოკო, რაი და ლეონარდო ჰყავდა. მაგრამ აქეთ ზიდანი და დელ პიერო იყვნენ. 

კიდევ, ძოლას ჩელსიმ მოუგო რეალს. ძოლას არ გაუტანია, მაგრამ პოიეტს გაატანინა. მერე, 2000-იანებიდან დაწყებული, უკვე ბევრი მახსოვს. მაგალითად, ვალენსიამ პორტუს აჯობა და იმ თამაშიდან კვარეჟმას გოლი უფრო მახსოვს, თავის სტილში, გარე ტერფით შორიდან შეასრიალა კარში. 

ახლა რომ გავიხსენო სუპერთასის საუკეთესო თამაში, უცებ დავასახელებ ლივერპული-ბაიერნს. აი, თამაში ის იყო თუ იყო, ოუენმა და ჰესკიმ საშინელ დღეში ჩააგდეს გერმანელები, 3:0 წაიყვანეს და მერე გაუშვეს ორი გოლი. 

ან როგორი დასავიწყებელია, რაც ატლეტიკომ ჩელსის დამართა. უფრო სწორად, რადამელ ფალკაომ. გიჟურად ითამაშა და სამი გოლი გაუტანა ჩეხს, აქედან ორი კი ისეთი იყო, დახატულივით. 

მოკლედ, ჰაჯიდან დავიწყე, ახლა კი ერთს ვისურვებდი: სტადიონზე შევიდე, ყველაფერი კარგად ჩატარდეს, სევილიამ წვივებში ფეხების ჩარტყმებს და ავტობუსის დაყენებას თავი დაანებოს, არ ჩაამწაროს სანახაობა, მესიმ კი იფრინოს... 

ილია ნანობაშვილი