სიახლეები

დავით ქანთარია: თითქმის ყველაფერი მოგვარებულია

გაუზიარე

სუპერთასის მატჩის ორგანიზების საქმეში ერთ-ერთი საკვანძო როლი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამეურნეო დეპარტამენტის უფროსს დავით ქანთარიას აკისრია. ის სუპერთასის მატჩის ტრანსპორტის, კვებისა და ღონისძიების მიმნიშნებლების კოორდინატორია. 11 აგვისტოს მოახლოებასთან ერთად დავით ქანთარიას საქმე დღითიდღე მატულობს, თუმცა სანერვიულოც არაფერია _ თითქმის ყველაფერი დაზუსტებული და მოგვარებულია... 

ყველა იმ მიმართულებაზე მუშაობა, რაზეც პასუხისმგებელი ვარ, ფაქტობრივად დამთავრებულია. უეფა დავაკავშირეთ იმ ქართულ კომპანიებს, რომლებიც ტრანსპორტირებას, კვებასა და მიმნიშნებლების სტადიონზე გამართვას უზრუნველჰყოფენ _ გვითხრა დავით ქანთარიამ, _ ყველამ კარგად იცის თავისი საქმე და დარწმუნებული ვარ, პრობლემებს არ შეგვიქმნიან. 

დავიწყოთ აეროპორტით, ტრასპორტირების საკითხი ხომ სწორედ იქიდან იწყება... 

დიახ, ტრანსპორტირება, ბუნებრივია, სწორედ აეროპორტიდან იწყება. აეროპორტიდან ტრანსპორტირებით უნდა ვუზრუნველვყოთ გუნდები, უეფას ოფიციალური პირები, საპატიო სტუმრები, მატჩზე აკრედიტირებული მედია და ბარსელონასა და სევილიას ქომაგების ის ორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც თბილისში ჩარტერული რეისებით ჩამოფრინდებიან. 

გუნდებს ავტობუსის გარდა, რა სახის ტრანსპორტს დაახვედრებთ?

საინტერესო დეტალს გეტყვით: ბარსელონას თბილისში შესაძლოა, თავისი საკლუბო ავტობუსი დახვდეს. ყოველ შემთხვევაში, ავტობუსის თაობაზე ბარსელონას ჯერ საბოლოო პასუხი არ უთქვამს. თუ თავისი ავტობუსის ჩამოყვანა გადაწყვიტეს, მაშინ, ცხადია, ჩვენ ტრანსპორტს აღარ გამოვუყოფთ. მაგალითად, ბარსელონას და იუვენტუსს ამას წინათ, ბერლინში, ჩემპიონთა ლიგის ფინალის დროს, სწორედ თავიანთი ავტობუსები ემსახურებოდათ. ავტობუსის გარდა, ბარსელონას და სევილიას, უნდა დავახვედროთ თითო სატვირთო ავტომანქანა(სპორტული ეკიპირების სრული კომპლექტებისთვის), ვიპ-პერსონებისთვის განკუთვნილი მანქანები და მინივენები. ცხადია, ესკორტის თავში და ბოლოში საპატრულო მანქანები იქნებიან და სტუმართა გუნდებისთვის მთელი გზა გაწმენდილი იქნება. უსაფრთხოების საკითხები ბოლო, ყველა წვრილმან დეტალამდე ათასჯერ გვაქვს გავლილი.

უეფას ოფიციალურ პირებსა და საპატიო სტუმრებს რა მანქანებით დახვდებით?

სუპერთასის მატჩის ერთ-ერთი სპონსორი კომპანია ნისანი გახლავთ. სწორედ ნისანი ჩამოიყვანს თბილისში 50 მსუბუქ ავტომობილს და სტუმრებსაც ამით მოვემსახურებით. უფრო სწორად სტუმრებს ნისანის ავტომობილებით ქართული კომპანია ვესტ-გრუპი მოემსახურება. მეორე ქართული კომპანია თბილისი ტბს კი სუპერთასის მატჩის სხვა სტუმრებს ავტობუსებსა და მინივენებს დაახვედრებს. სულ 12 ავტობუსი და 4 მინი-ვენი იქნება ამ კატეგორიის სტუმრებისთვის განკუთვნილი. ოფიციალურ მიღებაზე და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახელით გამართულ სადილზე სტუმრები სწორედ ავტობუსებით და მინივენებით ისარგებლებენ, სხვა შემთხვევებში კი მსუბუქი ავტომობილებით.   

ქომაგების დახვედრა-დაბინავების საქმე როგორა იქნება?

ქომაგებს ბარსელონამ და სევილიამ დაუქირავეს ტუროპერატორები და აეროპორტიდან სტადიონამდე და უკან, მათ ტრანსპორტირებას სწორედ ეს ტუროპერატორები მიხედავენ...

აეროპორტიდან სტადიონამდეო...სასტუმრო გამოგრჩათ...

არა, არ გამომრჩენია. ის ქომაგები, რომლებიც კლუბებს ჩარტერული რეისებით ჩამოჰყავთ, მატჩის დღეს ჩამოდიან და მათ სასტუმრო არ დასჭირდებათ. ქომაგები სტადიონზე ტუროპერატორების ავტობუსებით მივლენ და მოხალისეების დახმარებით ნახავენ მათთვის განკუთვნილ ადგილებს. შემდეგ უკვე, ქომაგებს თბილისის მერიის გამოყოფილი შატლბასები მოემსახურებათ. სტადიონიდან ისინი ეგრეთ წოდებული ყვითელი ავტობუსებით თავიანთვის განკუთვნილ ლოკაციის (ფანზონებში) ადგილებზე გადაინაცვლებენ, ქალაქში გაისეირნებენ, მატჩის დაწყებამდე 2-3 საათით ადრე კი იმავე ყვითელი შატლბასებით ისევ სტადიონს მიაშურებენ. ნამატჩევს მათ უკვე ისევ ტუროპერატორების ავტობუსები დახვდებათ და აეროპორტში წაიყვანთ. ბარსელონას ქომაგები დინამო-არენამდე წერეთლის გამზირით მივლენ, ხოლო სევილიელები თამარ მეფის გამზირიდან. ქომაგთა ორგანიზებულ ჯგუფებს 30 მოხალისე მოემსახურება. 

თბილისში ბევრი ქომაგი თავისი სვლითაც ჩამოვა. ტრანსპორტი ხომ მათაც დასჭირდებათ...

თბილისის მერიას სუპერთასის სამასპინძლოდ სულ 60-მდე შატლბასი ჰყავს გამოყოფილი. 

კვებაზე გადავიდეთ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახელით ოფიციალური სადილი სად გაიმართება?

ფუნიკულიორზე, მატჩის წინა დღეს. სტუმრები ფუნიკულიორზე ტრამვაით ავლენ, პროტოკოლის თანახმად, მიღება 19.15 საათზე დაიწყება. 

სტუმრებს ქართული სამზარეულოთი უმასპინძლებთ?

უეფას ოფიციალურ დელეგაციასა და საპატიო სტუმრებს საგანგებოდ შერჩეული ქართულ-ევროპული სამზარეულოთი გავუმასპინძლდებით. უეფას საორგანიზაციო ჯგუფმა უკვე დააგემოვნა კერძები და მენიუზეც შევჯერდით. სხვათა შორის, უეფას საორგანიზაციო ჯგუფს ასევე მატჩის წინა დღით კვებით დინამო-არენასთან მდებარე რესტორანი თავადური უზრუნველჰყოფს, იგივე რესტორანი, ოღონდ მატჩის დღეს - აკრედიტირებულ მედიას გაუმასპინძლდება. 

11 აგვისტოს, ანუ უშუალოდ მატჩის დღეს, საორგანიზაციო ჯგუფს რესტორნისთვის არ ეცლება და ამიტომაც მათ ლანჩ-პაკეტებს უკვე კაფე-რესტორანი პომოდორისიმო გაუმზადებს. კვებით იქნებიან უზრუნველყოფილნი ასევე მოხალისეები, თუმცა ამ საკითხზე მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება და დეტალები მალე დაზუსტდება. 

დინამო-არენაზე ვიპ-სტუმრებს როგორღა უმასპინძლებთ?

ეს სასტუმრო რუმსის საქმეა. სტადიონზე ვიპ-სტუმრების კვებაზე უკვე რუმსი იზრუნებს, უეფამ სამზარეულო სწორედ ამ სასტუმროს შეუკვეთა. ისევე როგორც ფუნიკულიორზე, თავადურში და დინამო-არენაზეც სუფრა ქართულ-ევროპული კერძებით იქნება გაჯერებული. 

იქნებ განმარტოთ, ტერმინი - ,,ღონისძიების მიმნიშნებლები” რას ნიშნავს?

ღონისძიების მინიშნება უეფას ენაზე სტადიონის გაფორმებას, თავისი ივენთის, ჩვენს შემთხვევაში - სუპერთასი-2015-ის სათანადო დიზაინით, ლოგოებით, აბრა-წარწერებითა და ატრიბუტიკით შეფუთვას ნიშნავს. მიმნიშნებლები კი, ბუნებრივია ის ხალხია, ვინც ამ საქმეს უზრუნველჰყოფს. ყველა საჭირო მასალას უეფა ჰოლანდიიდან ჩამოიტანს და სტადიონი ისე შეიცვლება, გარწმუნებთ, ვეღარ იცნობთ. სუპერთასის დღეს დინამო-არენა არაჩვეულებრივად მიმზიდველი იქნება. ამ საქმისთვის დამხმარე ერთ-ერთი ქართული სარეკლამო კომპანია უეფას უკვე შეგულებული ჰყავს და საჭიროების შემთხვევაში, სტადიონის ფასადის კეთილმოწყობაში ისინიც ჩაერთვებიან.

ერთიც, პარკირებაზეც გვითხარით... თბილისში უქმე დღეებში ჭირს მანქანის გაჩერება და დიდი სტუმრიანობისას ეს საკითხი როგორ მოგვარდება?

უკვე მოგვარებულია, პარკირების სისტემა შესაბამისი სამსახურების მიერ უკვე დამტკიცებულია. ყველა საშვზე, რომელიც გაიცემა, დატანილი იქნება დანიშნულების ადგილზე მოსახვედრი სქემა. საშვზე დეტალურად იქნება დახაზული ის მარშუტი, რომლითაც ტრანსპორტი დანიშნულების ადგილას უნდა მივიდეს. 

კობა ინასარიძე