სიახლეები

სუპერთასი - 25 აგვისტოს, მიხეილ მესხზე

გაუზიარე

საქართველოს სუპერთასს უკვე დიდი ხნის ისტორია აქვს, თუმცა ჩვენთან ეს ტიტული უმეტესად არატრადიციულ დროს, ზამთარში თამაშდება ხოლმე. არადა, თითქმის ყველგან სუპერთასის მატჩით სეზონი იხსნება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტმა 2015-16 წლების სეზონში სწორედ ამგვარად გადაწყვიტა – საქართველოს ჩემპიონი გორის დილა და თასის მფლობელი დინამო თბილისი ერთმანეთს აგვისტოში უნდა შეხვდნენ.

ამის ხელისშემშლელი ერთადერთი ფაქტორი შეიძლებოდა, ქართული კლუბების ევროსარბიელზე გამოსვლა ყოფილიყო, მაგრამ რაკი ევროპის ლიგის პირველივე ეტაპიდან სამი ქართული კლუბი გავარდა და გუშინ მათ გზას დილაც გაუდგა, სუპერთასის აგვისტოში გამართვას ხელს ვეღარაფერი შეუშლის.

თავდაპირველად დილა-დინამოს მატჩის თარიღად 7 აგვისტო განიხილებოდა, მაგრამ საბოლოოდ, ჩვენი ინფორმაციით, შეხვედრა 25 აგვისტოს უნდა გაიმართოს. ამ დროისთვის საქართველოს ჩემპიონატი უკვე გახურებული იქნება და, შესაბამისად, სუპერთასის მატჩით ქართული სეზონი ვეღარ გაიხსნება, მაგრამ ზამთარში თამაშს მაინც ეს თარიღი უნდა სჯობდეს.

მატჩი ვაკეში, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გაიმართება.

ლევან ჯანეზაშვილი