სიახლეები

დნიპრომ სანდრო კობახიძე დაიბრუნა

გაუზიარე

როგორც უკრაინული საიტები წერენ და სხვა სანდო წყაროდანაც შევიტყვეთ, სანდრო კობახიძე დნეპროპეტროვსკის დნიპროში დაბრუნდა. როგორც იცით, 28 წლის ქართველი შემტევი ლუცკის ვოლინში იყო განათხოვრებული, მაგრამ დრო მოვიდა და დნიპროს დასჭირდა. თუ რატომ, ძნელი მისახვედრი არაა: ევგენი კონოპლიანკა ესპანურ სევილიაში გაყიდეს, მის სანაცვლოდ კი მარცხენაფლანგელი შემტევი არ აუყვანიათ. 

კობახიძე გასულ სეზონშიც ვოლინში იყო და 24 მატჩში 6 გოლი გაიტანა, ახლა კი ერთი ტურია გასული უკრაინულ პრემიერლიგაში და სანდრომ პირველივე თამაშში გაიტანა პოლტავის ვორსკლასთან. 

რა თქმა უნდა, კობახიძეს დნიპროში გარანტირებული ძირითადი თერთმეტეული არ ელოდება და კონკურენციის დაძლევა მოუწევს, თუმცა ადრინდელთან შედარებით, ახლა მეტი შანსი აქვს თამაშისა. 

ასე რომ, ჯაბა კანკავა და კობახიძე კვლავ თანაგუნდელები იქნებიან. ერთი პერიოდი, დნიპროში მათთან ერთად იყო უჩა ლობჟანიძეც, თუმცა ის შარშან კვიპროსულ ომონიაში გაყიდეს. ქართული სამეულიდან სათამაშო პრაქტიკა მხოლოდ კანკავას ჰქონდა.     

ილია ნანობაშვილი