სიახლეები

ქალთა U19 ევროპის შესარჩევისთვის მზადებას შეუდგა

ქალთა ფეხბურთი
გაუზიარე

ზუგდიდში, „ბაიას“ საწვრთნელ ბაზაზე ქალთა U19-ის ნაკრები მეორე დღეა შეკრებას გადის.  ქართველ ცხრამეტწლამდელებს 15–20 სექტემბრის ჩათვლით, საბერძნეთში ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში მოუწევთ ასპარეზობა. ჩვენი გოგონების მეტოქეები შვეიცარიის, ისლანდიისა და მასპინძელი საბერძნეთის გუნდები არიან.

ასაკობრივი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გერონტი ნაჭყებიამ შეკრებაზე 24 ფეხბურთელი, საქართველოს თითქმის ყვეელა რეგიონიდან გამოიძახა. ზუგდიდის შეკრებაზე გამოძახებულთა შორის კიდევ ერთი ასაკობრივი ნაკრების U17-ის და სულ ცოტა ხნის წინ დასრულებული სკოლბურთის დროს შერჩეული ახალწვეულებიც არიან.

გოგონათა U19-ის შეკრებას თვალს ადევნებს საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვერთნელი თამაზ კოსტავა.

19 წლამდელების ევროპის ჩემპიონატი სამ ეტაპად ტარდება: შესარჩევი, ელიტრაუნდი და ფინალური ეტაპი. საკვალიფიკაციო (შესარჩევი) ეტაპიდან ელიტრაუნდში 11 ჯგუფურ ტურნირში გამარჯვებული 11 გუნდი და 10 საუკეთესო მეორე ადგილოსანი გავა, რომლებსაც რეიტინგების სამი ლიდერი გერმანია, ინგლისი და საფრანგეთი დაემატებიან.

ელიტრაუნდი 2016 წლის აპრილში გაიმართება სადაც ექვსი, 4–4 გუნდიანი ჯგუფიდან გამოავლენს საუკეთესოებს, რომლებიც უკვე ფინალურ ეტაპზე ისაპარეზებენ. ფინალში ელიტრაუნდის 6 საუკეთესოს კიდევ ერთი, ელიტრაუნდში საუკეთესო მეორე ადგილზე გასული გუნდი და ერთიც U19-ის მასპინძელი ქვეყნის ნაკრები დაემატება. ქალთა შორის U19-ის ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი სლოვაკეთში ჩატარდება.

ისევე, როგორც მამაკაცთა შორის  ქალებშიც გერმანული ფეხბურთი დომინანტია ევროპაში, განურჩევლად ასაკობრივი ჯგუფებისა. ქალთა შორის უეფას U19–ის ევროპის სარბიელზე, რომელიც სათავეს ოფიციალურად 2002 წლიდან იღებს გერმანელები   4–ჯერ (2002, 2006, 2007, 2011) გახდნენ ჩემპიონები. ამ ასაკობრივ ჯგუფში ევროპის ჩემპიონის ტუტული 3–ჯერ (2003, 2010, 2013) საფრანგეთის ნაკრებს აქვს მოგებული. თუმცა, რამდენიმე დღეში ეს ბალანსი შესაძლოა შეიცვალოს. თუკი ისრაელში მიმდინარე ქალთა შორის U19 ევროპის ჩემპიონატზე ფრანგები წარმატებას მიაღწევენ.

 

სფფ–ის პრესსამსახური