სიახლეები

ქართველი ქალები ლა სპეციაში ითამაშებენ

ქალთა ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები „ევრო 2017“–ის პირველ ოფიციალურ შეხვედრას 18 სექტემბერს იტალიის ქალაქ ლა სპეციაში, „ალბერტო პიკოს“ სტადიონზე გამართავს. ამის შესახებ იტალიურმა მხარემ ოფიციალური განცხადება სკუადრას ვებ–გვერდზე გაავრცელა.

ლა სპეცია არის ჩრდილოეთ იტალიის საპორტო ქალაქი, რომელიც ლიგურიის პროვინციაში მდებარეობს. დასახლება, საუკუნეების მანძილზე იტალიის საზღვაო ფლოტის ერთ–ერთი საყრდენი პორტი იყო. ქალაქი გამორჩეულია თავისი არქიტექტურითაც, რომლის ათვლა XIII საუკუნიდან იწყება. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ იტალიური ქალაქის დამოკიდებულება ფეხბურთისადმი, რომელიც 1906 წელს დაფუძნებულ ადგილობრივ საფეხბურთო კლუბს უკავშირდება.

„ალბერტო პიკოს“ სტადიონი, რომელზეც ქართველ გოგონებს ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპებზე თავისი პირველი ოფიციალური შეხვედრის გამართვა მოუწევთ, 1919 წელს არის აშენებული. ამჟამად, სტადიონი 10336 გულშემატკივარს იტევს.

ლა სპეციაში იტალიისა და საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ევრო 2017–ზე ორივე გუნდისთვის სასტარტო იქნება. საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებელ პერიოდში ლეგენდარული იტალიელის ანტონიო კაბრინის გაწვრთნილმა სკუადრამ, მაისში, იაპონიაში ორი საწვრთნელი შეხვედრა გამართა. ერთში, დამარცხდა იმ დროს ჯერ კიდევ მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან, ხოლო მეორე ფრედ ითამაშა.

ამ ეტაპისთვის ორი საწვრთნელი თამაში აქვს ჩატარებული საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებსაც, რომელსაც სახელოვანი ქართველი ფეხბურთელი თამაზ კოსტავა წვრთნის. ჩვენი მომავალი მეტოქეებისგან განსხვავებით ქალი ჯვაროსნები მაისში აზერბაიჯანში იმყოფებოდნენ შეკრებაზე, რომლის დროსაც ერთი შეხვედრა მინიმალური ანგარიშით მოიგეს – 1:0, ხოლო მეორე 1:1 ითამაშეს. ქართველთაგან ორივე გოლი ლელუ ჭიჭინაძემ გაიტანა.

 

სფფ–ს პრესსამსახური