სიახლეები

დიდი ფეხბურთის სურნელი და დიდი გამოწვევა დედაქალაქისთვის

გაუზიარე

კატალონიისა და ანდალუზიის რჩეული ბიჭები 11 აგვისტოს ურთიერთობას შორეულ, ბევრი მათგანისთვის სრულიად უცხო საქართველოში გაარკვევენ, ესპანეთიდან ჩამოსული ათასობით ქომაგი კი მატჩისწინა დღეებში თბილისისთვის უჩვეულო, ჯერ არნახულ გარემოს შექმნის. ბარსელონას ნახვა თბილისში ერთ რამედ ღირს. და მესი? ბევრის აზრით, ლეო უდიდესი ვარსკვლავია მათ შორის, ვისაც კი ოდესმე უბურთავია, ჰოდა, პატარა არგენტინელი თავის უბადლო უნარ-ჩვევებს სამიოდე კვირაში თბილისში გვიჩვენებს. ცხადია, ლეო მარტო არ იქნება და „დინამო-არენაზე“ არც მხოლოდ ნეიმარი და სუარესი ირბენენ მის გვერდით... 

აგვისტოში თბილისში დიდი ფეხბურთის სიო დაჰბერავს, ამ სიოს სურნელს მატჩამდე ორი-სამი დღით ადრე ვიგრძნობთ, როცა რუსთაველზე და აღმაშენებელზე, ვერასა და ვაკეში, შარდენზე და მთელ ძველ ქალაქში ბარსელონელი და სევილიელი ფანების სიჭრელე მოგვჭრის თვალს, მათი მხიარული ჟრიამული კი - ყურს. მატჩის დღეს საგანგებოდ მორთულ „დინამო-არენას“ მაყურებელი ვერ იცნობს, იმდენად მიმზიდველად და შთამბეჭდავად „შეიფუთება“ ქვეყნის მთავარი სპორტული სარბიელი. წინასამატჩო ზეიმის კულმინაცია ეროვნული მოტივებით გაზავებული სუპერთასის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი იქნება, რომელიც თვალს და გულს გაახარებს და მაყურებელს დიდი სპორტული ზეიმის თანამონაწილეობას შეაგრძნობინებს. 

წინასწარი გათვლებით, ორივე გუნდის ფანების ორგანიზებული ჯგუფები ჯამში 5-6 ათას კაცს მიაღწევს. მათ რიცხვში არ შედის ის რამდენიმე ათასი უცხოელი მაყურებელი, რომლებიც თბილისს ინდივიდუალურად ან მცირე ჯგუფებად ესტუმრება. ამას დავუმატოთ ახლო საზღვარგარეთიდან ჩამოსული გულშემატკივრები, ძირითადად - რუსეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და ყაზახეთიდან, რომელთა რიცხვიც, ასევე სულ მცირე, რამდენიმე ათასი იქნება. უეფა თავის სტუმრებიანად, სავარაუდოდ, ათი ათასამდე კაცს მოავლენს თბილისში, რომელთა შორის უმრავლესობა ვიპ-პერსონა იქნება. უეფას წევრი 54 ქვეყნიდან მატჩს დაესწრება რამდენიმე წარმომადგენელი თითოეული ეროვნული ფედერაციიდან. გარდა ამისა, ევროპული ფეხბურთის მმართველები თავადაც დიდი შემადგენლობით ჩამოვლენ და პარტნიორი, ანუ სპონსორი კომპანიების ხელმძღვანელებსაც მოიწვევენ. ნუ დაგვავიწყდება სხვა ოფიციალური პირები, რომლებიც თბილისს სამთავრობო დელეგაციების სახით ეწვევიან და ნათელი გახდება, რომ ეს მოვლენა, სუპერთასი 2015 იქნება ამ რანგის პირველი ღონისძიება, რომელიც ერთბაშად ამდენ საპატიო სტუმარს მოუყრის თავს. მოკლედ, თბილისში ჩამოსულ 30 ათასამდე დამსწრეთაგან რამდენიმე ათასი უთუოდ ვიპ-სტუმარი იქნება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არ იქნება ის ხალხი, ვისაც სამვარსკვლავიანი სასტუმროს ორადგილიან ნომერში შეასახლებ, მაღალი დონის, მინიმუმ ოთხვარსკვლავიანი სასტუმროებისა და ვიპ-ნომრების სიმრავლით კი, სამწუხაროდ, ჯერ თავს ვერ მოვიწონებთ. ნუ დაგვავიწყდება, რომ `შერატონ მეტეხი პალასში~ კვლავაც რემონტია და სტუმრებს ვერ მიიღებს, `თბილისი მარიოტი~ და `ჰოლიდეი ინი~ კი თითქმის მთლიანად მეტოქე გუნდების მიერ შეივსება. ამდენად, 11 აგვისტოს მატჩი ჩვენი ტურისტული სექტორის, კერძოდ, მაღალი კლასის სასტუმროებისთვის არნახულ შემოსავალთან ერთად (თუმცა, მოდი, შემოსავალზე მომდევნო დღეებში საგანგებოდ ვისაუბროთ) დიდი გამოწვევაც იქნება. ელემენტარული არითმეტიკაა – რამდენიმე ათასი ერთადგილიანი ნომერი. გარდა ამისა, მატჩის დღეები დიდი გამოწვევა იქნება ჩვენი ტრანსპორტისთვისაც, რადგან საკამათო როდია, დედაქალაქის ტაქსოპარკი მაღალი კლასის ავტომობილების სიჭარბით ვერ დაიკვეხნის, მოძველებული ოპელებითა და სამარშრუტო ტაქსებით კი, აღარაფერს ვამბობთ ,,ანტიკვარულ” ყვითელ ავტობუსებზე, საეჭვოა, სტუმრებმა დიდი ხალისით ისარგებლონ.

ამრიგად, აგვისტოში ყველას დიდი გამოცდა გველის და თუკი ვინმეს კითხვა აქვს ამ პრესტიჟული მატჩის სარგებლიანობის თაობაზე, აჯობებს, კიდევ ერთხელ კარგად გაიაზროს მისი მასშტაბები.

გია გომართელი