სიახლეები

უჩა სოსიაშვილი : პარტიზანთან შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ

გაუზიარე

დღეს გორში ისტორიული დღეა - ქალაქში პირველად ჩატარდება ევროთასების ოფიციალური შეხვედრა. გორელთა ხელმძღვანელობამ უეფას ლიცენზირების მოთხოვნები დააკმაყოფილა და, შესაბამისად, პირველად ისტორიაში, გორი უეფას ჩემპიონათა ლიგის  საკვალიფიკაციო მატჩს უმასპინძლებს. გუშინ კი, ბელგრადის პარტიზანთან საპასუხო მატჩის წინ გორის დილამ საკუთარ მოედანზე ივარჯიშა.

ვარჯიშამდე დილას ახალგაზრდა მწვრთნელმა, უჩა სოსიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა. მან საკუთარი გუნდის შანსები ზომიერად, თუმცა ოპტიმისტურად შეაფასა და თქვა, რომ პარტიზანს ადვილი თამაში არ ელის.

უჩა სოსიაშვილი: „ჩვენთვის მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ჩემპიონთა ლიგის მეორე სკავალიფიკაციო ეტაპის მატჩს საკუთარ მოედანზე ვატარებთ. ეს თითოეული გორელისთვის, დილას გუშემატკივრებისთვის ნამდვილად დიდი მოვლენაა, ამიტომ სრულ ანშლაგს ველით.

ბელგრადში დაცვიდან ვითამაშეთ, მაგრამ თამაში იგეგმება იქიდან გამომდინარე, თუ რა ძალის მეტოქეს ეთამაშები. ვფიქრობ, გუნდს შემტევ ფეხბურთზე გადაწყობა არ გაუჭირდება, რადგან თურქეთში გამართულ  ამხანაგურ მატჩებში პირველი ნომერი ვიყავით. გუნდში გვყავს კარგი პროფესიონალები, რომლებიც ნებისმიერ დავალებას გულმოდგინედ შეასრულებენ. ამიტომ ხვალ გოლის გასატანად ყველაფერს გავაკეთებთ.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ ერთი დღე დავისვენეთ, შემდეგ კი საგურამოში ვვარჯიშობდით.  მერე ეროვნული ნაკრების საწვრთნელ ცენტრ  „ბასაზე“ გადავინაცვლეთ და იქ ვემზადებოდით. გუნდში კარგი მდგომარეობაა, არ გვყავს ტრავმირებულები და დისკვალიფიცირებული ფალავანდიშვილის გარდა, ყველა სრულ მზადყოფნაშია.

ხვალინდელ მატჩში გუნდის შემადგენლობაში იქნება გადაადგილებები, რადგან გოლი გვაქვს გასატანი და ისეთივე სისტემით ვერ ვითამაშებთ, როგორითაც ბელგრადში. ვინაიდან ორიენტირებულები ვიქნებით შეტევაზე, დაგვჭირდება შემოქმედი ფეხბურთელები, ამიტომ ცვლილებები აუცილებლად იქნება.

დილამ პირველი გამარჯვება მაშინ მოიპოვა, როცა გადაწყდა, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფკაციო ეტაპის მატჩს სახლში ვუმასპინძლებდით. ამიტომ მინდა, კლუბის ხელმძღვანელებს მადლობა გადავუხადო ორგანიზებული და სწრაფი მუშაობისთვის. პლუსია, რომ პარტიზანს სწორედ გორში, საკუთარ კედლებში, მშობლიურ გარემოში დავუპირისპირდებით. არ არის იმის აუცილებლობა, რომ გულშემატკივარს თამაშზე მოსასვლელად ჩემი მოწოდება სჭირდებოდეს, რადგან დარწმუნებული ვარ, სტადიონი გაივსება და გორელები გულმხურვალედ გვიქომაგებენ.“

სოსიაშვილს პრესკონფერნციაზე დილას ახალწვეული, მეკარე ალექსეი შევჩენკო ახლდა.

ალექსეი შევჩენკო: „გორში პირველად ვარ, ამიტომ ქალაქის ნახვა ვერ მოვასწარი. რთული თამაში გველის, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შემდეგ ეტაპზე ვითამაშოთ და გულშემატკივარი გავახაროთ.“

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ დილას ფეხბურთელები მოედანზე გავიდნენ სავარჯიშოდ. როგორც ყოველთვის, მედიას 15 წუთი დაეთმო ვარჯიშზე დასაკვირვებლად. ეს დრო მსუბუქ ვარჯიშებს დაეთმო და, შესაბამისად, არ მოგვეცა საშუალება, დღევანდელი მატჩის წინ სავარაუდო შემადგენლობაზე შთაბეჭდილება შეგვქმნოდა. ჩვენი აზრით, დაცვის ხაზში გადაადგილებები არ იქნება, უჩა სოსიაშვილმაც თქვა, რომ მთავარი აქცენტი და ცვლილებები შეტევის ხაზზე მოვა.

დილასა და პარტიზანის მატჩს პოლონელი არბიტრები განსჯიან. მთავარ მსაჯს დანიელ სტეფანსკი დაეხმარებიან რაფაელ როსტკოვსკი და მარცინ ბონეკი. მეოთხე მსაჯი ბარტოშ ფრანკოვსკია.

დილასა და პარტიზანის შეხვედრა ჩვენი დროით 16:30-ზე დაიწყება და პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გეგმავს. მატჩზე დასასწრები ბილეთები 5 და 10 ლარი ეღირება. კლუბის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ ინტერესი დიდია და გუშინდელ საღამოს მხოლოდ 500-მდე ბილეთი იყო დარჩენილი.

კარგი თამაში და წარმატება ვუსურვოთ  გორელებს...

ოთო მუმლაძე