სიახლეები

მოთამაშე - მწვრთნელი დავით ბახტაძე მეთხუთმეტე გერმანული სეზონისთვის ემზადება

გაუზიარე

გერმანული კოლერბახის ჩვენიანი მოთამაშე - მწვრთნელი, 37 წლის დავით ბახტაძე მალე თავის კლუბში რიგით მე-15 სეზონს დაიწყებს. კოლერბახში, რომელიც საარის მიწის პირველობაზე თამაშობს, დავით ბახტაძემ კარიერა 2002 წელს დაიწყო, სამჯერ გახდა ობერლიგის საუკეთესო ბომბარდირი, 2012 წელს ნახევრადპროფესიული კოლერბახის ხელმძღვანელობამ ჩვენიანს დამსახურება დაუფასა და გუნდი ჩააბარა _ ახლა მწვრთნელიც ის არის და მთავარი მეგოლეც... მოკლედ, დავით ბახტაძე კოლერბახის სული და გულია და ახალ სეზონსაც ისეთი ამბიციური მიზნით იწყებს, როგორიც მის გუნდს აქამდე არ ჰქონია... მას ზაარბრიუკენში გუშინ გუშინ დავუკავშირდით და ისიც გავიგეთ, რომ ნელ-ნელა სამწვრთნელო პრო-ლიცენზიას უახლოვდება, თუმცა იქამდე თუ 20 გოლზე ნაკლები გაიტანა... დანარჩენს ქვემოთ წაიკითხავთ...

მოახლოებულ სეზონში ისევ მოთამაშე-მწვრთნელი ვიქნები და შევხედავ, მომავალ სეზონში თუ 20 გოლზე მეტი ვერ გავიტანე, ფეხბურთელის კარიერას დავასრულებ და ბოლომდე მწვრთნელის სკამზე გადავინაცვლებ _ გვითხრა დავით ბახტაძემ და განაგრძო, _ ყოფილა სეზონი როცა ობერლიგაში 34 გოლიც გამიტანია, რამდენჯერმე სეზონი 26, 24 გოლითაც დამისრულებია, ერთხელ ბომბარდირი 21 გოლითაც გავხდი.

გუნდთან ერთად მზადება შენც ძველებურად განაახლე?

რა თქმა უნდა. 29 ივნისს შევიკრიბეთ. წლეულს სულ ხუთკვირიანი მოსამზადებელი პერიოდი გვაქვს და ოთხი ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ და სამი მოვიგეთ. ბოლო მატჩი კვირას ვითამაშეთ და მეტოქე 2:0 დავამარცხეთ, რამდენიმე დღის წინ 2:3 დავმარცხდით, უფრო ადრე კი 4:2 და 5:0 მოვიგეთ.

გერმანიაში იმდენი საფეხბურთო ლიგაა, უკვე ძნელი გასაგებია, კონკრეტულად რომელ ლიგაში თამაშობს შენი გუნდი... 

საარლანდლიგაში, იგივე საარის მიწის უმაღლეს ლიგაში ვთამაშობთ. თუ გავიმარჯვებთ ობერლიგაში გადავალთ, ან იქნებ ისეც მოხდეს, რომ პირდაპირ რეგიონალლიგაში აღმოვჩნდეთ. გერმანიაში ეს სისტემა დაულაგებელია და თითქმის ყოველწლიურად იცლება, რის გამოც, ქვეყნის საფეხბურთო კავშირს ბევრი კრიტიკის მოსმენა უწევს. ისე, როგორი საქმეა, გერმანიაში ექვს მილიონამდე ფეხბურთელი და თითქმის ნახევარი მილიონი საფეხბურთო კლუბია რეგისტრირებული. რანგით დაბალ ლიგებში კი, ამ ყველაფრის ერთ ჩარჩოში მოქცევა, დამეთანხმებით, ძალიან რთულია. მაგალითად, წინა სეზონში რეგიონალლიგაში გამარჯვებულ გუნდს გადათამაშებაში მოგებაც დასჭირდა, რომ რანგით მაღალ ლიგაში გადასულიყო. არადა, ლიგას თუ მოიგებ, გადათამაშება რაღა საჭიროა?! სწორედ ასეთი სისტემის გამო, შარშან საფეხბურთო კავშირის მისამართით ბევრი კრიტიკული ითქვა. ასე რომ, ზუსტად ჯერაც ვერ გეტყვი, საარლანდლიგაში პირველობის შემთხვევაში ჩვენი გუნდი თამაშს რომელ ლიგაში გააგრძელებს.  

სეზონი როდის იწყება?

პირველი მატჩი 2 აგვისტოს გვაქვს. ვფიქრობ, მომავალი სეზონისთვის საკმაოდ კარგად დავკომპლექტიდით და მიზანიც შესაბამისი დავისახეთ _ ჩემპიონობა. გუნდის ძირითადი ბირთვი შევინარჩუნეთ, ხოლო იმ პოზიციებზე, სადაც გაძლიერება გვჭირდებოდა, კარგი ფეხბურთელები დავიმატეთ. მზადების პირველი სამი კვირის შემდეგ აშკარად ჩანს, რომ შარშანდელზე გაცილებით ძლიერი გუნდი უნდა გვყავდეს. გუნდს სულ სხვა, თუ შეიძლება ითქვას, უფრო მებრძოლი სახე აქვს და ამის საფუძველს, უკვე ჩატარებული ოთხი ამხანაგური მატჩი მაძლევს. დიდი იმედი მაქვს, რომ ახალ სეზონში ყველაფერი ისე აეწყობა, როგორც დავგეგმე. 

ადრე გვითხარი, რომ ა კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზიისთვის აპირებდი სწავლის დაწყებას...

დავიწყე კიდეც და ოქტომბერში, ალბათ, ავიღებ ა კატეგორიის ლიცენზიას, რის შემდეგაც გერმანიაში, პირველ და მეორე ბუნდესლიგის გარდა, ყველა დონეზე მექნება მუშაობის საშუალება. კიევის მწვრთნელთა სკოლაში ვსწავლობ. პირველი ორი ეტაპი წარმატებით დავხურე, სექტემბერში კიდევ ერთი ეტაპი იქნება, ხოლო ოქტომბერში ბოლო, საგამოცდო კვირაა დანიშნული, რასაც ვისწავლი ყველაფერი ოქტომბერში უნდა ჩავაბარო. სხვათა შორის, მწვრთნელთა სკოლაში ჩემს ჯგუფშია დიმიტრი აბაზაძე, რომელიც ადრე ზოოვეტსა და სხვადასხვა გუნდებში თამაშობდა. ერთ ჯგუფში არ ვართ, მაგრამ შახტარისა და ხორვატიის ნაკრების კაპიტანი დარიო სრნაც ჩემთან ერთად სწავლობს და რუსი ალექსეი ბახარევიც. "ა" ლიცენზიისთვის ახლა სულ 22 "სტუდენტი" ვსწავლობთ. 

“ა” ლიცენზიამდე “ბ” ლიცენზიაა, ეგ როდის აიღე?

2011 წელს. “ბ” ლიცენზია გერმანიაშივე ავიღე. 

პრო-კატეგორია როდისთვის უმიზნებ?

“ა” კატეგორიის აღების შემდეგ პრო-ლიცენზიისთვის მინიმუმ ერთი წელიწადი პრაქტიკული სამუშაო უნდა გიმაგრებდეს ზურგს. ოქტომბრის შემდეგ ერთ წელიწადში გადავწყვეტ სად და როდის შევეჭიდები პრო-ლიცენზიას, რაც უკვე ნებსმიერი რანგის კლუბის გაწვრთნის უფლებას მომცემს. 

კობა ინასარიძე