სიახლეები

პირველი ტური ცნობილია, სუპერთასი დილას ელოდება

გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 2015/2016 წლების სეზონი 14 აგვისტოს დაიწყება.

პირველ ტურში ერთმანეთს შეხვდებიან: 
დილა (გორი) - კოლხეთი (ფოთი)
დინამო (ბათუმი) – ზუგდიდი
ტორპედო (ქუთაისი) - მერანი (მარტვილი)
ცხინვალი - საბურთალო (თბილისი)
ჩიხურა (საჩხერე) - ლოკომოტივი (თბილისი)
დინამო (თბილისი) - საპოვნელა (თერჯოლა)
სამტრედია - შუქურა (ქობულეთი)
გურია (ლანჩხუთი) - სიონი (ბოლნისი)

ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ბოკერიას თქმით, კალენდრის სრული ვერსია მზადაა, უბრალოდ, მარტო თარიღებია დასაზუსტებელი და ამ დღეებშიც კალენდარი ოფიციალურად გამოქვეყნდება...

ვფიქრობ, რომ არსებითად არაფერი შეიცვლება. ვინ, რომელ ტურში შეხვდება ერთმანეთს, ეს დაზუსტებულია ანუ წყვილები ცნობილია, უბრალოდ, ახლა რაღაცებს ვაზუსტებთ.

მოკლედ, 27-ე ეროვნული ჩემპიონატი უმაღლეს ლიგაში 14 აგვისტოს დაიწყება...

შეიძლება ერთი თამაში 13-შიც დავნიშნოთ, ვნახოთ.

კალენდარში, ალბათ, გათვალისწინებული იქნება სანაკრებო დღეებიც...

რა თქმა უნდა და ამ დროს ჩემპიონატში ტურიდან ტურამდე პაუზა ერთკვირიანი იქნება. ცხადია, სანაკრებო პაუზა არ შეეხება ქვედა ლიგებს. როგორც უკვე გითხარით, ყველაფერი თითქმის გარკვეული გვაქვს, უბრალოდ, გორის დილასა და საბურთალოს ველოდებით. ვნახოთ, თუ დილა წარმატებით გაივლის პარტიზანის ბარიერს, ბუნებრივია, კალენდრის კორექტირება მოგვიწევს. ასეთივე შემთხვევა გვაქვს თბილისურ კლუბთან მიმართებაშიც - მოგეხსენებათ, საბურთალოს უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაში მოუწევს წელს თამაში - რომელ რიცხვებში, ცხადია, ვიცით, მაგრამ წილისყრას ველოდებით. ამის მერე კი უფრო ზუსტად გვეცოდინება ყველაფერი.

თამაშები, როგორც წესი შაბათ-კვირას გაიმართება თუ რამდენიმე დღეზე იქნება გადანაწილებული...

ვფიქრობთ, უფრო სამ დღეზე იქნება ანუ შესაძლოა, ტური პარასკევს დაიწყოს და უქმეებზე დამთავრდეს. ორშაბათამდე ნამდვილად არ გაიწელება. ვნახოთ, ტელევიზიებთანაც ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და გვსურს, მათაც შევუთანხმოთ.

დავით ყიფიანის საქართველოს თასის თარიღებიც მონიშნული გექნებათ...

ცხადია. ამ მხრივ გვაქვს სიახლეც - გვინდა, თასის გათამაშებაში მეორელიგელებმაც მიიღონ მონაწილეობა, რაც მათ მოტივაციას ძალიან გაზრდის, თუმცა ეს წლეულს არ მოხდება.

რატომ?

დამდეგ ჩემპიონატში, პირველ ლიგაში გეცოდინებათ, 18 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, მომავალში კი ის 16-გუნდიანი იქნება. ანუ, ამ სეზონის ბოლოს პირველი ლიგიდან 5 გუნდი გავარდება, მეორედან კი 3 დაწინაურდება. ჩვენც მომავალი წლიდან ვფიქრობთ, მეორელიგელები თასის გათამაშებაში ამ დროიდან ჩავრთოთ.

საქართველოს სუპერთასის მატჩი როდის ჩატარდება?

ჩვენი სურვილია, რომ სეზონი სწორედ ამ შეხვედრით გაიხსნას და შერჩეული გვაქვს კიდეც თარიღი - 7 აგვისტო, მაგრამ ზემოთაც გითხარით, გორის დილაზე ვართ დამოკიდებულნი. თუ დილა ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა, მაშინ თბილისის დინამოსთან სუპერთასის მატჩი მოგვიანებით გაიმართება.

ვიცით, რომ გარკევული ცვლილებებიც შეიტანეთ დებულებაში...

დიახ, ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის ტექნიკური განყოფილების ინიციატივით, ამიერიდან უმაღლესი ლიგის გუნდი ვალდებულია, ყოველ მატჩში ძირითად შემადგენლობაში ათამაშოს ორი 21-წლამდე ასაკის ფეხბურთელი. თვის ბოლომდე ჩემპიონატის დებულება საბოლოო სახეს მიიღებს და გუნდებსაც მისი განახლებული ვარიანტი დაურიგდებათ.

მოკლედ, კალენდრის საბოლოო, სრულ ვერსიას მალე უნდა ველოდოთ...

კი, 3-4 დღეში ყველაფერზე საბოლოოდ შევჯერდებით.

გიორგი ვაშაკიძე