სიახლეები

რევაზ ჩელებაძე: ქობულეთი პატარა ანთალიად უნდა გადავაქციოთ

გაუზიარე

ქობულეთის შუქურა უმაღლეს ლიგას ოცწლიანი პაუზის შემდეგ შარშან დაუბრუნდა. ჩემპიონატი აჭარულმა კლუბმა მეშვიდე ადგილზე დაასრულა, რაც გუნდისთვის, რომელიც უძლიერესთა შორის მხოლოდ მეორე სეზონს ატარებდა, ცალსახად დადებითი შედეგი იყო.

ახალ სეზონში კი შუქურას მეშვიდე საფეხური აღარ დააკმაყოფილებს. კლუბის სპორტულ დირექტორად ცნობილი მენეჯერი მამუკა ჯუღელი დაინიშნა, რომელმაც შუქურაში, ჩვენი საზომით, არაერთი ძლიერი ფეხბურთელი მიიყვანა. 

„შუქურას მიზანი საუკეთესო სამეულში მოხვედრაა“, - გვითხრა კლუბის პრეზიდენტმა რევაზ ჩელებაძემ. დრო გვიჩვენებს, შეძლებენ თუ არა ქობულეთელები ამ ამოცანის განხორციელებას, საამისო შანსი და პოტენციალი კი აშკარად აქვთ. 

რევაზ ჩელებაძეს ქობულეთში, მისივე სახელობის სტადიონზე შევხვდით და ვფიქრობთ, საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. იგი შუქურას საკონტროლო მატჩს რუსულად მოსაუბრე მამაკაცთან ერთად ადევნებდა თვალს და თავდაპირველად, მისი ვინაობის შესახებ გამოვკითხეთ.

ეს გახლავთ ალექსანდრ აკიმეცი, უკრაინელი ბიზნესმენი, რომელიც ჩემი დიდი ხნის მეგობარია. მაშინ, როცა შუქურა ფინანსური სიძნელეების წინაშე იდგა, ქვედა ლიგებში თამაშობდა და თავი ძლივს გაჰქონდა, ყოველთვიურად 25 ათასი ლარის ექვივალენტით გვეხმარეობოდა. ეს სრულიად უანგარო, მეგობრული დახმარება იყო და სანამ შუქურას ადგილობრივი მთავრობა მოჰკიდებდა ხელს, კლუბი სწორედ ამ თანხებით გადარჩა. დღეს კი, საბედნიეროდ, ფინანსურადაც წელგამართულები ვართ და მაღალ მიზნებსაც ვისახავთ.

როგორ ფიქრობთ, სამეულში მოხვედრა რამდენად რეალურია?

მიმაჩნია, რომ ამ პირობებითა და კონტინგენტით სრულიად რეალურია. რასაკვირველია, გუნდი უცებ ვერ შევა ოპტიმალურ ფორმაში და ახალწვეულებსაც დრო დასჭირდებათ შესათამაშებლად, მაგრამ აუცილებლად უნდა ჩამოვყალიბდეთ იმ ძალად, რომელიც ევროტურნირებზე გასვლასა და იქ ღირსეულ თამაშს შეძლებს. გასული სეზონი უმაღლეს ლიგასთან ადაპტაციისთვის დაგვჭირდა, ახლა კი ეს ეტაპი უკვე ისტორიის კუთვნილებაა და ახალ სიმაღლეზე ასასვლელად ყველაფერს გავაკეთებთ.

როგორც ჩანს, კლუბის ბიუჯეტი საგრძნობლად გაიზარდა.  

დიახ, ასეა და ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს. იგი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია და კარგად იცის, რა არის საჭირო აჭარაში ფეხბურთის განვითარებისთვის.

რამდენიმე დღეში გუნდი თურქულ შეკრებაზე მიემგზავრება. ახალწვეულებს იქაც ხომ არ დაიმატებთ?

გუნდის ბირთვი უკვე დაკომპლექტებულია, მაგრამ პროცესი დასრულებული ჯერ არ არის. ვეძებთ კვალიფიციურ ცენტრალურ მცველს და ამ ამპლუის ახალწვეული აუცილებლად გვეყოლება. ამ პოზიციასაც მამუკა ჯუღელის დახმარებით გავაძლიერებთ, თუმცა ჯერ ვერ გეტყვით, ქართველით თუ ლეგიონერით.

გასულ სეზონში შუქურას მთავარი მწვრთნელი არაერთხელ შეეცვალა, თუმცა გელა სანაიას დანიშვნის შემდეგ ეს საკითხი დღის წესრიგში აღარ დამდგარა...

გელა მაღალი დონის სპეციალისტი და შესანიშნავი პიროვნებაა. იგი სწორედ ის მწვრთნელი აღმოჩნდა, რომელიც შუქურას სჭირდებოდა. სანაიას ასი პროცენტით ვენდობი და ამავდროულად, ვიმედოვნებ, რომ ჩემს ნდობას მომავალშიც გაამართლებს. მას ასეთი ამოცანა აქვს – პირველი წრე რომ დასრულდება, შუქურა სატურნირო ცხრილის სამეულში უნდა იყოს, ანაც სამეულთან ძალიან ახლოს. ამ შემთხვევაში ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება. ღმერთმა ქნას, მწვრთნელის შეცვლის მიზეზი კიდევ ათი წლის განმავლობაში არ მომეცეს.

როგორია ჭაბუკთა და ბავშვთა ფეხბურთის მდგომარეობა ქობულეთში?

ქობულეთს კი არა, მთლიანად აჭარას აქვს ნორმალური დონის ერთადერთი სტადიონი. "ჩელე არენაზე" ვარჯიშობენ და თამაშობენ ქობულეთის "შუქურა" და ბათუმის "დინამო", ასევე ამ ორი კლუბის დუბლშემადგენლობები, ჭაბუკთა და ბავშვთა გუნდები. რომ არა ინტრასტუქტურული პრობლემები, გაცილებით წინ ვიქნებოდით, მაგრამ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ არსებული რეალობიდან გამომდინარე, მაქსიმუმი კეთდება. ჩვენს ასაკობრივ გუნდებში დასაქმებულია ათზე მეტი მწვრთნელი, ბუნებრივია, ისინი იღებენ ხელფასს, ბავშვები კი გადასახადისგან გათავისუფლებულნი არიან. შუქურაში სამასამდე ბავშვი ვარჯიშობს.

საწვრთნელი ბაზის მშენებლობას ხომ არ გეგმავთ?

ვგეგმავთ, მაგრამ ჯერ არ ვიცით, როდის განვახორციელებთ ამ პროექტს. ყველაფერი, ცხადია, ფინანსებზეა დამოკიდებული. ტერიტორია ბობოყვათში გვაქვს შერჩეული.

სტადიონის რეაბილიტაციის გეგმაც ხომ არ არსებობს?

არსებობს. მხოლოდ პროექტის გაკეთება 70 ათასი ლარი დაგვიჯდა, რეაბილიტაციას კი 3 მილიონი ლარი დასჭირდება. ამ თემაზე არჩილ ხაბაძეს უკვე ვესაუბრე და ალბათ, საქმე დაიძვრება. პროექტი მაღალი დონისაა, სტადიონზე აბსოლუტურად ყველაფერი თანამედროვე სტანდარტებისა უნდა იყოს, დაგეგმილია განათების სისტემის დამონტაჟებაც.

წეღან ბაზაზე მკითხეთ და ჩემს ერთ იდეას გაგანდობთ. ქობულეთსა და მის მიმდებარე სოფლებში ბევრია ტერიტორია საიმისოდ, რომ საფეხბურთო მოედნები მოეწყოს. აქ რომ ინვესტიციები ჩაიდოს და მოედნებთან ერთად, მაღალი კლასის სასტუმროებიც აშენდეს, ქობულეთი პატარა ანთალიად გადაიქცევა. შეკრებაზე ჩამოვლენ გუნდები როგორც პოსტსაბჭოთა სივრციდან, ასევე დასავლეთ ევროპიდან და აზიიდან. რა თქმა უნდა, აქ შეკრებებს ქართული კლუბებიც მოაწყობენ. სხვათა შორის, ანთალია ზამთრის შეკრებისთვის არის იდეალური, თორემ ზაფხულში იქ აუტანელი სიცხეა. ჩვენთან კი ზაფხულშიც და ზამთარშიც ზომიერი კლიმატია. ეს პროექტი რომ განხორციელდეს, ქვეყნის ბიუჯეტიც გვარიანად შეივსება და ქართული ფეხბურთიც წინ დიდ ნაბიჯს გადადგამს.

რამდენიმე დღის წინ უკმაყოფილება გამოთქვით ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის კახა ცხადაძის იდეის მიმართ, რომლის თანახმადაც, უმაღლესი ლიგის ყოველმა კლუბმა ძირითად შემადგენლობაში ორი 21-წლამდელი უნდა ათამაშოს.

ახლაც ამ აზრზე ვარ – ხელოვნური შეზღუდვები და რეგულაციები ქართულ ფეხბურთს ვერაფერს შესძენს. შუქურას, მაგალითად, 21 წლამდე ასაკის ოთხი ფეხბურთელი ჰყავს და სულაც არ არის გამორიცხული, სასტარტო შემადგენლობაში ოთხივე ერთად მოხვდეს, მაგრამ ეს ბუნებრივად უნდა მოხდეს და არა – ნაძალადევად. ან მაგალითად, ოთხივე ერთად რომ დაშავდეს და დისკვალიფიკაცია მიიღოს, მწვრთნელი იძულებული გახდება, ძირითადში დუბლების ფეხბურთელი დააყენოს, რომელიც საუმაღლესლიგოდ მზად არ იქნება, გუნდს ვერაფერს შესძენს, თავად კი შესაძლოა, გამოუსწორებელი ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღოს. ახალგაზრდების დაწინაურებას მივესალმები და ამ კუთხით შუქურაც ბევრს აკეთებს, მაგრამ ძირითადში საუკეთესოებმა უნდა ითამაშონ. ახალგაზრდა ფეხბურთელი მხოლოდ ჯანსაღ კონკურენციაში დაოსტატდება და მას არაბუნებრივი შეღავათები მხოლოდ დააზარალებს. საბედნიეროდ, ფეხბურთის ფედერაციისა და ჩვენი პოზიციები ბევრ საკითხზე ემთხვევა ერთმანეთს. მაგალითად, 16-გუნდიანი უმაღლესი ლიგის შესახებ, რომელმაც, ღრმად მწამს, რომ გაამართლა.

როგორ დაახასიათებთ თქვენს შვილს, გიორგი ჩელებაძეს, რომელიც შუქურას მალე დატოვებს.

ჩემი მხრიდან მისი ქება გამართლებული არ იქნება, მაგრამ ობიექტურად ვამბობ, რომ გიორგის დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია. სულ მალე იგი კარიერას კვიპროსზე გააგრძელებს და ეს პროგრესირებაში აუცილებლად დაეხმარება. რაც შეეხება დახასიათებას, მის მთავარ ღირსებად აზროვნებას დავასახელებდი. აქვს მოედნის კარგი ხედვა, პასის კულტურა და ტექნიკა. ვურჩევდი, ეთამაშა მეტი გაბედულებით. ყველაზე მთავარი თვისება, რაც გიორგის გააჩნია, პროფესიონალიზმია. ვხედავ, რომ მხოლოდ ფეხბურთით ცხოვრობს და ეს ძალიან მიხარია. ძალიან ვნანობ, კარიერის საუკეთესო წლებში ქეიფსა და დროსტარებას უაზროდ ბევრი დრო რომ დავუთმე. ეს რომ არა, კიდევ უფრო მეტს მივაღწევდი.

ლევან ჯანეზაშვილი