სიახლეები

პარტიზანი: 4:0 გორში წამოსვლამდე

გაუზიარე

სერბეთის ჩემპიონატი დაიწყო და ამ ეტაპზე რატომაც გვაინტერესებს, თქმა არ უნდა. გორის დილას საჩემპიონთალიგო მეტოქე პარტიზანმა შინ 4:0 სძლია მეტალაცს, რომელიც წლეულს გადავიდა უმაღლეს ლიგაში. ოთხივე გოლი ლამაზი იყო და კომბინაციებით გავიდა. გამოსარჩევი მაინც 38 წლის საშა ილიჩის ბოლო გოლი იყო, საჯარიმოს მისადგომებიდან მოჭრილი დარტყმით რომ დაასრულა კომბინაცია. ილიჩამდე გაიტანეს ანდრია ჟივკოვიჩმა, აბუბაქარ უმარუმ და ვალერი ბოჟინოვმა. 30-ე წუთზე უკვე 3:0 იყო.  

პარტიზანის შემადგენლობა:  ზ.ჟივკოვიჩი – ვულიჩევიჩი, ბალაჟიჩი, ჩირკოვიჩი, პეტროვიჩი – იევტოვიჩი, ბრაშანაცი, ბაბოვიჩი (ლუკიჩი 80) – ა.ჟივკოვიჩი (ტრუიჩი 71), უმარუ (ილიჩი 63), ბოჟინოვი.  

დილასთან 1:0 მოგებული მატჩისგან განსხვავებით, პარტიზანის მწვრთნელმა ზორან მილინკოვიჩმა მხოლოდ ერთი ცვლილება მოახდინა სასტარტო თერთმეტეულში: მარცხნიდან შემტევად ანდრია ჟივკოვიჩი დააყენა, დილასთან კი თავიდან ნიკოლა ნინკოვიჩი იყო.  

შეგახსენებთ, დილა-პარტიზანი 21 ივლისს გაიმართება გორის “თენგიზ ბურჯანაძეზე” და 16:30 საათზე დაიწყება.

თუ გავედით, სტიაუა...

პარტიზან-დილას წყვილში გასული, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბუქარესტის სტიაუასა და სლოვაკურ ტრენჩინს შორის გასული შეხვდება. ბუქარესტელებმა სლოვაკეთში 2:0 მოიგეს და ფაქტობრივად, მესამე ეტაპზე არიან. 

რა ვთქვათ, ჯერ უნდა გადავხტეთ და მერე უნდა დავიძახოთ ჰოპლა... არასერიოზულად რომ არ გამოგვივიდეს, სტიაუაზე ჯერ მეტს არაფერს დავწერთ. მხოლოდ ერთს შეგახსენებთ, რომ 2013 წელს სტიაუა სწორედ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის დინამოს მეტოქე იყო. მაშინ თბილისელებმა შინ 0:2 წააგეს, სტუმრად კი 1:1 ითამაშეს.  

ილია ნანობაშვილი