სიახლეები

ოლიმპიაკოსი ლორიასგან მილიონს ითხოვს

გაუზიარე

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია საბერძნეთის ჩემპიონ ოლიმპიაკოსში რამდენიმე კვირის წინ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, ახლა კი კლუბი მის სანაცვლოდ შოთა არველაძის ტრაბზონისგან მილიონ ევროს ითხოვს _ ბერძნებს მადა გაეხსნათ და თითქოს მაინცდამაინც ლორიას ხარჯზე სურთ აშენება... 

მოკლედ, საქმე ასეა: გიორგი ლორიამ ოლიმპიაკოსთან ორწლიან კონტრაქტს ისე მოაწერა ხელი, კლუბს მის საამისოდ ერთი ცენტიც არ გადაუხდია. ოლიმპიაკოსს დღემდე ცენტი არ გადაუხდია არც თავად გიორგი ლორიასთვის... ქართველ მეკარეს ახალ კლუბში ვარჯიში ორიოდ დღის დაწყებული ჰქონდა, როცა შოთა არველაძე დაუკავშირდა და ტრაბზონში თამაში შესთავაზა, ოღონდ დააყოლა, ოლიმპიაკოსს თავად დაეხსენიო... სწორედ ამ პერიოდში ოლიმპიაკოსმა გერმანული მაინციდან საბერძნეთის ნაკრების მეკარე სტეფანოს კაპინო შეიძინა. თუ გავითვალისწინებთ, რომ უკვე რამდენიმე სეზონი ოლიმპიაკოსის ძირითადი მეკარე ესპანელი რობერტო ხიმენესი გახლავთ, მას კი ახლა კაპინო დაემატა, სავარაუდოა, რომ ჩვენიანი მეკარე ოლიმპიაკოსში სათადარიგოს სათადარიგო იქნება. ტრაბზონი და შოთა არველაძე კი უკეთეს პირობებთან ერთად, ლორიას ადგილს ძირითადში უმზადებენ. 

ლორია ტრაბზონული წინადადება ავსტრიული შეკრებისას მიიღო და  ოლიმპიაკოსის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა მოინდომა. იქამდე კი ნერვიული ჩივილებით გამოსაკვლევად ადგილობრივ ექიმებს მიმართა. ლორია ავად ყოფნის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ითქვა, რომ ქართველ მეკარეს ნევროპათოლოგის კონსულტაცია სჭირდება. ფსიქოლოგიური პრობლემების გამო და გუნდის მწვრთნელების ნებართვით ლორიამ ოლიმპიაკოსის ავსტრიული შეკრება დატოვა. 

გიორგი ამჟამად ათენშია. ის კლუბიდან გათავისუფლების თაობაზე ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას გასულ უქმეებზე შედგა, მათგან კი პირველი პასუხი ასეთი მიიღო _ ოლიმპიაკოსიდან გათავისუფლების ფურცელს მილიონი ევროს სანაცლოდ მიიღებო. ქართველი მეკარე ოლიმპიაკოსის ხელმძღვანელთა ასეთ პასუხზე ცალკე ნერვიულობს... როგორი საქმეა, კლუბმა ფეხბურთელი ხელში სრულიად უფასოდ ჩაიგდო, ჯერ არც ხელფასის სახით აქვს არაფერი გადახდილი, ამავდროულად კი სანაცლოდ მილიონ ევროს ითხოვს. 

ვნახოთ, როგორ დამთავრდება ოლიმპაკოსი-ლორია-ტრაბზონის ამბავი. ლორიასა და ოლიმპიაკოსის ხელმძღვანელთა მოლაპარაკების მორიგი რაუნდი სადღეისოდ არის დანიშნული...

კობა ინასარიძე