სიახლეები

ჯალათი თბილისიდან: ვაწაძემ ბრონდბიუს ორჯერ გაუტანა

გაუზიარე

დანიის სუპერლიგა დაიწყო და ორჰუსელმა მათე ვაწაძემ პირველივე ტურში მშვენივრად ითამაშა: ორი გოლი გაუტანა ბრონდბიუს. ორჰუსმა შინ 2:1 იმარჯვა. „ჯალათი თბილისიდან“ - ასე ეძახის ვაწაძეს ორჰუსის გულშემატკივართა ერთი ჯგუფი და კლუბის თვითერზეც ხშირად ასე წერენ.   

ვაწაძემ მე-8 წუთზე გასხნა ანგარიში, პირველი ტაიმის ბოლოს ბრონდბიუელთა ფინელმა ფორვარდმა ტეემუ პუკიმ გაათანაბრა, ხოლო 56-ე წუთზე ისევ მათემ დააწინაურა მასპინძლები.   

რაც შეეხება დავით სხირტლაძეს, ის ვაწაძის ნაცვლად 87-ე წუთზე შევიდა მინდორზე და ამ მცირე დროშიც მოასწრო თავის გამოჩენა, ოღონდ არა თავდასხმაში, არამედ დაცვაში: ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი. 

დანიაშივე, ოდენსემ შინ ჰიობროს 3:0 აჯობა, თუმცა ლადო დვალიშვილი განაცხადშიც არ იყო. როგორც იცით, დიდი შანსია, დვალიშვილი პოლონეთში დაბრუნდეს და კრაკოვიაში გააგრძელოს კარიერა. ეს უახლოეს დღეებში გადაწყდება.

რუსეთის პრემიერლიგაში ნუკრი რევიშვილმა პენალტი აიღო. პირველ ტურში მორდოვიამ შინ 0:1 წააგო მოსკოვის ლოკომოტივთან და მართალია, გოლი ნუკრის ბრალი იყო, მაგრამ მერე მაიკონის დარტყმული პენალტი აიღო და თავის გუნდს შანსი დაუტოვა. 

„პირველი მატჩი ყოველთვიუს რთულია. მთლიანობაში, მორდოვიამ კარგად ითამაშა, გატანა შეგვეძლო და აქეთ გავუშვი გოლი, რომელიც არ უნდა გამეშვა. სამწუხაროა, რომ პირველი შეხვედრა წავაგეთ, მაგრამ უკეთესობის იმედი გვაქვს. დიახ, ჩემი ბრალი იყო ის გოლი, ჩემს თავს ვადანაშაულებ და სხვას არავის“ - ასეთი იყო რევიშვილის კომენტარი მატჩის შემდეგ.   

პოლონეთშიც დაიწყო ჩემპიონატი და იაგელონიამ კორონასთან სტუმრად 2:3 წააგო. ნიკა ძალამიძე იაგელონიას განაცხადში არ იყო და ჩანს, მწვრთნელმა დაასვენა: ხუთშაბათს პოლონურ გუნდს ევროპის ლიგის საპსუხო მატჩი ელის კვიპროსულ ომონიასთან - პირველი შეხვედრა 0:0 დასრულდა. 

ფინეთში კუპს-ის ფორვარდმა ირაკლი სირბილაძემ ყოფილი გუნდის, ტურკუს ინტერის წინააღმდეგ ითამაშა. შეხვედრა 1:1 დასრულდა. სირბილაძეს გოლი არ გაუტანია. კუპს-ი მეექვსე ადგილზეა. 

უკრაინაში კი ჯაბა კანკავას დნიპრომ წაიფორხილა: უჟგოროდში ჰოვერლასთან 1:1-ს დასჯერდა. მეტიც, აგებდა და 79-ე წუთზე გაათანაბრა. კანკავამ შეუცვლელად ითამაშა, შეტევებშიც მონაწილეობდა. 

ბოლოს, ერთ ამხანაგურ მატჩზეც: ფრაიბურგმა, სადაც ლუკა ჰუფნაგელი თამაშობს, ესპანურ მალაგასთან 0:1 წააგო. ფრაიბურგელთა მწვრთნელმა 84-ე წუთზე ცხრა ფეხბურთელი შეცვალა და ჰუფნაგელიც ამ დროს შევიდა მინდორზე.   

ილია ნანობაშვილი