სიახლეები

სანდრო კობახიძემ უკრაინა გოლით დაიწყო

გაუზიარე

უკრაინის პრემიერლიგა დაიწყო და პირველ ტურში სანდრო კობახიძემ გოლი გაიტანა. ლუცკის ვოლინის ქართველმა შემტევმა პოლტავაში ვორსკლა დაამწუხრა და თავისიანები 62-ე წუთზე დააწინაურა, თუმცა მატჩი 1:1 დასრულდა. 

კობახიძემ შეუცვლელად ითამაშა, გოლი კი საჯარიმოს მისადგომებიდან შეაგდო: მცველი და მეკარე შეცდნენ, სანდროც სწრაფად გაერკვა და ცაციით გაიტანა. ისე, კობახიძემ გასული სეზონის მეორე ნახევარიც მშვენივრად ჩაატარა. შეგახსენებთ, ის დნიპროს საკუთრებაა და ვოლინში იჯარით თამაშობს. 

ოდესის ჩერნომორეცში დავით ხოჭოლავამ გამოიჩინა თავი. 22 წლის ქართველმა მცველმა დონეცკის ოლიმპიკთან შეხვედრაში (2:2) 50-მეტრიანი საგოლე პასი გააკეთა. ხოჭოლავა გასულ სეზონში ქობულეთის შუქურაში გამოდიოდა, ჩერნომორეცთან კი ორიოდე კვირის წინ გააფორმა კონტრაქტი. ჩერნომორეცის კიდევ ერთ ქართველს, მცველ გიორგი გადრანს არ უთამაშია - განაცხადში არ იყო. 

ლვოვის კარპატიმ ხარკოვში 0:2 წააგო მეტალისტთან, ბუბა დაუშვილმა კი შეუცვლელად ითამაშა. 

რუსეთში ყაზანის რუბინმა მოსკოვში ცსკა-სთან 0;1 წააგო. სოლომონ კვირკველიამ კარგი მატჩი ჩაატარა და აკი, ცსკა-ს მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ შეაქო კიდეც: „რუბინი კარგად იდგა დაცვაში, კვირკველია კი მეორე სართულზე ყველა ბურთს იგებდა“. 

სამტრედიიდან გროზნოს ტერეკში ახლახანს გადასულ თედო გრიგალაშვილს არ უთამაშია: როსტოვთან (1;1) განაცხადშიც არ იყო. 

ილია ნანობაშვილი