სიახლეები

პორტუგალიელს რომ კანკავა რამით გააკვირვებს... მცირე რეპლიკა ნანის უადგილო არტისტიზმზე

გაუზიარე

ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ ბოლო ამხანაგურ მატჩში ევროპის ლიგის ფინალისტი დნეპროპეტროვსკის დნიპრო ამ ზაფხულს სოლიდურად დაკოპლექტებულ თურქულ ფენერბაჰჩეს შეხვდა. მატჩი ავსტრიაში შედგა და უკრაინელებმა 1:0 მოიგეს. 

ფენერბაჰჩე სოლიდურად დაკომპლექტდაო, რომ აღვნიშნეთ, პირველ ყოვლისა ჰოლანდიელი რობინ ვან პერსისა და პორტუგალიელი შემტევის ნანის დამატება ვიგულისხმეთ. ეს ვარსკვლავები თურქებს რამდენიმე კვირის წინ შეუერთდნენ, ხოლო ერთ-ერთ ახალწვეულს თუ ვერწმუნებით, დნიპროსთან მატჩი მის კარიერაში კინაღამ ბოლო აღმოჩნდა... აი, რა უთხრა დნიპროსთან შეხვედრის შემდეგ თურქ ჟურნალისტებს ნანიმ:

“ნამდვილად არ მსურდა, ახალი სეზონს ექიმებთან ერთად შევხვედროდი. საკმარისია აქამდე რაც ვიმკურნალე, ცუდი პერიოდი თითქოს უკან მოვიტოვე და დნიპროს ფეხბურთელმა ფეხში ისეთი ჩამარტყა, სეზონს ვინ ჩივის, კინაღამ მთელი კარიერა დამამთავრებინა. ამიტომაც აღვშფოთდი”, _ თქვა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა. 

ნანისგან ნახსენები დნიპროს ფეხბურთელი კი რა ძნელი მისახვედრია, საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავაა, ვინც პორტუგალიელთან ორთაბრძოლის შემდეგ ყვითელი ბარათი დაიმსახურა. სერიოზული უხეშობა რომ ყოფილიყო, არბიტრი არც წითელ ბარათს დაინანებდა. ჩვენიანის მხრიდან არც ისეთი უხეშობა ყოფილა, დედა ეს რა ვნახეო, ვინმეს ეთქვა, მით უმეტეს პორტუგალიელს, რომლის თვისტომების არასპორტული, ბინძური თამაში საქვეყნოდ ცნობილი ამბავია... ნანის ამ კომენტარმაც და განსაკუთრებით მისმა ყოყლოჩინურმა რეაქციამ კანკავას დარღვევაზე, როცა ჩვენი ნაკრების კაპიტანს მინდორზე ქუჩურად გაექაჩა, ნამდვილად ვერ შეჰმატა ქომაგები საქართველოში.

კობა ინასარიძე