სიახლეები

თბილისი ევროპული ფეხბურთის დედაქალაქი !

გაუზიარე

11 აგვისტოს თბილისში, „დინამო არენაზე“ ბარსელონა და სევილია ევროპის სუპერთასს გაითამაშებენ. რამდენიმე წლის წინ ეს ფრაზა რომ მოგვესმინა და წაგვეკითხა, ვიფიქრებდით, რომ რომელიმე იუმორისტული გადაცემა გადიოდა. თუმცა ეს უკვე რეალობაა და 11 აგვისტომდეც 25-იოდე დღე დარჩა.

რას მოუტანს ეს მატჩი საქართველოს? ცხადია, გაცილებით მეტს, რისი მოტანაც ერთ საფეხბურთო მატჩს შეუძლია. ევროპის სუპერთასი, არ არის ყველაზე პრესტიჟული ტიტული, მაგრამ მის მოპოვებას ნებისმიერი ევროგრანდი ეშურება. როგორც წესი, ამ მატჩისას სტადიონებიც იშვიათად ივსება, მაგრამ თბილისური სუპერთასი გამონაკლისი იქნება - ბილეთის მსურველი იმდენი იყო, `დინამო არენა~ 200 ათას კაცსაც რომ იტევდეს, მაინც შეივსებოდა, ევროპის სუპერთასის მატჩზე დასწრების რეკორდის დასამყარებლად კი ჩვენი სტადიონის ამჟამინდელი ტევადობაც კმარა. რეკორდი კი, ცხადია, აუცილებლად დამყარდება – ბილეთების გაყიდვას, როგორც იქნა, საშველი დაადგა და მათი ათეული ათასობით ბედნიერი მფლობელი მოუთმენლად ელის 11 აგვისტოს.

ბილეთების თემაზე იმდენი ვწერეთ, ამ აჟიოტაჟის გახსენებით თავს აღარ შეგაწყენთ. კარგი იქნებოდა, გულშემატკივრები ამდენ ხანს არ გაწვალებულიყვნენ, მაგრამ რაკი პროცესი მეტ-ნაკლებად მშვიდობიანად დასრულდა, ეს უკვე წარსულის კუთვნილებაა და ამიტომაც წინ გავიხედოთ. გავიმეოროთ ზემოთ დასმული კითხვა – რას მოუტანს სუპერთასი საქართველოს და ჩამოვთვალოთ ის სიკეთეები, რასაც ჩვენი ქვეყანა 11 აგვისტოსგან მიიღებს.

თბილისი - ევროპული ფეხბურთის დედაქალაქი

ჩვენი დედაქალაქი ამ სტატუსს რამდენიმე დღის განმავლობაში უსათუოდ მიიღებს. ბარსელონასა და სევილიას ჩამოსვლა, მესისა და სხვა ვარსკვლავების აქ სტუმრობა, მათი ვარჯიში და პრესკონფერენციები – ეს ის მოვლენებია, რომლებიც ევროპულ ტელეარხებსა თუ ვებგვერდებზე რამდენიმე დღის განმავლობაში იტრიალებს. ცხადია, აღარაფერს ვამბობთ თვით მატჩზე, რომლის პირდაპირი ტელერეპორტაჟიც მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში გადაიცემა. 

ერთი სიტყვით, ეს მოვლენა გამორჩეულ ადგილს დაიკავებს არა მხოლოდ ქართული ფეხბურთის, არამედ, გადაუჭარბებლას ვიტყვით, საქართველოს უახლეს ისტორიაშიც. დღეს ამას კარგად ვერ ვისიგრძეგანებთ და ბოლომდე მხოლოდ მაშინ შევიგრძნობთ, `დინამო არენაზე~ ბარსელონა და სევილია რომ შეაბიჯებენ. 

სპორტული ტურიზმის დაბადება

ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანის მთავრობა ათეულობით მილიონს უხდის მადრიდის ატლეტიკოს იმისთვის, რომ გუნდის მაისურაზე „Aზერბაიჯანი“ ეწეროს. ჩვენს მეზობლებს კარგად ესმით ფეხბურთის ძალა და ისიც კარგად იციან, რომ სპორტის უპირველესი სახეობა ქვეყნის პოპულარიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ევროპის სუპერთასის მასპინძლობა ფულზე რომ იყიდებოდეს, ეჭვიც არ შეგვეპაროს, რომ ილჰამ ალიევი არც საამისოდ დაინანებდა სახსრებს.

საბედნიეროდ, ეს პატივი საქართველოს სრულიად უსასყიდლოდ ერგო. რაღა თქმა უნდა, ამ დიდი მოვლენის ღირსეულად მასპინძლობისთვის ქვეყნის ბიუჯეტიდან მილიონები დაიხარჯა, მაგრამ აქედან თეთრიც კი არ არის ქარს გატანებული. საქართველომ და ქართულმა ფეხბურთმა სუპერთასის მასპინძლობით დიდი მოგება უნდა ნახოს – არა უშუალოდ 11 აგვისტოს, არამედ სამომავლო პერსპექტივაში, ოღონდ ახლო მომავალშივე.

საქართველოს ტურისტული პოტენციალი რომ ამოწურული არ არის, ეს უდავოა. ჩვენი ქვეყნის შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყარო ტურიზმია და რეალურად, ევროპის სუპერთასი ტურისტების რაოდენობას საგრძნობლად გაზრდის.

ცხადია, მხოლოდ 11 აგვისტოს არ ვგულისხმობთ, როცა ესპანელი და არამარტო ესპანელი ტურისტების დიდი ნაკადი ისედაც გარანტირებულია. მაღალ დონეზე ორგანიზებულმა მატჩმა და თბილისის სილამაზემ ჩვენს ქვეყანას მძლავრი რეკლამა უნდა გაუკეთოს. ამ მატჩზე ჩამომსვლელთა დიდი ნაწილი საქართველოს მიწაზე პირველად დაადგამს ფეხს და აუცილებლად დაინტერესდება აქაური ღირსშესანიშნაობებით. ჩამოსულ ქომაგთა ნაწილი, დიდი ალბათობით, თბილისურ არდადეგებს გაიხანგრძლივებს და საქართველოს სხვა კუთხეებსაც მოივლის, ნაწილი კი აქ ვიზიტს ახლო მომავლისთვის დაგეგმავს. აქ ნამყოფი გულშემატკივრები სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შთაბეჭდილებებს თანამემამულეებს გაუზიარებენ – დადასტურებული ფაქტია, რომ ნებისმიერი ნივთისა თუ სერვისის შეძენისას ადამიანი ნაცნობ-მეგობრების აზრს უფრო ეყრდნობა, ვიდრე ბრჭყვიალა რეკლამებს.

პერსპექტივას თავი რომ დავანებოთ, 11 აგვისტოს, მის წინა და შემდგომ დღეებში თბილისი ისედაც იქნება ტურისტული მექა. აქაური სასტუმროები და რესტორნები სუპერთასზე ჩამოსულებით გაივსება, რაც მათ შემოსავალს საგრძნობლად გაუზრდის. 

ტურიზმის კუთხით კიდევ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი, ევროპის სუპერთასი კი ჩვენში ტურიზმის სრულიად ახალ სახეობას, სპორტულ ტურიზმს დაუდებს სათავეს. სპორტულ ტურიზმს საქართველოში დიდი პოტენციალი აქვს და იმედია, ამ კუთხითაც წინ წავიწევთ.

გაუმჯობესებული დინამო არენა 

„დინამო არენას“ რეაბილიტაციისთვის ფული მხოლოდ სუპერთასისთვის როდი დახარჯულა. რასაკვირველია, ბარსელონასა და სევილიას მატჩის შემდეგაც გვექნება უწინდელთან შედარებით ბევრად გაუმჯობესებული სტადიონი. ესპანური გრანდების შემდეგ ხომ მისით სარგებლობას თბილისის დინამო და საქართველოს ეროვნული ნაკრები შეძლებენ. გულშემატკივრებმა მიიღეს ბევრად კომფორტული გარემო, ტელეეკრანებთან დარჩენილმა ქომაგებმა – უკეთესი ხარისხის რეპორტაჟები, გუნდებმა – გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, ჟურნალისტებმა – უკეთესი სამუშაო პირობები და ასე შემდეგ.

სუპერთასი ქართული ფეხბურთის განვითარებისთვისაც ბიძგი უნდა იყოს. ნორჩმა ფეხბურთელებმა, რომლებსაც ქართული ფეხბურთის წარმატება არ უნახავთ, ბარსელონასა და სევილიას ცოცხლად ნახვით უნდა ირწმუნონ, რომ დიდი ფეხბურთი ჩვენგან შორს არ არის, რომ საქართველოსაც შეუძლია, იყოს ნამდვილი ფეხბურთის ორომტრიალის უშუალო მონაწილე, რომ ახლო მომავალში შეიძლება ქართულმა კლუბებმა და ნაკრებმაც შეუტიონ მაღალ მწვერვალებს.

გიყვარდეს მესი, ოღონდ – შორიდან

საქართველო ევროპის 2017 წლის 19-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ უეფას მიერ ჩვენი ქვეყნისა და ფეხბურთის ფედერაციისთვის გამოცხადებული ნდობა მხოლოდ სუპერთასით არ შემოიფარგლება. არც 19-წლამდელთა ჩემპიონატი უნდა იყოს ჩვენი ოცნებების ზედა ზღვარი. გავა არცთუ დიდი დრო და არ უნდა გაგვიკვირდეს, უეფამ სხვა ახალი საფეხბურთო მოვლენების მასპინძლობა რომ დაგვაკისროს.

ოღონდ, ნდობას გამართლება სჭირდება და 11 აგვისტოს ქართულ მხარეს ძნელი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ამ მასშტაბის საფეხბურთო მოვლენის გამოცდილება არ გვაქვს, მაგრამ საქმე წინ მაინც მიიწევს. ფეხბურთის ფედერაციის გარდა, საორგანიზაციო პროცესში არაერთი სტრუქტურაა ჩართული და თითოეულ რგოლს მაქსიმალური მობილიზება მართებს. 

მთავარი სტრესი ბარსელონასა და სევილიას ჩამოსვლის შემდეგ დაიწყება. ბასტიან შვაინშტაიგერს ქართველმა სტიუარდმა რომ დაუჩოქა, მსგავსის განმეორება ავტომატურად იმის მანიშნებელი იქნება, რომ უეფა ჩვენთვის გრანდიოზულს ვეღარაფერს გამოიმეტებს. რაგინდ მაღალ დონეზე გაართვან თავი საქმეს სტრუქტურებმა, ერთი რიგითი სტიუარდისა და თუნდაც რიგითი გულშემატკივრის წინდაუხედავ საქციელს მძიმე შედეგები მოჰყვება და ყველას გარჯა წყალში ჩაიყრება.

წარმოგვიდგენია, რამდენი იქნება მესისა და სხვა ვარსკვლავებისთვის სიყვარულის ახსნის მსურველი – წინასამატჩო ვარჯიშზეც და უშუალოდ თამაშზეც, რამდენს მოუნდება მოედანზე შევარდნა... 

მათ შესაკავებლად შესაბამისი სამსახურები არსებობს, მაგრამ ქომაგთა მაღალი შეგნების გარეშე არაფერი გამოვა. დიდი ფეხბურთისა და დიდი ფეხბურთელების ნახვით მოძალებული ემოციები როგორმე იმ დონეზე მაინც უნდა შევიკავოთ, რომ ტრიბუნიდან მოედანზე გადახტომის დაუოკებელი სურვილი დავძლიოთ, წამიერი და პირადად ჩემთვის სრულიად გაუგებარი სიამოვნებისთვის ქართული ფეხბურთი არ ვაზარალოთ. სუპერთასი ჩვენი საერთო პროექტია და მას ყველამ ერთად საკადრისად უნდა ვუმასპინძლოთ.

ლევან ჯანეზაშვილი