სიახლეები

დილას საყრდენი: გუნდს ტრიბუნებიდან გავამხნევებ

გაუზიარე
გორის დილა ერთადერთი ქართული გუნდია, რომელიც ევროტურნირებს შემორჩა. ბელგრადში პარტიზანთან ბოლო წუთებზე წაგებამ გული ძალიან დაგვწყვიტა, მაგრამ იმის იმედი გვაქვს, რომ დილა საპასუხო შეხვედრაში ღირსეულ ბრძოლას გაუმართავს სერბული ფეხბურთის გრანდს და შემდეგ ეტაპზე გასვლასაც შეძლებს. გვესაუბრება დილას საყრდენი ნახევარმცველი გუგა ფალავანდიშვილი. 

მართალია, ბელგრადში მინიმალური სხვაობით დამარცხდით, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან რთული შეხვედრის ჩატარება მოგიწიათ.

მატჩამდე პარტიზანი შეძლებისდაგვარად შევისწავლეთ და, ასე თუ ისე, ვიცოდით, რა დონის გუნდთან მოგვიწევდა თამაში. ყველაზე მეტად სტადიონზე შექმნილმა ატმოსფერომ იმოქმედა ჩემზე, თავხედობად ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ასეთი გარემოს მიუხედავად, ნამდვილად არ გამჭირვებია თამაში. გულშემატკივრობა კი ნამდვილად სამაგალითო სცოდნიათ სერბებს, მოედანზე თანაგუნდელის ნათქვამი არ მესმოდა, ისეთი ყიჟინა იყო ტრიბუნებზე. პირველ წუთზე რომ დაიწყეს ხმამაღალი ქომაგობა, მსაჯის საფინალო სასტვენამდე არ გაჩერებულან. რა საკამათოა, ამგვარი ქომაგობა მასპინძელ გუნდს სერიოზულად ეხმარება ნებისმიერ მეტოქესთან მატჩში.

ბელგრადში დილა აქცენტს დაცვაზე რომ გააკეთებდა, ეს ცხადი იყო, მაგრამ ასეთი დოზით საკუთარის კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვას, როგორც წესი, შედეგი არ მოაქვს.

ხუთი მცველით ვიყავით მოედანზე, ყველანაირად ვცდილობდით, გოლი არ გაგვეშვა და ეს ბოლო წუთებამდე გამოგვდიოდა კიდეც. დაცვაში თამაში ფსიქოლოგიურადაც დამღლელია, ამდენი დრო რომ დაცვაში გავატარეთ, ეს მეტოქემ გვაიძულა, რაც უფრო ცოტა დრო რჩებოდა შეხვედრის დასრულებამდე, პარტიზანი სულ უფრო აძლიერებდა ზეწოლას.

მატჩის ბოლოს მსაჯმა თქვენს საჯარიმოსთან სახიფათო ჯარიმა დანიშნა, რაც დილას კარში გოლით დასრულდა, შენ კი გაგაძევა. ქართველ ქომაგთა აზრით,  მსაჯი ზედმეტად მკაცრად მოიქცა.

ამ ეპიზოდს ობიექტურად ვერ შევაფასებ, მაგრამ ფაქტია, რომ მსაჯმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და ახლა ვერაფერს შევცვლით. საშინლად მწყდება გული იმაზე, რომ განმეორებით შეხვედრას გამოვტოვებ, ისღა დამრჩენია, ტრიბუნიდან გავამხნევო ჩემი თანაგუნდელები. საერთოდ, მსაჯებზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბელგრადში საკმაოდ ცუდი მსაჯობა იყო, პატარ-პატარა ფოლებით თამაშის საშუალებას არ გვაძლევდა, ყველა სადავო ეპიზოდი პარტიზანის სასარგებლოდ წყდებოდა, მატჩის ბოლოს კი რაც მოხდა, ყველამ ნახეთ _ ჩემს გაძევებას ვგულისხმობ.

პირველ რიგში, რაში გამოჩნდა სხვაობა პარტიზანსა და დილას შორის?

ვერ ვიტყვი, რომ ფიზიკურად ჩვენზე უკეთ იყვნენ მომზადებულები, მაგრამ სისწრაფეში აშკარად გვჯობდნენ. ყოველ შემთხვევაში, პირველ თამაში ასე გამოჩნდა, იმედია, საპასუხო მატჩი უკვე დილას პლუსებს გამოაჩენს.

პარტიზანიდან რომელიმე ფეხბურთელს ხომ არ გამოარჩევდი?

ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავთ და ისიც აშკარად იგრძნობოდა, რომ მაღალი დონის თამაშების გამოცდილება არ აკლდათ. კონკრეტულად რომელიმე ფეხბურთელს ვერ გამოვარჩევ, საშუალო ევროპული დონის ფეხბურთელებით დაკომპლექტებილი გუნდია. 

და რის ხარჯზე შეუძლია დილას პარტიზანის გამოგდება?

პირველ რიგში, ერთიანობით, რადგან დილაში ახლა რომ მეგობრული სიტუაციაა, ნებისმიერმა გუნდმა ინატროს. გარდა ამისა, დარწმუნებულები ვართ, რომ სტადიონზე ანშლაგი იქნება და ჩვენი გულშემატკივარი, სერბების მსგავსად, ბოლომდე დაგვიდგება გვერდში. ეს ფაქტორი ასეთ პრინციპულ შეხვედრებში უმნიშვნელოვანესი რომაა, ამაში ბელგრადშიც დავრწმუნდი.

გეთანხმები, ემოციური მუხტი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით, რა უნდა იყოს დილას პლუსი?

ვეცდებით, უფრო მეტი დრო გავატაროთ შეტევაში. დარწმუნებული ვარ, ხუთი მცველით არ ვითამაშებთ და აქცენტი შეტევაზე გვექნება. დილას ფეხბურთელების ხარისხს თუ გავითვალისწინებთ, ორი მატჩის ჯამში მოგება ნამდვილად შეგვიძლია.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ მეტოქის ერთი გოლი სიტუაციას ძალიან გაართულებს. ასე რომ, დაცვაშიც ძალიან ფრთხილად მოგიწევთ თამაში.

გეთანხმებით, თავიდანვე უკანმოუხედავად ვერ შევუტევთ, ჩვენი ტაქტიკა ფრთხილი შეტევა იქნება და მიუხედავად იმისა, რომ პარტიზანის სახით ძალიან სერიოზული მეტოქე გვყავს, მაინც მჯერა, რომ დილას შეუძლია შემდეგ ეტაპზე გასვლა. მწვრთნელები დეტალურად გაარჩევენ პირველ შეხვედრას, სწორ დასკვნებს გამოიტანენ და სათანადო ტაქტიკასაც დასახავენ. 

პაატა ძნელაძე