სიახლეები

შოთა არველაძე : კარგია, როცა სეზონს გამარჯვებით იწყებ

გაუზიარე

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე შოთა არველაძემ იმ მიზეზების შესახებ ისაუბრა, რის გამოც მისმა გუნდმა დიდი ანგარიშით გამარჯვება ვერ მოახერხა. 42 წლის ქართველი მწვრთნელი კმაყოფილი სულაც არ ჩანდა და ეტყობოდა, რომ თავისი ფეხბურთელებისგან მეტს ითხოვს და ელის.

შოთა არველაძე: „კარგია, როცა სეზონს გამარჯვებით იწყებ. ხანგრძლივი დასვენების შემდეგ ადვილი არაა, ითამაშო ისე, როგორც გინდა. გუნდში ორიოდე კვირის მოსული ვარ, ხოლო ახალი სტრატეგიით სათამაშოდ, ცხადია, დროა საჭიროა. ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, უკმაყოფილო არ ვარ, რადგან მთელი მატჩის განმავლობაში ვდომონირებდით. გვაკლდა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი და ვინც მოედანზე იყო, მათი უმეტესობა შეუთამაშებელია. მთავარია, რომ გავიმარჯვეთ.

ტრაბზონსფორი ტრადიციულად შემტევ ფეხბურთს აჩვენებს და ცხადია, მეც ასეთი სტილით თამაშს ვაპირებ. იმის მისაღწევად, რომ მოედანზე მთელი მატჩი დომინირებდე, ბევრი შრომა და გუნდის შეთამაშებაა საჭირო. ბევრი კარგი ინდივიდუალისტი გვყავს და ეს დღევადელ მატჩშიც გამოჩნდა, თუმცა მეტი გუნდურობაა საჭირო. ამასთან, როცა ასეთ დონეზე გიწევს თამაში, შესაძლოა, ნებისმიერი შეცდომა ფატალური აღმოჩნდეს, ამიტომ მოედანზე კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ“.

ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელმა გამოტოვა მატჩი, მათ შორის კონსტანტმა. რა იყო ამის მიზეზი და რამდენი ფეხბურთელია ამჟამად ტრავმირებული?

ოთხი ფეხბურთელი ტრავმის გამო არ გვყავდა, მათ შორის ერთ-ერთია კონსტანტი, ვინც გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს. იმედია, ტრავმირებული ფეხბურთელები მალე დაგვიბრუნებიან, რადგან ისინი გუნდის ლიდერები არიან.

მინდა ტრაბზონსფორის გულშემატკივარს დიდი მადლობა გადავუხადო კარგი დახვედრისა და ფანტასტიკური გულშემატკივრობისთვის. სტადიონზე მთელი მატჩის განმავლობაში კარგი აურა იყო და ეს ძალიან დაგვეხმარა. ვეცდებით, მათი იმედები გავამართლოთ და მადლობა კარგი თამაშით გადავუხადოთ.

შოთა არველაძის პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ „ჩვენს თამაშთან“ კომენტარი მისმა დამხმარემ, გიორგი დევდარიანმა გააკეთა. როგორც არველაძისთვის, ისე დევდარიანისთვისაც, ეს თამაში სადებიუტო იყო და ცხადია, გიორგის აზრიც მნიშვნელოვანია.

„ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში მოგებით დავიწყეთ და ეს მნიშვნელოვანია. საერთო ჯამში, ძირითადის რვა ფებხურთელი გვაკლდა და რაღა თქმა უნდა, ამან თამაშს დაღი დაასვა. ჩვენმა ფეხბურთელებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს, მათ გამოსწორებას ხვალიდანვე შევუდგებით. ყველა გადაწყვეტილებას შოთა იღებს, თუმცა დღევანდელი თამაშიდან გამომდინარე, ბევრ რამეზე საკუთარი აზრი მაქვს და მასთან აუცილებლად ვისაუბრებ. გამოჩნდა, რომ ამ გუნდს უკეთესად თამაშის პოტენციალი აქვს და კარგი შედეგის მისაღწევად არც მე და არც შოთი არაფერს დავიშურებთ. როცა ასეთ მაღალ დონეზე გიწევს თამაში, შრომაც ორმაგია და ამ ყველაფერს ფეხი უნდა აუწყო. დარწმუნებული ვარ, მომავალში გუნდი უკეთ ათამაშდება“.