სიახლეები

შოთიმ გამარჯვებით დაიწყო

გაუზიარე
16 ივლისი. ტრაბზონი. ჰუსეინ ავნი აკერის სახელობის სტადიონი

ტრაბზონსფორი 1:0 დიფერდანჟი

ტრაბზონსფორი: კივრაკი, მეჯანი, ეკიჩი (ატიკი 84), ილმაზი, დემიროკი, აიდოღდუ, ზენგინი (ედროღანი 66), იუმლუ, დურსუნი, მაჯედი (იავრუ 81 ), ნიზამი

სათადარიგოები: იბრაჰიმ დემირი, აიკუტ დემირი, კარა

მთავარი მწვრთნელი: შოთა არველაძე

დიფერდანჟი: იანიში, როდრიგესი, სიბენალერი, რიბეირო ( მეი 93), ერ რაფიკი, სინანი (ლებრესნი 63), კარონი (მელიგნერი 76), ბუკვიჩი, იეიე, ფრანზონი, ვებერი

სათადარიგოები: შააბი, მარტინი, ბეტმერი, ლუისი

მთავარი მწვრთნელი: მარკ ტომე

გოლები: ეკიჩი 44

გაფრთხილება: ნიზამი (28), ბუკვიჩი (36), ილმაზი (65), 

მთავარი მსაჯი: ივაილო სტოიანოვი (ბულგარეთი)

ტრაბზონსფორში შოთა არველაძის დებიუტი ანშლაგით დაიწყო და, რაც მთავარია, ქართველი მწვრთნელის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. 42 წლის ტყუპისცალის პირველ შეხვედრას ქალაქი მთელი დღე ელოდა და მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე სტადიონის მიმდებარე ტერიტორია გადავსებული იყო. ტრაბზონსფორის ფორმებითა და ატრიბუტებით შემოსილ-შეიარაღებული გულშემატკივარი ქართველ მწვრთნელს სტადიონზე ფეხზე წამომდგარი შეეგება. მართლაც შთამბეჭდავი სანახაობა იყო: თამაშის დაწყებამდე არველაძემ ყველა ტრიბუნასთან სათითაოდ მიირბნა და მაყურებელს ემოციურად მიესალმა. შოთას ხელმეორე დებიუტი დიფერდანჟთან გამარჯვებით დამთავრდა. ტრაბზონსფორი მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა და სხვაგვარი სცენარი ალბათ არც იყო მოსალოდნელი.

თამაში

მატჩი დაწყებიდან დასრულებამდე ერთი სიუჟეტით წარიმართა: ტრაბზონსფორი დომინირებდა, თუმცა დროდადრო ლუქსემბურგელები სახიფათო მომენტების შექმნას კონტრშეტევებზე ახერხებდნენ. პირველი სახიფათო მომენტი სწორედ სტუმრებმა შექმნეს. დიფერდანჟის ფეხბურთელებმა კარგი კომბინაცია გაითამაშეს, თუმცა იეიემ თითქმის 100%-იანი მომენტი გაუშვა ხელიდან - მეკარის ბაქნიდან თავით გატანა ვერ შეძლო. ამ მომენტის შემდეგ ტრაბზონი უპირატესობას დაეუფლა, თუმცა თურქებს რეალური საგოლე მომენტების შექმნა უჭირდათ. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. მთავარი, ალბათ, ძირითად შემადგენლობაში ლიდერების არყოფნა იყო. არველაძეს ტრაბზონსფორის მთავარი მეგოლე ოსკარ კარდოსო, კევინ კონსტანტი და მარჯვენაფლანგელი ჟოზე ბოსინგვა ტრავმების გამო აკლდა. შოთას გუნდმა ასევე გამოცდილი ნახევარმცველი, ექს-სევილიელი მბიაც მოისაკლისა. მასპინძელთა შეტევებს მეტ-ნაკლებ მრავალფეროვნებას შვედი შემტევი ერკან ზენგინი სძენდა, თუმცა პიველი ტაიმის ნახევარი საათი გუნდმა უფერულად ჩაატარა.

შოთას გუნდმა გოლის გატანა 31-ე წუთზე შეძლო, თუმცა ლაინსმენმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. გამეორებაზე გამოჩნდა, რომ მსაჯი აშკარად შეცდა, ტრაბზონსფორმა გოლი წესების სრული დაცვით გაიტანა. ტაიმის მიწურულს დიფერდანჟელ იეიეს კიდევ ერთხელ შეეძლო გატანა, ლუქსემბურგელთა მე-17 ნომერმა საჯარიმოს გარედან გაისროლა, თუმცა კივრაკმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. ტრაბზონელები 44-ე წუთზე მეჰმეთ ეკიჩმა დააწინაურა. თურქეთის ნაკრების ნახევარმცველმა ჯარიმა კარგად შეასრულა და მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა.

ეკიჩის გოლმა სტადიონი გამოაცოცხლა და მასპინძელ ფეხბურთელებს დაძაბულობა მოუხსნა. რაც უნდა იყოს, არველაძის ხელში გუნდი პირველ მატჩს ატარებდა და ფსიქოლოგიური წნეხი, როგორც ფეხბურთელებისთვის ისე მწვრთნელისთვის, ბუნებრივია, იგრძნობოდა

მეორე ტაიმი ისევ ლუქსემბურგელების შეტევით დაიწყო და იეიეს უკვე მესამედ შეეძლო გატანა, თუმცა ტრაბზონელთა კაპიტანმა მას ამჯერადაც აჯობა. 58-ე წუთზე დიფერდანჟმა კიდევ ერთი მომენტი შექმნა: მარჯვენაფლანგელმა კარონმა სახიფათოდ ჩააწოდა, მაგრამ კივრაკმა ამჯერადაც კარგად ითამაშა და ხიფათი განმუხტა.

თურქი ფეხბურთელების შეუთამაშებლობა აშკარად გამოჩნდა მეორე ტაიმშიც. იმის მიუხედავად, რომ არველაძე ტრაბზონსფორში უკვე ორიოდე კვირაა მუშაობს, გუნდი საგრძნობლად გადახალისდა, მზადების პროცესში კი ოთხმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო. ეს დეტალები საბოლოო ჯამში ტრაბზონსფორის თამაშზე აისახა. გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხი ნამდვილად არ ყოფილა ისეთი, როგორსაც უპირველესად თავად შოთა, შემდეგ კი თურქი გულშემატკივარი ითხოვს.

ლუქსემბურგელთა შეტევების შემდეგ გატანა ტრაბზონსფორსაც შეეძლო, მარჯვენა ფლანგიდან ილმაზის ჩაწოდების შემდეგ აიდოღდუმ დაარტყა, მაგრამ ბურთს დიფერდანჟის მცველი გადაეფარა და კუთხურზე მოიგერია. შოთამ პირველი შეცვლა ამ მომენტის შემდეგ გააკეთა და ზენგინის ნაცვლად მოედანზე ერდოღანი შემოიყვანა. 70-ე წუთზე ტრაბზონმა ზედიზედ ორი მომენტი შექმნა - ჯერ ერდოღანის დარტმული მოიგერია მეკარემ, შემდეგ კი ეკიჩმა საცადა შორიდან გატანა, თუმცა იანიშის კარს მცირე მანძილით ააცილა. ზემოთ ნახსენები ფეხბურთელების გარდა ტრაბზონს ვერც ლაციოდან გადასული კავანდა ეხმარებოდა. საქმე ისაა, რომ ტრაბზონსფორმა კავანდა უეფას განაცხადის შევსების შემდეგ დაიმატა.

მატჩის ბოლო წუთები დაძაბული გამოდგა, რადგან დიფერდანჟი კონტრშეტევებზე ცდილობდა მომენტების შექმნას, თურქ ფეხბურთელებს კი აშკარად სურდათ მეორე გოლის გატანა. დიფერდანჟი ტრაბზონსფორს კლასით აშკარად ჩამოუვარდება, თუმცა, კლასში სხვაობა, სამწუხაროდ, ყველაფერში გამოჩნდა, ტაბლოს გარდა. არადა, დაგვეთანხმებით, ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია. მინიმალური სხვაობით გამარჯვების მიუხედავად, არველაძის დებიუტი ტრაბზონსფორის დამრიგებლის პოსტზე წარმატებული გამოდგა. საფინალო სასტვენის შემდეგ ადგილობრივმა გულშემარკივრებჰმა საყვარელი გუნდის ფეხბურთელები მოედნიდან ტაშით გააცილეს, ლუქსემბურგელებს კი ღირსეული თამაშისთვის მადლობა გადაუხადეს.

ოთო მუმლაძე ტრაბზონიდან

ლაშა კუპრაშვილის ფოტოები