სიახლეები

ჩიხურა ჯერაც არ შეკრებილა

გაუზიარე

ქართულმა კლუბებმა ევროპის ლიგაზეც ითამაშეს და გამოვარდნაც მოასწრეს, საჩხერის ჩიხურა კი ჯერაც არ შეკრებილა. ჩიხურა შარშან ზაფხულს ერთადერთი ქართული კლუბი იყო, რომელმაც ღირსეულად ითამაშა ევროტურნირში, ორი ეტაპი განვლო და თურქულ ბურსასფორსაც სძლია. რატომ არის სიჩუმე საჩხერელთა ბანაკიდან? ამის გასარკვევად გუნდის მწვრთნელს, სოსო ფრუიძეს დავუკავშირდით: 

„ბიუჯეტის დამტკიცებას ველოდებით. არ ვიცი, როდის დაგვიმტკიცებენ, შესაძლოა, ეს ყოველ წუთს მოხდეს. და სანამ არ ვიცით, რა ფინანსები გვექნება, მანამდე ვერც შემადგენლობას ვკრებთ“. 

ფრუიძემ ადრე გვითხრა, გვინდა, „ქართუ ბანკს“ სამწლიანი ან სულაც ხუთწლიანი პროექტი წარვუდგინოთო: 

„დიახ, ასეა და პროექტიც წარდგენილია. აქამდე ყოველთვის ერთი წლით განსაზღვრული ბიუჯეტი გვქონდა, მაგრამ ვსურს, რომ უფრო წინ გავიხედოთ, ვიცოდეთ, რას ვაკეთებთ და საიდან ვიწყებთ. გვსურს, ინტერნატის მსგავსი რამ გავაკეთოთ საჩხერეში. აი, მაგალითად, როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შექმნა ბავშვთა აკადემიის გუნდები. ჩვენთან ბევრი ბავშვი თუ მოზარდია, 500-მდე არიან. მარტო საჩხერეში 200, სოფლებში კი 300. ჯერჯერობით ეს ვერ ხერხდება, თუმცა იმედი არ დაგვიკარგავს“. 

ჩიხურაში ამჟამად მხოლოდ ორი ფეხბურთელია, რომლებსაც კონტრაქტი აკავშირებთ კლუბთან: ლაშა კუჭუხიძე და კახა კაკაშვილი. დანარჩენებმა ან სხვა კლუბებს მიაშურეს, ან ხელშეკრულება დაუმთავრდათ. 

„როდესაც ბიუჯეტი დამტკიცდება, შემადგენლობასაც შევკრებთ. ეს იმის მიხედვით მოხდება, თუ რა ფინანსური შესაძლებლობა გვექნება“ - გვითხრა ფრუიძემ. 

ილია ნანობაშვილი