სიახლეები

საბურთალო თამაშს თამაშზე იგებს

გაუზიარე

უმაღლესი ლიგის დებიუტანტმა საბურთალომ ამხანაგურ შეხვედრაში ბოლნისის სიონს 4:0 სძლია. შეგახსენებთ, 9 ივლისს გია ჭიაბრიშვილის ფეხბურთელებმა კიდევ ერთ უმაღლესლიგელს, ქუთაისის ტორპედოს მოუგეს დამაჯერებლად _ 3:1, ახლა კი ბოლნისელებს არ დაუტოვეს შანსი.

პირველი გოლი მე-10 წუთზე საბურთალოს მრავალსვლიან კომბინაციას მოჰყვა, ფანცულაია-გოშთელიანი-გვარაძის სამსვლიანი ამ უკანასკნელის ზუსტი დარტყმით დასრულდა. 30-ე წუთზე მასპინძლები უკვე ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ, ხარაიშვილის გამოზომილი პასით გოშთელიანმა გაიტანა. ტაიმის მიწურულს კი ფანცულაიმ გაზარდა ანგარიშში სხვაობა. 

მეორე ტაიმში ,,ბენდელაზე” შეკრებილმა მაყურებელმა კიდევ ერთი გოლი იხილა, ალთუნაშვილმა საჯარიმოს გარედან უძლიერესად დაარტყა, ბურთი ჯერ ძელს მოხვდა და შემდეგ გაეხვია ბოლნისელთა კარის ბადეში. 

ვფიქრობთ, ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საბურთალოს სახით უმაღლეს ლიგას საინტერესო, ახალგაზრდული გუნდი შეემატა და ფებურთელების მცირე ასაკის მიუხედავად, აშკარაა, რომ ეს გუნდი პირველივე სეზონში ამბიციურ გეგმებს დაისახავს. 

სიონთან შეხვედრაში გია ჭიაბრიშვილმა შემდეგი ფეხბურთელები ათამაშა: 

ქურდაძე, ბერიაშვილი, მამუჩაშვილი, ვაჭარაძე, ხარაიშვილი, ჩიბრაძე, ალთუნაშვილი, გვარაძე, სოფრომაძე, ფანცულაია, გოშთელიანი.

შეცვლაზე შევიდნენ: ჩოჩიშვილი, ბიძინაშვილი, მარგველაშვილი, მახაშვილი, ნიკოლაშვილი, ჯიქია

პაატა ძნელაძე