სამი ქართული გუნდი ევროპის ლიგას ერთმანეთის მიყოლებით ერთი კვირის წინ რომ გამოეთიშა, სანუგეშოდ მხოლოდ ჩვენი ლეგიონი დაგვრჩა - ლეგიონერები მოედანზე და ლეგიონერები სამწვრთნელო სკამზე...
ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გუშინ სამი ქართველი მწვრთნელი და ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპის კლუბებში მიმოფანტული რამდენიმე ფეხბურთელი გამოჩნდა...
საქმეში პირველი ლატვიური სკონტოს მწვრთნელი თამაზ პერტია ჩაერთო. მისმა გუნდმა რიგაში უნგრულ დებრეცენს უმასპინძლა და 2:2 ითამაშა. საპასუხო მატჩის წინ უპირატესობა, ცხადია, მადიარების მხარესაა, მაგრამ აქვე ვთქვათ, რომ სკონტო გუშინდელ შეხვედრას აგებდა, შემდეგ კი დაწინაურებაც მოახერხა. ჩანს, პერტია თავის შეგირდებთან ერთად მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურს უბრძოლველად არ დათმობს.
შემდეგ ლიტვური თრაკაის მცველის, 23 წლის ნიკა აფაქიძის ჯერი დადგა. ნიკა თრაკაიში შარშან ზაფხულს გადავიდა და მას შემდეგ ამ გუნდში 12 მატჩი ჩაატარა. მეთორმეტე სწორედ გუშინ იყო _ კვიპროსზე, აპოელთან. ლიტველებმა 0:4 წააგეს, ნიკა აფაქიძემ კი მეორე ტაიმში, შეცვლაზე ითამაშა.
ტრაბზონში შოთა არველაძის ხელმეორე დებიუტი შედგა და, რაც მთავარია, წარმატებული. შოთა 18 წლის შემდეგ დაბრუნდა ტრაბზონულ გუნდში და ისევე, როგორც ადრე, ადგილობრივი ქომაგობა ახლაც დადებითად დამუხტა. ქართველი მწვრთნელის შეგირდებმა, რომლებმაც მზადება ზუსტად ორი კვირის წინ დაიწყეს, ლუქსემბურგის დიფერდანჟი მოკრძალებული ანგარიშით, მაგრამ ნულზე დაამარცხეს _ 1:0.
ტრაბზონში მატჩი მორჩა და პოლონეთში ნიკა ძალამიძის იაგელონიასა და უჩა ლობჟანიძის ომონიას შეხვედრა დაიწყო. ორივე ჩვენიანმა შეუცვლელად ითამაშა, ძალამიძე უტევდა, ლობჟანიძე თავს იცავდა. საბოლოოდ ტაბლოზე 0:0 დაფიქსირდა და გამარჯვებულის ვინაობა კვიპროსში გარკვევა.
ზაურ სვანაძის თავკაცობით ბაქოს ინტერის ქართველებმა _ ნიკა კვეკვესკირმა, ზურაბ ხიზანიშვილმა და ლაშა კასრაძემ ისლანდიაში ჰაფნარფიორდურთან ითამაშეს, მეკარე გიორგი ლომაია კი თადარიგში იყო. სამივე ქართველი სასტარტოში იყო, ზურაბ ხიზანიშვლმა ყვითელი ბარათი მიიღო, მერე კი... ინტერმა პირველი ტაიმი წააგო, შესვენების შემდეგ მასპინძლებს ფეხბურთელი გაუძევეს, კაცნაკლულ მეტოქეს კი ანგარიში ნიკა კვეკვესკირმა პენალტით გაუთანაბრა. კვეკვესკირის გოლს ხუთ წუთში მისმა თანაგუნდელმა მარტინსმა მეორეც მიაყოლა. საპასუხო მატჩში რა უნდა მოხდეს, ბაქოელებმა ასეთი უპირატესობა გაფლანგონ და მომდევნო ეტაპის საგზური ისლანდიელებს დაუთმონ?!
მოკლედ, ევროსარბიელზე, უფრო სწორად, ევროპის ლიგაში ჩვენ სხვა რაღა დაგვრჩენია, კონტინენტზე გაბნეულ ქართველობას თუ ვუქომაგებთ...
გაუზიარე