სიახლეები

ზარანდიამ ითამაშა, ოქრიაშვილი დაასვენეს

გაუზიარე

მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა ბელგიურმა გენკმა, რომლის ღირსებას იცავენ ქართველი ფეხბურთელები, თორნიკე ოქრიაშვილი და ლუკა ზარანდია. გენკმა ინგლისური ჩემპიონშიპის ბინადარ ჩარლტონს 1:0 სძლია. ამ შეხვედრაში მწვრთნელმა ოქრიაშვილს დასვენების საშუალება მისცა, ზარანდია კი ძირითადში იყო და მატჩის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე შეცვალეს. ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში გენკის ერთ-ერთმა ლიდერმა დე კამარგომ გაიტანა. ზარანდია საკმაოდ აქტიური იყო და ორივე ტაიმში თითოჯერ დაემუქრა ინგლისელთა კარს.

ბელგიის ჩემპიონატი სტარტს 24 ივლისს აიღებს და ჩვენებურების გენკი პირველ ტურში ევერლეს დაუხვდება. შეგახსენებთ, გენკი წინა სეზონში ევროტურნირების მიღმა დარჩა. მომავალ სეზონშიც ოქრიაშვილისა და ზარანდიას გუნდის მიზანი ევროტურნირების საგზურის მოპოვება იქნება.

პაატა ძნელაძე