სიახლეები

ბათუმელთა ფორვარდი ომონიასა და მიხეილ ალავიძეზე

გაუზიარე
ევროპის ლიგის მონაწილე სხვა ქართული კლუბების მსგავსად, პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდა ბათუმის დინამოც, რომელმაც კვიპროსული ომონიას ბარიერი ვერ გადალახა. გუშინ ბათუმელთა ფორვარდ დიმიტრი ტატანაშვილს  გავესაუბრეთ.  

პირველ შეხვედრაში ომონიას დამარცხებამ გაგვიჩინა იმედი, რომ შემდეგ ეტაპზე ბათუმის დინამო გავიდოდა, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად დასრულდა.

ამას ობიექტური მიზეზები აქვს. პირველ რიგში იმის თქმა მინდა, რომ ყოველმხრივ უფრო დალაგებული და მოწესრიგებული გუნდია, ბიუჯეტების შედარება კი, უბრალოდ, სასაცილო იქნება. ყოველივე ამას თუ გავითვალისწინებთ, ომონიას გამარჯვება გასაკვირი ნამდვილად არ არის. მთავარი კი საქართველოს ჩემპიონატის დონეა, თუ აქ დონე არ ამაღლდა, სამწუხაროდ, უკეთესი შედეგები არ გვექნება. 

არ გაგვკვირვებია, ომონიამ თავიდანვე რომ მოიპოვა უპირატესობა, მაგრამ ესაც ფაქტია _ ბათუმის დინამო მხოლოდ დაცვაზე იყო ორიენტირებული, ფეხბურთში კი, თუ არ შეუტევ, ბუნებრივია, შედეგს ვერ მიაღწევ.

ჩვენც დიდი სურვილი გვქონდა, რომ შეგვეტია და გოლი გაგვეტანა, მაგრამ ეს ასე ადვილი არ არის. მაშინ, როდესაც ჩვენ საქართველოს ჩემპიონატში თითებზე ჩამოსათვლელ შეხვედრებში ვიმაღლებთ კლასს, ომონიას პრაქტიკულად მთელი სეზონი კარგ მოედნებზე და ძლიერ გუნდებთან უწევს თამაში. მეტოქის შედარებით მაღალ კლასს ბათუმის დინამომ პირველ შეხვედრაში ბრძოლისუნარიანობა დაუპირისპირა, მოვიგეთ კიდეც ის შეხვედრა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში ომონიას ჯობნა მაინც ვერ მოვახერხეთ.

გადამწყვეტი, ალბათ, ის მომენტი აღმოჩნდა, როდესაც შეხვედრის არბიტრმა თქვენს კარში პენალტი დანიშნა და თან ტეტუნაშვილის გაძევებით რიცხობრივ უმცირესობაში დაგტოვათ.

ამ ეპიზოდმა მართლაც გადამწყვეტი როლი ითამაშა. ისე არ მინდა გამომივიდეს, თითქოს წაგებას მსაჯს ვაბრალებდე, მაგრამ ფაქტია, რომ ორივე ტაიმში საშინელი მსაჯობა იყო.

ორი გაშვებული გოლის მიუხედავად, კვლავაც კარგად ითამაშა მიხეილ ალავიძემ.

ალავიძე რომ არ გვყოლოდა, შეიძლება, 0:5 წაგვეგო. მისგან მიჩვეულები ვართ კარგ თამაშს და ასე იყო კვიპროსშიც. ჩემი აზრით, ალავიძე დღეს საქართველოში საუკეთესო მეკარეა.

ახლა საქართველოს ჩემპიონატზე მოგიწევთ გადმორთვა.

წინა სეზონში ბათუმში, ფაქტობრივად, ახალი გუნდი გაკეთდა და ჩვენი მიზანი სულაც არ იყო, პირველივე სეზონში მოგვეპოვებინა ევროტურნირების საგზური, მაგრამ ჩემპიონატის მსვლელობამ დაგვანახა, რომ თავისუფლად შეიძლებოდა, სულ მცირე, ევროპის ლიგაზე გასვლა. გუნდის შენება ახალ სეზონშიც გაგრძელდება, ამასთან, ძირითადი შემადგენლობაც შევინარჩუნეთ და დარწმუნებული ვარ, ევროარენაზე უფრო ძლიერი გუნდით წარვდგებით. მაგრამ აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა ისიც, რომ სანამ ბათუმში სტადიონი არ იქნება, აჭარაში ფეხბურთი არ განვითარდება. უბრალოდ, სირცხვილია, რომ ასეთი ტრადიციული საფეხბურთო ქალაქის გუნდი საშინაო შეხვედრებს მეზობელ ქობულეთში ატარებს.

ვიცი, რომ შენი გადაბირებით რამდენიმე გუნდი იყო დაინტერესებული...

გადაწყვეტილია, რომ ბათუმის დინამოში ვრჩები, გუნდთან კონტრაქტი მაქვს და არსად წასვლაზე არ ვფიქრობ.

პაატა ძნელაძე