სიახლეები

შოთა არველაძე : იმედი მაქვს, ხვალ ტრაბზონელ გულშემატკივარს გავახარებთ

გაუზიარე

ჟურნალისტების წინაშე შოთა მეკარე, ონურ კივრაკთან ერთად წარსდგა. 27 წლის მეკარე გუნდის კაპიტანია და სანამ ჟურნალისტები მას კითხვებს დაუსვამდნენ, ტრაბზონსპორში შოთა არველაძეს მთავარ მწვრთნელად დანიშვნა მიულოცა.

შოთა არველაძე : მოგესალმებით და მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ გხვდებით ამ დარბაზში. ტრაბზონსპორში მწვრთნელის რანგში დაბრუნება ჩემთვის განსაკუთრებული ამბავია. რაც შეეხება ხვალინდელ შეხვედრას, მეტოქე შესწავლილი გვყავს და ვიცით, რომ სეზონი მეორე პოზიციაზე დაასრულეს. ჩვენ კონკრეტული მიზნები გვაქვს და ხვალინდელ მატჩში აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. იმედი მაქვს კარგი თამაში იქნება, დუელი ორრაუნდიანია და დარწმუნებული ვარ, მაყურებელი კარგ სანახაობას იხილავს.

ონურ კივრაკი: გვიხარია რომ, შოთა არველაძე ჩვენს გუნდშია, ის საკმაოდ ამბიციური მწვრთნელია. ევროპის ლიგაზე პირველ მატჩს ვატარებთ და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ თავი კარგად წარმოვაჩინოთ. ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად პირველივე მატჩში უნდა გავიმარჯვოთ.

რამიზნებიაქვსტრაბზონსფორსმომავალსეზონში?

ონურკივრაკი:  ტრაბზონსფორს ყოველთვის მაღალი მიზნები აქვს და ასე იქნება მომავალ სეზონშიც. თუმცა ჩვენ ხვალინდელ მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი და გვინდა სეზონი გამარჯვებით დავიწყოთ. ყველაფერს გავაკეთებ მეც და დარწმუნებული ვარ მთელი გუნდიც, რომ ხვალინდელ მატჩში გამარჯვება ჩვენ დაგვრჩეს. გუნდში ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობენ და მათთან ერთად მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეიძლება.

ამის შემდეგ ქართველმა და თურქმა ჟურნალისტებმა კითხვები შოთა არველაძეს დაუსვეს.

რა ემოცია დაგეუფლათ, როცა ტრაბზონსფორში მწვრთნელის რანგში დაბრუნდით?

როგორც მწვრთნელისთვის, ეს ჩემი პრიველი ნაბიჯებია ტრაბზონსპორში. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ემოციური მომენტია და ძალიან ბედნიერი ვარ, აქ რომ დავბრუნდი. იმედი მაქვს, ხვალ ტრაბზონელ გულშემატკივარს გავახარებთ.

რა მიზნები გაქვს ტრაბზონსპორთან ერთად თურქეთის სუპერლიგასა და ევროპის ლიგაზე. იყო თუ არა შენთვის ტრაბზონსფორში მუშაობა ამ განსაკუთრებულად სასურველი?

ტრაბზონსპორში მუშაობა ჩემთვის განსაკუთრებული ამბავია, რადგან საერთაშორისო კარიერა სწორედ აქ, ამ კლუბში დავიწყე. ტრაბზონსფორში მწვრთნელად მუშაობა განსხვავებული და საპასუხისმგებლო საქმეა, რადგან ამ კლუბს ყოველთვის დიდი მიზნები აქვს. აქ შეიძლება მოიგო თამაშები, აიღო ქულები და ყველაფერი კარგად მიდიოდეს, თუმცა ფეხის დაცდენის უფლება არ გაქვს. ეს კლუბი საშუალებას გაძლევს განვითარდე და კარიერაში რამდენიმე საფეხურით მაღლა აინაცვლო. მე მაქსიმალურად ვეცდები კლუბის ხელმძღვანელების და ქომაგების იმედები გავამართლო და ყველაფერი გავაკეთო ტრაბზონსფორის წარმატებისთვის. ჩვენი გუნდი ევროპის ლიგაზეც და თურქეთის სუპერლიგაშიც მაქსიმუმის მიღწევა ეცდება.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ თურქ კოლეგებს გავესაუბრე. თავიდანვე ნათელი იყო, რომ გულშემატკივრებთან ერთად, არველაძის ტრაბზონში დაბრუნებას ჟურნალისტებიც დადებითად შეხვდნენ. მათთან უშუალო საუბრის შემდეგ კი, ეს აზრი უფრო მეტად გამიმყარდა. თურქმა კოლეგამ რამდენიმე შესაძლო ტრანსფერის შესახებაც გვამცნო, გვითხრა რომ ტრაბზონსპორი რამდენიმე მაღალი დონის ფეხბურთელის დამატებას აპირებს, მათ შორის ერთ-ერთი  ქართველიაო.

''შოთა დიდი ფეხბურთელი იყო, ერთ-ერთი საუკეთესო  კლუბის ისტორიაში. ფანებს ის ძალიან უყვართ, მისი პიროვნული თვისებების გამოც. ის ყოველთვის კარგ განწყობაზეა და ეს ყველასთვის გადამდებია. ვფიქრობ, შოთა პერსპექტიული მწვრთნელია და მისი ტრაბზონსფორში დანიშვნა კარგი გადაწყვეტილება იყო. მე ვუყურე მის ვარჯიშებს, ის მუდმივად კონტაქტშია ფეხბურთელებთან და დეტალურად უხსნის, თუ რას ითხოვს მათგან. აშკარაა, რომ შოთა შემტევი ფეხბურთის მიმდევარია და დარწმუნებული ვარ, ეს ტრაბზონსფორის ფანებს მოეწონებათ. რაც შეეხება სატრანსფერო გეგმებს, ვიცი, რომ კლუბი დაინტერესებულია პაბლო ოსვალდოთი, რომელიც სხვადასხვა დროს რომაში, საუთჰემპტონში, იუვენტუსში, შემდეგ კი ინტერში გამოდიოდა, ახლა კი განათხოვრებით ბოკა ხუნიორსში თამაშობს. ასევე დაინტერესბულია პაპის სისეს ტრანსფერით, რომელიც ნიუკასლის ერთ-ერთი ლიდერია და გიორგი ლორიათიც, რომელიც ოლიმპიაკოსში და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშობს. ოსკარ კარდოზოს, რომელიც ტრაბზონსპორის ლიდერია, წელის დაზიანება აქვს და მას ჩანაცვლება სჭირდება, რადგან, შესაძლოა ოპერაცია დასჭირდეს. შოთას ერთი წმინდა ფორვარდით თამაში უყვარს, ამიტომ მას აუცილებლად დასჭირდება მაღალი დონის თავდამსხმელი''. - გვითხრა Sabah Newspaper-ის ჟურნალისტმა იუნუს ემრე სელმა.
თურქი ჟურნალისტის ინფორმაციაზე ჩვენთან საუბარში კომენტარი გააკეთა შოთა არველაძემ, რომელმაც უარყო ცნობა, თითქოს ტრაბზონსფორი რომელიმე ქართველი ფეხბურთელის დამატებას აპირებდეს. საუბარია გიორგი ლორიას, გურამ კაშიასა და საბა კვირკველიას შესაძლო ტრანსფერებზე. არველაძემ თქვა, რომ ამ ეტაპზე მის გუნდში ქართველი ფებხურთელის დამატება არ მოხდება. რაც შეეხება ზოგადად ტრანსფერებს, ტრაბზონსპორი ორი-სამი მაღალი დონის ფეხბურთელის დამატებაზე მუშაობს.

ტრაბზონსფორის საწვრთნელ ბაზაზე ერთად პირველად ავარჯიშეს გუნდი შოთა არველაძემ და გიორგი დევდარიანმა. ქართული მედიისთვის ვარჯიში ბოლომდე ღია იყო. საწვრთნელი პროცესი ტრავმის გამო ოსკარ კარდოზომ, ექს-სევილიელმა მბიამ და გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ბოსინგვამ გამოტოვეს. გადაწყვეტილია, რომ დღევანდელ მატჩში ტრაბზონსფორს ვერც ერთი მათგანი ვერ დაეხმარება. ვარჯიშის დასრულების შემდეგ გიორგი დევდარიანმა ,,ჩვენს თამაშთან“ კომენტარი გააკეთა:

''მთავარი დაბრკოლება და დისკომფორტი ჩემთვის ამ ეტაპზე თურქული ენის არცოდნაა. ყოველდღიურად დიდ დროს ვხარჯავ ენის შესასწავლად და იმედი მაქვს მალე ავითვისებ. აქ ყველანაირი პირობაა, ფინანსურიც, ორგანიზაციულიც და ფსიქოლოგიურიც, რომ გუნდმა მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს. მინდა შოთა არველაძეს მადლობა გადავუხადო და მისი ნდობა ჩემი კარგი მუშაობით გავამართლო. შოთას ჩემზე ახლო ბევრი მეგობარი ჰყოლია და ჰყავს, ამიტომ აქ ამ ნიშნით არ წამოვუყვანივარ. რომელიმე მეგობრის წამოყვანა რომ სდომოდა, ჩემზე ახლობლებიც ჰყავს. იმედი მაქვს, ერთობლივი შრომით კარგ შედეგებს მივაღწევთ.

ფაქტია, რომ აქედან კიდევ უფრო მკვეთრად ჩანს ქართული ფეხბურთის პრობლემები. აქაური პირობების შემხედვარე, არ შეიძლება სინანულის გრძნობა არ გაგიჩნდეს. ჰოლანდიაში ტრაბზონსფორის შეკრებაზე იმდენი ადამიანი მოდიოდა ვარჯიშებსა და ამხანაგურ თამაშებზე, რამდენიც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ცენტრალურ მატჩებზე არ დადის''. - გვითხრა დევდარიანმა.

ამრიგად,  შოთა არველაძე ეცდება დღეს ისევე გაახაროს ტრაბზონელი გულშემატკივრები, როგორც ამას 90-იანი წლებში რამდენიმე წლის განმავლობაში აკეთებდა...

ოთო მუმლაძე ტრაბზონიდან