სიახლეები

კანკავა – მოგება, ნანი და ისევ რეიმსი

გაუზიარე

გუშინ სტამბოლში ფენერბაჰჩე-დნიპროს ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელშიც უკრაინულმა გუნდმა 1:0 გაიმარჯვა. ეს ერთადერთი გოლი ფენერის პორტუგალიელმა მცველმა ბრუნო ალვეშმა საკუთარ კარში გაიტანა. ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა და დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულა.

მატჩში ერთადერთი გაფრთხილება იყო და ისიც კანკავამ მიიღო. პირველი ტაიმის შუაში ჯაბა პორტუგალიელ ნანის ეუხეშა... გამწარებული ნანი ქართველს მიეჭრა და, რა თქმა უნდა, არც ჩვენიანი დაუთმობდა: თავებით შეეხნენ ერთმანეთს და ურთიერთობას არკვევდნენ. მერე ნანი ისევ მოედანზე დაეცა, ფეხი სტკიოდა, თუმცა თამაში მაინც გააგრძელა. 

ისე, კანკავა უკვე თითქმის ყველა მატჩში იღებს ყვითელ ბარათს და მათ შორის, ამხანაგურებშიც. წინა შეხვედრაშიც მიიღო ბრიუგესთან.         

რაც შეეხება ჯაბას ფრანგულ რეიმსში შესაძლო გადასვლას: მოლაპარაკება დაახლოებით ერთი კვირის წინ დაწყებულა, შემდეგ შეჩერდა და როგორც ქართველმა ფეხბურთელმა გვითხრა, ისევ აქტუალური გახდა. კანკავამ გვაცნობა, მოლაპარაკება მიმდინარეობსო. რეიმსი მე-15 ადგილზე გავიდა საფრანგეთის ჩემპიონატში. 

ილია ნანობაშვილი