სიახლეები

ისევ წითელი, ისევ მარცხი

გაუზიარე
14 ივლისი. ბელგრადი. „ფკ პარტიზანი“. 24 000 მაყურებელი  

პარტიზანი-დილა 1:0

1:0 ბაბოვიჩი (83)

პარტიზანი: ჟ. ჟივკოვიჩი, ვულიჩევიჩი, ბალაჟიჩი, ჩირკოვიჩი, პეტროვიჩი, იევტოვიჩი, ომარუ (ა. ჟივკოვიჩი 61), ბრაშანაცი, ბაბოვიჩი, ნინკოვიჩი (ილიჩი 72), ბოჟინოვი (საპონიჩი 77)

სათადარიგოები: კლიაიჩი, ბოგოსავაცი, ოსტოიჩი, ლუკიჩი

მწვრთნელი: ზორან მილინკოვიჩი

დილა: შევჩენკო, ხურცილავა, პაპავა, კვახაძე, კვირკველია, ფალავანდიშვილი, გვალია, რაზმაძე, ნავალოვსკი, 
ილურიძე (თ. ღონღაძე 90), მარცვალაძე (ძარია 83)

სათადარიგოები: მუჯრიშვილი, ბაგაევი, ერისთავი, კვირკვია, მოდებაძე

მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

გაფრთხილება: პაპავა (7), მარცვალაძე (58), ფალავანდიშვილი (65), კვირკველია (90)

გაძევება: ფალავანდიშვილი (82)

მსაჯი: ბასტიან დანკერტი (გერმანია)

„შავი ხუთშაბათის“ შემდეგ, როცა ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან სამივე ქართული კლუბი გავარდა, გორის დილას მისია და პასუხისმგებლობა ერთიათად ამაღლდა – საქართველოს ჩემპიონს სრულიად ქართული ფეხბურთის პრესტიჟი უნდა დაეცვა და ქართველი ქომაგისთვის რამენაირად რამდენიმე დღის წინანდელი გულისტკენა უნდა დაევიწყებინა. საამისოდ გუშინ დილამ ნაბიჯი ვერ გადადგა, მაგრამ ვერც მისმა მეტოქემ შეიქმნა იმხელა უპირატესობა, საპასუხო დაპირისპირების წინ თავი ქუდში რომ დაიგულოს.

სამწუხაროდ, გუშინ გორელებმა ბელგრადელებს თანაბარი მეტოქეობა ვერ გაუწიეს. ეს ის შემთხვევაა, როცა მოედანზე განვითარებულ მოვლენებს ყველაზე უკეთ მშრალი სტატისტიკა აღწერს, რომელიც ამგვარია: ბურთის ფლობა 66/34, კარისკენ დარტყმა 21/1, კარში დარტყმა 9/0, კუთხური 14/1 – ეს ყველაფერი, ცხადია, პარტიზანის სასარგებლოდ, ხუთი ყვითელი და ერთი წითელი ბარათი „სუფთად“ დარჩენილი მეტოქის საპირწონედ, 18 ჯარიმა 6-ის წინააღმდეგ – ამ ნეგატივში კი მაღალი რიცხვები დილას ეკუთვნის. 

რაც შეეხება ვიზუალს, მატჩის ტელერეპორტაჟი ვერ ვიხილეთ და ისღა დაგვრჩენოდა, თამაში უხარისხო ინტერნეტ-ლინკების მეშვეობით გვენახა. დილას თამაშის ხარისხი კი დაახლოებით ამ გამოსახულების იდენტური იყო. ნელი ტემპი, უსუსური კონტრშეტევები, დაგვიანებული გადაწყვეტილებები, დათმობილი სივრცეები, წაგებული ცენტრი – ამ და სხვა არაერთმა წაგებულმა კომპონენტმა მარცხი თავისთავად განაპირობა.

და ყოველივე ამის მიუხედავად, მაინც დარწმუნებით უნდა ვთქვათ, რომ დილას წილისყრაში გაუმართლა. მის წინააღმდეგ ითამაშა საშუალოზე საშუალო გუნდმა, რომელსაც შეტევაში ჰქონდა უამრავი ხარვეზი და სწორედ ამიტომ იყო, ქართველთა კარის ბადე მხოლოდ ერთხელ რომ შეარხია. კაპიკი იყო პარტიზანის ცნობილი ბულგარელი ახალწვეულის, ვალერი ბოჟინოვის ფასი, მთავარი საქმე ისევ და ისევ სერბული ფეხბურთის ახალთაობელებმა გააკეთეს.

სტადიონს პირთამდე შევსებული არ ეთქმოდა, მაგრამ, პარტიზანისგან განსხვავებით, მისმა გულშემატკივრებმა მოვალეობას თავი იდეალურად გაართვეს. პარტიზანს ომახიანი გამხნევება არ მოჰკლებია, ყველაზე მეტად კი, ტრადიციულად, ფან-კლუბი „გრობარი“ (მესაფლავეები) აქტიურობდა.

დილას სასტარტო შემადგენლობაში იმ ფეხბურთელთაგან, რომლებიც წინა სეზონში საქართველოს ჩემპიონები გახდნენ, მხოლოდ ხუთი მოხვდა. გორელებმა ოთხი მცველით, სამი საყრდენითა და სამი შემტევით ითამაშეს.

მასპინძლებმა სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა თავიდანვე იგდეს ხელთ, თუმცა დიდი ფანტაზიით ვერ უტევდნენ. პარტიზანი ფლანგური გარღვევებითა და ჩაწოდებებით ცდილობდა ფონს გასვლას, მაგრამ რეალურ საგოლე მომენტებს მაინცდამაინც ხშირად ვერ ქმნიდა. თუმცა მე-5 წუთზე გადავრჩით – ბრასანაცის თავური სანტიმეტრებით ასცდა დილას კარს.

30-ე წუთზე დილას გათანაბრება შეეძლო, როცა დავით ხურცილავას გრძელი პასით ოთარ მარცვალაძე მთლად კომფორტულ არა, მაგრამ მაინც დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა, მან კი მეტოქის მცველის მოტყუება განიზრახა და ბურთი დაკარგა. ოთარს მეორე ტაიმშიც შეეძლო კარის ჩარჩოში დარტყმა, მაგრამ კვლავ კაცზე წავიდა და კვლავ უშედეგოდ. გამოცდილი ქართველი ფორვარდი აშკარად შორს არის ოპტიმალური ფორმისგან. თავი ვერც გიორგი ილურიძემ გამოიჩინა, ამ დროს კი, საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ირაკლი მოდებაძე ბოლომდე თადარიგში დარჩა...

პარტიზანმა მეორე ტაიმში ბევრი საგოლე ეპიზოდი ვერ შექმნა, თუმცა დილას დაცვა გამუდმებულ წნეხში ჰყავდა. მოედნის ცენტრი მთლიანად სერბებისა იყო, გორელთა საჯარიმოშიც ხშირად `ცხელოდა~. შეცვლაზე შესულმა ანდრია ჟივკოვიჩმა კინაღამ დააწინაურა თავისიანები, მაგრამ ქართველები კარის ხარიხამ იხსნა, ორიოდე წუთში კი ალექსეი შევჩენკომ ძალიან სახიფათო თავური მოიგერია. 

მოსახდენი მაინც მოხდა. გუგა ფალავანდიშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და წინა ხუთშაბათის ტრადიცია გააგრძელა, როცა ევროტურნირებზე კაცი უკლებლივ ყველა ქართულ გუნდს გაუგდეს. დაინიშნა ჯარიმა, რომელიც სტეფან ბაბოვიჩმა უნაკლოდ შეასრულა – 1:0.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ გერმანელ მსაჯს დილას მარცხში განსაკუთრებული წვლილი ნამდვილად არ მიუძღვის, მაგრამ მასპინძელთა მიმართ გადამეტებული სიმპათიებით რომ გამოირჩეოდა, ესეც აშკარაა.

ბასტიან დანკერტმა მატჩის ძირითად დროს ხუთი წუთი დაამატა, მესამე კომპენსირებულ წუთზე კი დილას კარში მეტად საეჭვო თავისუფალი დარტყმა დანიშნა და მეორე გოლს ბეწვზე გადავურჩით.

ანგარიშის გათანაბრებაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო, კაცნაკლულ დილას როგორმე ეს ანგარიში უნდა შეენარჩუნებინა და მსაჯმაც, თავისსავე დამატებულ ხუთ წუთს კიდევ წუთზე მეტი რომ დაამატა, როგორც იქნა, საფინალოდ ჩასტვინა. 

ძალიან ძნელია, ოპტიმისტურად განეწყო იმ ფეხბურთის მერე, რაც გუშინ დილას შესრულებით ვიხილეთ, მაგრამ იმედი ბოლოს კვდება – 0:1 ხომ ის ანგარიშია, რომლის გაბათილებაც, თეორიულად, რეალურ ამოცანად უნდა მივიჩნიოთ. გუშინდელი ხარისხით საქართველოს ჩემპიონს ეს ვერაფრისდიდებით ვერ გამოუვა, მაგრამ იქნებ მომავალ სამშაბათს გორის „თენგიზ ბურჯანაძეზე“ სულ სხვა დილა ვნახოთ.

ლევან ჯანეზაშვილი