სიახლეები

მალხაზ ჟვანია ნაცნობ გზაზე - ლიახვთან ერთად უმაღლესი ლიგისკენ

გაუზიარე
მალაზ ჟვანიას დონის სპეციალისტები უქმად რომ არ უნდა იყვნენ, ამას მტკიცება არ სჭირდება და ძალიანაც კარგი, რომ საკმაო პაუზის შემდეგ ეს მწვრთნელი კვლავ უბრუნდება პრაქტიკულ საქმიანობას. მალხაზ ჟვანიამ პირველ ლიგაში გადასული ცხინვალის ლიახვი ჩაიბარა და ამ გუნდთან ერთად აპირებს უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას. 

ბოლოს თბილისის დინამოს მთავარი მწვრთნელი იყავით, შემდეგ უმაღლესი ლიგის რამდენიმე კლუბი გიწვევდათ, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი პირველ ლიგაში ახლახან გადასულ ცხინვალის ლიახვზე შეაჩერეთ...

ბუნებრივია, ყველა მწვრთნელსა და ფეხბურთელს სურს, რომ უმაღლეს ლიგაში იტრიალოს და ისაქმიანოს, მაგრამ ლიახვის შეთავაზებაზე დიდხანს არ მიფიქრია და მათ წინადადებას მალევე დავთანხმდი, რადგან ჩვენი მიზანი პირველივე სეზონში უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვება იქნება. უმაღლესში გადასვლისთანავე კი იმას ვეცდებით, რომ შედარებით მაღალი ადგილი დავიკავოთ, ანუ იმის თქმა მინდა, რომ ლიახვს საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს და აქ მუშაობა ჩემთვის საინტერესო იქნება.

გუნდში არაერთი გამოცდილი ფეხბურთელი მიიყვანეთ _ ოთარ ხიზანეიშვილი, მაქსიმე ქვილითაია, ლექსო ინწკირველი... არ გაგიჭირდათ მათი დაყოლიება პირველ ლიგაში თამაშზე?

რომ გაიგეს, თუ რა გეგმები ჰქონდა ლიახვს, ისინი სიამოვნებით გადმოვიდნენ ჩვენს გუნდში. პირველ ლიგაში დიდხანს ყოფნას არ ვაპირებთ და, გარდა ამისა, გუნდის ახალგაზრდა წევრებისთვისაც მნიშვნელოვანი და სასარგებლო ფაქტორია ასეთ გამოცდილ მოთამაშეებთან ერთად ყოფნა.

საუბარია დავით სირაძის დამატებაზეც...

ეს საკითხი ჯერჯერობით არ გადაწყვეტილა, თუმცა ჩვენ ძალიან გვსურს, რომ დათოს დონის ფეხბურთელმა ჩვენთან ითამაშოს.

ბოლო წლები უმაღლეს ლიგაში მუშაობდით, არ გაგიჭირდებათ პირველ ლიგაში დაბრუნება და ხელახალი ადაპტაცია? თქვენი აზრით, რა სხვაობაა უმაღლეს და პირველ ლიგებს შორის?

პირველი ლიგის სპეციფიკას ძალიან კარგად ვიცნობ, რადგან ჯერ მარტვილის მერანში მუშაობისას გავატარე სამი წელი პირველ ლიგაში, შემდეგ კი თბილისის დინამოს მეორე გუნდთან ერთად ვიმუშავე გარკვეული პერიოდი ამ ლიგაში, ასე რომ, არანაირი პრობლემა არ იქნება. რაც შეეხება სხვაობას, პირველი, რაც თვალში საცემია, ესაა მოედნების ხარისხი. სამწუხაროდ, პირველი ლიგის გუნდების უმრავლესობას ძალიან უხარისხო მოედნები აქვს. ასევე, საგრძნობია განსხვავება ფეხბურთელების კლასში. უმაღლეს ლიგაში გაცილებით სწრაფ ტემპში თამაშია საჭირო. მაგრამ, არ მინდა, ისე გამიგოთ, თითქოს მივიჩნევდე, რომ პირველ ლიგაში თამაში იოლია. წინ საკმოდ რთული სეზონი გველის, პირველი ლიგაში თამაში ადვილი ნამდვილად არ არის, მით უმეტეს, რომ ახლა კონკურენცია მძაფრი იქნება.

როგორც ჩანს, ლიახვს დაფინანსების პრობლემები არ აქვს.

თუ რამდენი იქნება კლუბის ბიუჯეტი, ამას ზუსტად ვერ მოგახსენებთ, რადგან ჩემი კომპეტენცია არ არის. მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერჯერობით პრობლემა არაფერზე შეგვქმნია, როგორც ჩანს, საკმაოდ ნორმალური ბიუჯეტი გვექნება.

ახალი სეზონისთვის სად მოემზადებით?

ჯერ გორში, ქართლის სტადიონზე, სადაც უკვე ვვარჯიშობთ კიდეც და აქვე გავმართავთ საშინაო შეხვედრებს. შემდეგ ბაკურიანში გავემგზავრებით, მზადების ბოლო ეტაპს კი ურეკში გავივლით და ჩემპიონატის სტარტს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით.

პაატა ძნელაძე