სიახლეები

კახა კაჭარავა: მილიონი ლარით ევროტურნირებზე წარმატება წარმოუდგენელია

გაუზიარე
ცხინვალელთა ახალგაზრდულმა შემადგენლობამ ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო შეხვედრაში საგარეო 1:1-ის მიუხედავად, შინ რუმინულ ბოტოშანისთან 1:3 წააგო და ევროარენას პირველივე ეტაპზე დაემშვიდობა. ამის მიზეზებზე ცხინვალელთა თავკაც კახა კაჭარავას გავესაუბრეთ.

მართალია, ბოტოშანი აშკარა ფავორიტი იყო, მაგრამ პირველი შეხვედრის ანგარიშიდან გამომდინარე ნამდვილად გვქონდა იმედი, რომ ცხინვალი შემდეგ ეტაპზე გასვლას შეძლებდა.

სამწუხაროდ პირველივე წუთებზე ბავშვური შეცდომა დავუშვით და გოლით დავისაჯეთ. შეცდომებს ამის შემდეგაც ბევრს ვუშვებდით, უმაღლესი ლიგის ფეხბურთელებს ამხელა წუნი არ უნდა Hჰქონოდათ, მაგრამ ახლა ვერაფერს შევცვლით. მაშინ როდესაც მეტოქე იდეალურ პირობებში ემზადებოდა ჩვენთან სათამაშოდ, ამხანაგურ შეხვედრებში ხვდებოდა დონეცკის შახტარს და კრასნოდარს, ჩვენ მხოლოდ ათდღიანი მოსამზადებელი პერიოდი გვქონდა და ბუნებრივია, ასეთ პირობებში შემდეგ ეტაპზე გასვლა ძალიან ძნელია.

პირველ შეხვედრაში თქვენს ფეხბურთელებს ფსიქოლოგიური წნეხი არ ჰქონდათ და ფრედაც ითამაშეთ. აი, მეორე მატჩში კი, როცა გუნდისგან უკვე შედეგს ითხოვდნენ, აშკარად ზედმეტს ნერვიულობდნენ და ეს შედეგზეც აისახა.

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ცხინვალის ფეხბურთელების საერთო ასაკი დაახლოებით 19 წელია და ბევრი მათგანი საერთოდ პირველად თამაშობდა ევროტურნირებზე. ასეთ დროს კი მწვრთნელმა როგორი მუშაობაც არ უნდა გასწიოს, ძნელია მოთამაშეები ფსიქოლოგიური თვალსაზრისით იდეალურ მდგომარეობაში იყვნენ. ჩვენ შეგვეძლო ევროტურნირების წინ მოგვეყვანა უფრო გამოცდილი მოთამაშეები და გაგვევლო ერთი ეტაპი, მაგრამ ეს არ იქნებოდა სწორი. ამიტომ, ბოტოშანისთან ის ფეხბურთელები ვათამაშეთ, რომლებმაც შარშანდელი სეზონი წარმატებით ჩაატარეს და მომავალშიც მათზე ვაპირებთ დაყრდნობას. ევროპის ლიგაზე თამაშით კი დიდი გამოცდილება შეიძინეს.

ყველაზე მეტად სხვაობა რაში იგრძნობოდა?

სისწრაფეებზე თამაშში და ეს მათ სერიოზულ უპირატესობას აძლევდათ. არადა ბოტოშანი ნამდვილად არ არის ევროპული მასშტაბით გამორჩეული კლუბი და ახლა დასკვნა ყველამ თავად გამოიტანოს, თუ რა დონეზე ჩამორჩება საქართველოს ჩემპიონატი საშუალო ევროპულ პირველობას. აქ მაქვს სტატისტიკური მაჩვენებელი და კატასტროფაა, ევროტურნირებზე გასული გუნდის ცენტრალური მცველი ოცდახუთჯერ, რომ შევა ბრძოლაში და მხოლოდ ხუთჯერ მოიგებს ბურთს, სალაპარაკო ბევრი აღარაფერია.

პირველ ტაიმის მიმდინარეობისას მინდორზე ათი კაცით დარჩით და ალბათ ამანაც აგირიათ გეგმები.

25-ე წუთზე თავდამსხმელი ორ ყვითელ ბარათს რომ მიიღებს, მას გამართლება არ აქვს. მაგრამ მეორე ეპიზოდში გაფრთხილებას ნამდვილად არ იმსახურებდა. როგორც იცით, მსაჯი ბულგარელი იყო, ბოტოშანის ღირსებას კი სამი ბულგარელი ფეხბურთელი იცავდა და სავარაუდოდ, მეტოქე გუნდისადმი ჰქონდა კიდეც გარკვეული სიმპათიები. გაიხსენეთ, საწყის წუთებზე რამდენი ყვითელი ბარათი გვაჩვენა.

მთლიანობაში ბოტოშანის გასვლა შემდეგ ეტაპზე სამართლიანი იყო?

რადგან ორო მატჩის ჯამში დაგვამარცხეს, ესე იგი, უფრო მეტად ისინი იმსახურებდნენ მომდევნო ეტაპზე თამაშს. მაგრამ ამ ორრაუნდიან დაპირისპირებას თანაბარ პირობებში მომზადებულები რომ შევხვედროდით, საკითხავია კიდევ, რომელი გუნდი დარჩებოდა გამარჯვებული. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ბოტოშანის ბიუჯეტთან ცხინვალის ბიუჯეტის დასახელება უბრალოდ სირცხვილია, თუ გავიხსენებთ ისინი რა პირობებში ემზადებოდნენ და ჩვენ რა პირობები გვქონდა, მაშინ ბოტოშანის გამარჯვება მართლაც სამართლიანია. საქართველოში ფიქრობენ, რომ გუნდის წლიური ბიუჯეტი თუ არის მილიონი ლარი, მაშინ ეს გუნდი ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე უნდა ხვდებოდეს და ასე ფიქრი უბრალოდ დამღუპველია ქართული ფებურთისთვის. მილიონი ლარი საშუალო ევროპული დონის გუნდის ერთი თვის სახელფასო ფონდია.

ახლა კვლავ საქართველოს ჩემპიონატზე მოგიწევთ გადმორთვა.

ცხინვალს სწორი გეზი აქვს აღებული. ჩვენ ახალგაზრდა მოთამაშეებს ვაძლევთ თავის გამოჩენის საშუალებას და ბევრი მათგანი ასაკობრივ და ახალგაზრდულ ნაკრებში დაწინაურდა.

მიზანი კვლავ ევროტურნირებზე თამაში იქნება?

ცხინვალს აქვს იმის რესურსი, რომ სულ მცირე სამეულში მოხვდეს და თასზეც წარმატებით ვიასპარეზოთ. მაგრამ ვიმეორებ, ჩვენი მთავარი ამოცანა ქართული ფეხბურთისთვის ნიჭიერი მოთამაშეების გაზრდაა და ამას თუ შევძლებთ, კმაყოფილები მხოლოდ მაშინ ვიქნებით.

პაატა ძნელაძე