სიახლეები

გიორგი მაკარიძე: პორტუგალია – აქ მხოლოდ ფეხბურთია

გაუზიარე

ერთი კვირის წინ გაცნობეთ, რომ გიორგი მაკარიძე პორტუგალიის პირველლიგელ ფეირენსეში დარჩა. მაშინ 25 წლის ქართველმა მეკარემ გვითხრა, რომ თბილისის დინამო ეპატიჟებოდა, მაგრამ ამ ეტაპზე უცხოეთში თამაში ამჯობინა. მაკარიძემ დინამოს მადლობა გადაუხადა შეთავაზებისთვის. ამჯერად კი ინტერვიუს გთავაზობთ მაკარიძესთან, რომელიც ერთ დროს საქართველოს უნიჭიერეს მეკარედ მიიჩნეოდა და 17 წლისა იდგა ეროვნული ნაკრების კარში – მათ შორის, შოტლანდიასთან 2:0 მოგებული შეხვედრისას. 

ფეირენსეს რამდენიმე ქულა დააკლდა უმაღლეს ლიგაში გადასვლამდე. როგორ ფიქრობ, ამ სეზონში გადასვლის უკეთესი შანსი გექნებათ? 

პირობების მიხედვით, პირველ ლიგაში ყველაზე კარგი გუნდი გვყავს. მიზანი უმაღლესში მოხვედრაა და ვნახოთ.

ფეირენსეში რომელიმე ცნობილი ფეხბურთელი ხომ არ გადმოსულა? 

წინა სეზონში გვყავდა მცველი ტონელი, რომელიც 35 წლისაა. წლეულს კი, არ ვიცი, ახლა იწყებენ ტრანსფერებს. ტონელი მართლაც მაგარია და იშვიათად მინახავს ასეთი ძლიერი მცველი. კარიერის დიდი ნაწილი სპორტინგში გაატარა (ტონელი რამდენიმე დღის წინ გადავიდა ბელენენსესში – ავტ.). 

თითქმის ყველა ლეგიონერს ვეკითხებით, რათა ქართულ რეალობას შევადაროთ: რამდენი გულშემატკივარი დადის ფეირენსეს საშინაო მატჩებზე? 

500-დან 1000 კაცამდე ყოველთვისაა, აი, გასულ სეზონში კი, გადასვლისთვის რომ ვიბრძოდით, სტადიონი თითქმის ივსებოდა. 5500 კაცი ეტევა. ძალიან ძვირია ბილეთები, 15 ევრო ღირს და ამ დროს პორტუგალიაში საშუალო ხელფასი 400-500 ევროა. უბრალოდ, ხალხს ძალიან უყვარს ფეხბურთი. არ ვიცი, სადმე ასე თუ უყვართ, როგორც პორტუგალიაში. სადაც უნდა გაიხედო, ფეხბურთზე ლაპარაკობენ. თუმცა რა გასაკვირია: სპორტის სხვა სახეობებში ძალიან სუსტები არიან. ჩემს თანაგუნდელებს ზოგჯერ ვეხუმრები, რაც ოლიმპიადა არსებობს, მგონი, სულ ორი ოქროს მედალი გაქვთ, როცა საქართველო ამდენს ყოველ ოლიმპიადაზე იღებს-მეთქი.  

წარმოგვიდგენია, კრიშტიანუ რონალდუ როგორ ეყვარებათ.  

სხვათა შორის, რონალდუსა და ლეო მესის თანაბრად აღიარებენ. 

პორტუგალიელები თუ ლეგიონერები ? 

პორტუგალიელებიც. რონალდუ თუ მესი? ორმოცდაათი ორმოცდაათზეა. რა თქმა უნდა, რონალდუ ძალიან უყვართ, მაგრამ ობიექტურები არიან. რა გასაკვირია, მესია...

ქალაქი ფეირენსე როგორ მოგწონს? ქართველები თუ ცხოვრობენ? 

ნორმალური, პატარა ქალაქია პორტუსთან ახლოს. ფეხბურთელისთვის კარგი ადგილია, სხვა რამეზე ფიქრი არც გიწევს. ქართველებს რაც შეეხება, აქ არავინაა ჩემ გარდა. საერთოდ, პორტუგალიაში ცოტა უცხოელია. 

როგორც ვიცით, პორტუგალია დასავლეთ ევროპაში ყველაზე ღარიბი ქვეყანაა...

ასეა, ძალიან უჭირთ, მაგრამ მშიერი არავინაა. 

25 წლის ხარ და საქართველოს ნაკრებში თამაშის იმედი, ალბათ, კიდევ გაქვს. 

რა თქმა უნდა. მე ჩემს საქმეს გავაკეთებ. დანარჩენი კი, როცა მწვრთნელები გადაწყვეტენ, ან საერთოდ თუ გადაწყვეტენ ჩემს გამოძახებას, მოხარული ვიქნები. გამოძახებაც კი გამიხარდება. 

ნაკრების თამაშებს ნახავდი და შეგიძლია თქვა, რა სხვაობები დაინახე ადრინდელი ფორმაციის ნაკრებთან შედარებით? 

ვუყურე და თამაშის ხარისხი შეცვლილია. ბურთს უფრო დიდხანს ვაკონტროლებთ. მომწონს ასეთი თამაში, შედეგს მოიტანს, ოღონდ ცოტა დრო დასჭირდება. საქმე ისაა, რომ ყველამ უნდა ისწავლოს თავისი საქმე და შეეჩვიოს ახალ სტილს. როგორც შევატყვე, ფეხბურთელები მოკლე პასებით ცდილობენ ბურთის ამოტანას, რაც კარგია. მოკლედ, ვფიქრობ, ასეთი თამაში სასარგებლოა და შედეგიც მოვა, ჩვენზე სუსტ გუნდებს მოვუგებთ _ ლატვიას, ბელარუსს, ისრაელს...

ვერ ვიტყვით, რომ ჩვენზე სუსტები არიან. 

დღეს არ არიან, მაგრამ საფეხბურთო ნიჭით ქართველებზე უკან დგანან. ვიგულისხმე პოტენციური სიძლიერე, ანუ რა პოტენციალიც გვაქვს, იმ შედეგს მივიღებთ, თუ სწორ თამაშს არ გადავუხვევთ. 

ილია ნანობაშვილი