სიახლეები

კობახიძეს სტაბილურობა მოუწონეს

გაუზიარე

უკრაინული ვოლინი სეზონისწინა მზადებას თურქეთში აგრძელებს. გუნდთან ერთადაა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სანდრო კობახიძე, რომელმაც ვოლინში წინა სეზონი იჯარით გაატარა და შემდგომ სეზონსაც, რომელიც აგვისტოში იწყება, ვოლინის ღირსებას დაიცავს. კლუბის თავკაცი ვიტალი კვარციანი, ვინც კლუბის პრეზიდენტობას მთავარი მწვრთნელის ფუნქციასაც უთავსებს, ლუცკელების ოფიციალურ საიტთან საუბრისას კობახიძეს და გუნდის ახალწვეულს, ვეტერან მეკარე ბოგდან შუსტს ყველაზე სტაბილურ მოთამაშეებად მოიხსენიებს:

„ზოგიერთ სპეციალისტს ისეთი ფეხბურთელები მოსწონს, რომლებიც კონკრეტულ შეხვედრაში ეფექტურად გამოიყურებიან და შეიძლება, შეხვედრის ბედიც გადაწყვიტონ, თუმცა, შესაძლოა, არაფრად მიაჩნდეთ, თუკი ისინი სტაბილურობით არ გამოირჩევიან და ბრწყინვალედ ჩატარებული შეხვედრის შემდეგ რამდენიმე თამაშში ინერტულად ირჯებიან. ასეთი ფეხბურთელები ჩემი გემოვნებისანი არ არიან და, სიმართლე გითხრათ, მათთან მუშაობა ჩემთვის კომფორტული არ არის. რა თქმა უნდა, გუნდში ყველა ფეხბურთელი ერთნაირი ვერ იქნება, ვოლინში ყველაზე სტაბილურები შუსტი და კობახიძე არიან. შუსტი, მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, კარიერაში ბოლო სეზონს ატარებს, იმდენად მოწადინებულად ვარჯიშობს, თითქოს 17 წლის დებიუტანტი იყოს. სანდრო კობახიძე კი ყოველ ვარჯიშზე ისეთი შემართებით გადის, თითქოს კარიერის უკანასკნელი თამაშისთვის ემზადება. აი, სწორედ ასეთი მიდგომის შედეგია, რომ ეს ფეხბურთელი პრაქტიკულად თამაშს არ აგდებს“ _ ასე აქებს საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს უკრაინული კლუბის მწვრნელ-პრეზიდენტი.

პაატა ძნელაძე