სიახლეები

U17 – „პრეზიდენტის თასის“ ფინალში ყვითელმა ბარათებმა არ გაგვიშვა

გაუზიარე

დღეს, ასტანაში, „პრეზიდენტის თასზე“ ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩები გაიმართა. ჯგუფის პირველადგილოსნის ბედი საქართველოსა და აზერბაიჯანის ნაკრებებს შორის მატჩში გადაწყდა. მატჩი 0:0 დასრულდა და სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები ფინალში ვერ გავიდა. საქმე იმაშია, რომ ორივე ნაკრებმა თანაბარი ქულები დააგროვა; ზუსტად ერთნაირი იყო ბურთების შეფარდებაც - 4/1. ტურნირის რეგლამენტის მიხედვით კი, გამარჯვებულის ვინაობა გაფრთხილებების რაოდენობამ გადაწყვიტა. საქართველოს ნაკრებს 4 ყვითელი ბარათი ჰქონდა, აზერბაიჯანს - 3. შესაბამისად, ფინალში აზერბაიჯანი გავიდა. საქართველოს ნაკრები ხვალ მე-3 ადგილისთვის მატჩში ყაზახეთი-ტაჯიკეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

„ძალიან ცუდია, რომ გამარჯვებული ყვითელი ბარათების მიხედვით გამოვლინდა. მაგრამ რას ვიზამთ? კმაყოფილი ვიქნებოდი, რომ მატჩი პენალტების სერიით დასრულებულიყო. მსაჯმა იცოდა, რომ სავარაუდოდ, ყველაფერი ბარათებით გადაწყდებოდა და მკაცრად არ სჯიდა მატჩს. თუმცა, გაბრაზებული ნამდვილად არ ვარ. ყველაფერი წინ გვაქვს - ბევრი მატჩი და ვეცდებით ყველაფერი გამოვასწოროთ“ - განაცხადა მატჩის შემდეგ საქართველოს 17-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - გოჩა ავსაჯანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის პირველი ორი მატჩი საქართველოს ნაკრებმა რუსეთისა (2:0) და ბელორუსის (2:1) ნაკრებებს მოუგო.

25.06.2015, „ასტანა არენა“

საქართველოU17 vs აზერბაიჯანიU170:0

საქართველოU17: გუგეშაშვილი, ნიკოლეიშვილი, ასათიანი, ქაფიანიძე, ვირუბოვი, ხარაბაძე, ნინუა, ქიმერიძე (ბარაბაძე 41), (სპანდერაშვილი 60), ჩაკვეტაძე, ქავთარაძე, ლურსმანაშვილი

მთ.მწვრთნელი - გოჩა ავსაჯანიშვილი

აზერბაიჯანიU17: მ.ჰუსეინოვი, სეილიღლი, ჰასანოვი (ა.ჰუსეინოვი), ასადოვი, გადირზადე, ნაბიევი, გულერი, გასიმოვი (მეხდიევი), გარაევი, მულტარლი, ოკსუზი (გასიმლი)

„პრეზიდენტის თასის“ ფინალური მატჩები ხვალ გაიმართება.

სფფ-ის პრესსამსახური