სიახლეები

გუნდი, რომელსაც ევროპის ლიგის ჩემპიონი ჰყავს

გაუზიარე

გაბალა ევროტურნირებზე მეორედ თამაშობს, მაგრამ გამოუცდელი გუნდი მაინც არ ეთქმის. გუნდის თავკაცი 50 წლის უკრაინელი რომან გრიგორჩუკია, რომლის ხელმძღვანელობითაც გაბალამ აზერბაიჯანის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა. გრიგორჩუკამდე გუნდს ცნობილი სპეციალისტები, რუმინელი დორინელ მუნტეანუ და რუსი იური სიომინი წვრთნიდნენ, უფრო ადრე კი გაბალას თავკაცი ინგლისის ნაკრების ექსკაპიტანი ტონი ადამსი იყო.

გამოცდილება ვახსენეთ და, თუ გუნდის შემადგენლობას თვალს გადაავლებთ, დარწმუნდებით, რომ გაბალას მრავლისმნახველი ფეხბურთელები ჰყავს. ეს, უპირველესად, ლეგიონერებზე ითქმის, რომელთა შორისაც ყველაზე ცნობილია 32 წლის უკრაინელი ნახევარმცველი ალექსეი გაი. ხუთი წელიწადი მან დონეცკის შახტარის შემადგენლობაში გაატარა, სადაც, მართალია, წამყვან პოზიციებზე არ ყოფილა, მაგრამ დონბასელთა წარმატებებში საკუთარი წვლილი მაინც შეჰქონდა. რაც მთავარია, გაი არის ევროპის ლიგის 2009 წლის გამარჯვებული, როცა ფინალში შახტარმა ბრემენის ვერდერს დამატებით დროში 2:1 სძლია. ალექსეი თამაშში 110-ე წუთიდან ჩაერთო. გაცილებით ნაყოფიერი იყო იგი ოდესის ჩერნომორეცში, რომლის მაისურითაც ორი სეზონის განმავლობაში ითამაშა. თავის დროზე გაის უკრაინის ნაკრებშიც იძახებდნენ, სადაც 30 მატჩი მოუგროვდა.

გაბალას ასევე ჰყავს ბრაზილიელი, რუმინელი, სლოვაკი, ბელარუსი, ესტონელი და სენეგალელი ლეგიონერები. გასულ სეზონში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი 27 წლის აზერბაიჯანელი ნახევარმცველი ჯავიდ ჰუსეინოვი გახდა, რომელმაც 31 მატჩში 12 გოლი გაიტანა. ყველაზე სტაჟიანი გაბალელები კი არიან 27 წლის ბრაზილიელი ფორვარდი დოდო და ამავე ამპლუის 33 წლის სენეგალელი ვიქტორ მენდი, რომლებიც გუნდის ღირსებას 2011 წლიდან იცავენ.

თავში ვთქვით, რომ ეს გაბალას მეორე ევროსეზონია. დებიუტი შარშან შედგა და გუნდის გულშემატკივრებს ცუდი მოგონებები დაუტოვა – ევროპის ლიგის პირველ ეტაპზე გაბალა ბოსნიურ შიროკი ბრიაგთან შინ 0:2, ხოლო სტუმრად 0:3 დამარცხდა.

გაბალა, რომელიც 2005 წელს დაარსდა, საშინაო მატჩებს 8-ათასიან „გაბალა სითი სთედიუმზე“ ატარებს. კლუბის მეტსახელია „რადარი“. 

ლევან ჯანეზაშვილი