სიახლეები

ცხინვალმა მიგინეიშვილი და ჯაფარიძე დაიმატა

გაუზიარე

ევროტურნირებამდე ცხინვალი კვლავინდებურად აგრძელებს გაძლიერებას. გუნდს შეურთდნენ მეკარე ომარ მიგინეიშვილი და მარცენა მცველი ლაშა ჯაფარიძე. მიგინეიშვილი ბოლოს გორის დილას ღირსებას იცავდა და გორელთა საჩემპიონო სეზონში დილას ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც გადაწყდა, რომ გორელები ეროვნული ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილს იმატებდნენ, მიგინეიშვილს ძირითადში ადგილის შენარჩუნება გაუჭირდებოდა და მანაც ცხინვალს მიაშურა, თუმცა არც იქ ექნება ნაკლები კონკურენცია, რადგან უკვე წლებია, ცხინვალის ძირითადში სტაბილურად თამაშობს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მეკარე გიორგი ნადირაძე. თუმცა გუნდში ახალი მეკარის მისვლა კონკურენციას აშკარად გაამძაფრებს. მიგინეიშვილს თავის დროზე თბილისის ლოკომოტივის, ქუთაისის ტორპედოს და თბილისის დინამოს რიგებში უთამაშია.

მეორე შენაძენი კი ლაშა ჯაფარიძეა, რომელიც ცხინვალში ასევე გორის დილადან გადავიდა და ის სავარაუდოდ, კახა კაჭარავას გუნდის ძირითადში უპრობლემოდ მოიკიდებს ფეხს. ჯაფარიძეს საქართველოში თბილისის ვიტ ჯორჯიას, რუსთავის მეტალურგის და გორის დილას ღირსება დაუცავს და ყველგან ერთ-ერთ ლიდერად მოიაზრებოდა.

ნამდვილად სასიამოვნოა ცხინვალელთა გაძლიერება ევროტურნირებამდე, რადგან რაც დიდხანს შემორჩება ევროსარბიელს საქართველოს სახელით მოთამაშე ცხინვალი, მით უკეთესი იქნება ქართული ფეხბურთისთვის და მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის.

პაატა ძნელაძე