სიახლეები

გიორგი ჭანტურია: არც მე გამიმართლა და არც მთლიანად ნაკრებს

გაუზიარე

საქართველო-უკრაინის მატჩი სხვადასხვაგვარად შეფასდა. მხოლოდ ტაბლოთი თუ ვიმსჯელებთ, წაგება ყოველთვის უსიამოვნოა, თუმცა თამაშის ხარისხი რომ ნორმალური იყო, ამაზე ცოტანი თუ დავობენ. მეტიც, თამაშის სურათიდან გამომდინარე, ნამდვილად არ იყო წასაგები. ქართველები მეტოქეზე მწვავედ უტევდნენ, უფრო მეტი ხიფათიც შექმნეს. 

გიორგი ჭანტურიამ უკრაინასთან მეორე ტაიმში ითამაშა და შეტევებს სიმწვავე შემატა. გიორგი ჯერ ფორვარდის პოზიციაზე შეიყვანა კახა ცხადაძემ, ხოლო შემდეგ თავის პოზიციაზე, მარჯვნივ გადასწია. 

ჭანტურიას მოკლედ შევაფასებინეთ უკრაინელებთან შეხვედრა. 

შენი აზრით, რა იყო მარცხის მიზეზი? 

საბოლოო ჯამში, კარგი თამაში გამოვიდა. მართალია, წავაგეთ, მაგრამ საქართველოს ნაკრების პროგრესი აშკარაა, სწორ გზას ვადგავართ და ეს აუცილებლად მოგვიტანს შედეგს. სამომავლოდ ახლა იმედიანად ვართ. 

პირადად შენი თამაშით რამდენად კმაყოფილი ხარ? რა დავალება გქონდა მეორე ტაიმში?

კმაყოფილი ვარ. არ გამიმართლა, თორემ შესაძლოა, კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გამეტანა. იმ მომენტზე ვამბობ, როცა მარჯვნიდან შევიწიე ცენტრისკენ, ძლიერად დავარტყი და ოდნავ ამიცდა კარს, ბურთი ხარიხასაც მოხვდა. ცხადაძემ შესვენებისას დამავალა, რომ თამაში გამემწვავებინა და ცარიელ ზონაში მომეთხოვა ბურთი. 

და რა დაგვაკლდა, რომ თუნდაც ფრე ყოფილიყო?

იღბალი დაგვაკლდა და მართლაც ბავშვური შეცდომების გამო წავაგეთ. ბევრი მომენტი გვქონდა, რომლებიც უნდა გამოგვეყენებინა. იმედია, 13 ივნისს უფრო გადმოგვხედავს ბედი და პოლონეთთან კარგ შედეგს ვაჩვენებთ. 

შენს საკლუბო მომავალზეც გვითხარი...

ჯერჯერობით არაფერი ვიცი. თავისუფალი აგენტი ვარ და შემოთავაზებები მაქვს სხვადასხვა გუნდიდან. თბილისში რომ ჩამოვალ, ოჯახთან ერთად გადავწყვეტ. 

ილია ნანობაშვილი