სიახლეები

დვალი თბილისშია, სიტყვა - გზაში

გაუზიარე

30 წლის ფორვარდი ჯაბა დვალი ზესტაფონიდან კიშინიოვის დაჩიაში ზამთარში გადავიდა, მაგრამ მოლდოვაში საქმე ისე ვერ აეწყო, როგორც თავად და მის ქომაგს სურდათ. საქართველოდან ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსით აბარგებულმა ჯაბამ მოლდოვის ჩემპიონტში სულ ხუთი მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთი გატანილი პენალტით გამოიჩინა თავი... არადა, ჯაბა 2007-2009 წლებში სწორედ დაჩიაში თამაშობდა და იმ პერიოდში გუნდის ლიდერად ითვლებოდა _ 48 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა. დაჩიადან ჯაბა ზესტაფონში ჩამოვიდა, მომდევნო სეზონში კი უეფას წილისყრამ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს სწორედ ეს ორი გუნდი შეახვედრა. ორი მატჩის ჯამში ზესტაფონმა მოიგო, მაგრამ...

სამწუხაროდ, 2011 წელს ზესტაფონისა და დაჩიას მატჩებს ჩვენთვის ისეთი უსიამოვნო ხმები მოჰყვა, გახსენებაც აღარ მინდა _ გვითხრა თბილისში შვებულებით მყოფმა ჯაბა დვალმა, რომელსაც გუშინ დავუკავშირდით, _ გეხსომებათ ის ამბები, ჯერ ზესტაფონში, მერე კი კიშინიოვში მატჩებს ლამის სკანდალი მოჰყვა. 

ალბათ, ამიტომაც, როცა კიშინიოვში ხელმერედ დაბრუნდი და დაჩიას შემადგენლობაში რეგულარულად აღარ ჩანდი, ჩვენში ვარაუდები გამოითქვა, დვალს 2011 წლის ამბები ხომ არ გაუხსენეს და ამიტომაც აღარ ათამაშებენო...

არაფერი მსგავსი. ზესტაფონი-დაჩიას 2011 წლის მატჩები კიშინიოვში ბევრს აღარც აინტერესებს და მით უმეტეს, ის არ ახსოვთ, შეხვედრებს რაიმე უსიამოვნება თუ მოჰყვა. არც ჩემთვის მომხდარა არაფერი განსაკუთრებული, გუნდთან ერთად ჩვეულად ვვარჯიშობდი და როცა მწვრთნელი თვლიდა საჭიროდ, მაშინ ვთამაშობდი.

შენი უთამაშებლობის ერთ-ერთ მიზეზად სწორედ დაჩიაში შენი ახლანდელი გადასვლის შემდეგ დაბრუნებულ მწვრთნელ იგორ დობროვოლსკის ფაქტორს ასახელებენ. იმ სკანდალური მატჩებისას ხომ დაჩიას დობროვოლსკი თავკაცობდა...

იგორ დობროვოლსკისთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მოგონილია ის ამბავი, თითქოს მწვრთნელი ძველი ამბების გამო არ მენდობა. დიახ, დობროვოლსკი იყო მაშინ დაჩიას მწვღთნელი, მაგრამ ბოლო პერიოდში ჩემს უთამაშებლობასთან ეს კავშირში არ არის. ვფიქრობ, ამ ამბავს მხოლოდ წმინდა სპორტული მიზეზები აქვს და ეს მწვრთნელს უნდა ჰკითხოთ.

დაჩიასთან კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლომდე გაკავშირებს?

მოლდოველებთან ზამთარში გავაფორმე ორწლიანი კონტრაქტი, მაგრამ, თუ გუნდის დატოვების საშუალება მექნება, არა მგონია, მათ დამაბრკოლონ. 

შეიძლება, რომ უკან აღარც დაბრუნდე?

ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩემს მომავალთან დაკავშირებით ჯერ კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი _ საქართველოში, მოლდოვაში და სხვა ქვეყნებშიც არიან კლუბები, სადაც შეიძლება კარიერა გავაგრძელო, მაგრამ გადაწყვეტილი არაფერი მაქვს. იმის დიდი შანსიც არის, რომ დაჩიაში დავბრუნდე, მით უმეტეს, რომ კონტრაქტით კიშინიოვში კიდევ წელიწადნახევარი უნდა ვითამაშო. 

კიშინიოვიდან თბილისში შენი დაბრუნება და დინამო თბილისის მწვრთნელად გია გეგუჩაძის დანიშვნა, ფაქტობრივად, ერთი იყო. გეგუჩაძისა და შენი კარგი ურთიერთობის ამბავიც ყველამ იცის. გამორიცხულია, რომ ახალი სეზონიდან დინამოში გიხილოთ?

ჩემს მიმართ დინამოს ინტერესზე თავადაც იმდენი ვიცი, რამდენიც თქვენ. დიახ, მესმის, რომ გია გეგუჩაძისა და ჩემი სახელს ბოლო დროს ისევ ერთად ახსენებენ, მაგრამ მე არავინ დამკავშირებია და, შესაბამისად, არც წინადადება მიმიღია. საქართველოს ჩემპიონატში, მით უმეტეს, დინამო თბილისში სიამოვნებით ვითამაშებდი, მაგრამ, ერთხელაც ვიტყვი _ კონკრეტული სიტყვით თუ შემოთავაზებით ჩემთვის ჯერ არავის მოუმართავს.

ლუკა თალაკვაძე