სიახლეები

ვატო არველაძე : მინო რაიოლას შოთა არველაძესთან ერთად შევხვდი

გაუზიარე

ბოლო დღეებში ქართულ სპორტულ მედიაში გავრცელდა  ცნობილი საფეხბურთო აგენტის, მინო რაიოლასა და თურქული ქასიმფაშას ფეხბურთელის, ვატო არველაძის ფოტოები. დაიწერა, რომ რაიოლამ და არველაძემ კონტრაქტი გააფორმეს და საქართველოს ასაკობრივი ნაკრების წევრი იმ ფეხბურთელთა რიცხვს შეუერთდა, ვისი აგენტიც რაიოლაა. რამდენად შეესაბამება ეს ამბავი სიმართლეს, ამის გასარკვევად თავად ვატო არველაძეს დავუკავშირდით. ვატოს ამ თემის გარდა ქასიმფაშას შესახებ და მის სამომავლო გეგმებზეც ვკითხეთ.

რაიოლასა და ჩემს შორის ოფიციალურ ურთიერთობაზე ლაპარაკი ჯერ  ნაადრევია. რაიოლას ბერლინში შოთა არველაძესთან ერთად შევხვდი. ვილაპარაკეთ ზოგადად ფეხბურთზე, თუმცა ჯერჯერობით სერიოზული არაფერია. 

ქასიმფაშაში პირველად ერთი წლის წინ წახვედი, მაგრამ, როგორც ვიცი, კონტრაქტის გაფორმება შენი ასაკის გამო არ მოხერხდა. ახლა რა სიტუაციაა?

ამ მხრივ ყველაფერი კარგად მიდის. ერთი წლის წინ ქასიმფაშას 17-წლამდელთა გუნდში წავედი, შემდეგ 19-წლამდელთა გუნდში გადამიყვანეს და ბოლო ერთი თვეა, 21 წლამდელებში ვვარჯიშობ. სამწუხაროდ, ჯერ სრულწლოვანი არ ვარ და საბუთების გაკეთება ვერ მოხერხდება, ამიტომ, ვიდრე 18 წლის გავხდები, ისევ საქართველოში ვითამაშებ. 

ლაპარაკობდნენ, რომ ქასიმფაშაში შოთა არველაძის პროტექციით მოხვდი. მისი ამ კლუბიდან წასვლის შემდეგ შენს მიმართ დამოკიდებულებაში რაიმე ხომ არ შეცვლილა?

როცა შოთა იყო ქასიმფაშას მწვრთნელი, მაშინ 17 წლამდელებში ვთამაშობდი, მისი წასვლის შემდეგ კი უკვე ორი საფეხური გავიარე და 19 წლამდელთა გუნდიდან უფროსებში დავწინაურდი. 21 წლამდელების გუნდი ქასიმფაშას მთავარი გუნდის დუბლებია.

თქვი, საქართველოში თამაშს ვაპირებო. გაქვს კონკრეტული შემოთავაზება?

სავარაუდოდ, უმაღლესი ლიგის რომელიმე გუნდში ვითამაშებ, მაგრამ ახლა ამაზე კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ვითარება ჯერ არ გარკვეულა.

ქართველ და თურქ 17 ან 19-წლამდელებს შორის რა განსხვავებაა? ქასიმფაშას ასაკობრივი გუნდების ფეხბურთელები თურქეთის რომელიმე ასაკობრივ ნაკრებში თუ თამაშობენ?

სხვაობა  დიდია. ერთადერთი, რაშიც ვჯობივართ, ეს ნიჭიერებაა. დანარჩენში ყველაფერში გვისწრებებენ. პირობებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. თურქეთის ასაკობრივ ნაკრებებში ქასიმფაშას ფეხბურთელები იშვიათად, უფრო სწორად, თითქმის არ თამაშობენ.

ოთო მუმლაძე