სიახლეები

თენგიზ სულაქველიძე: ახალგაზრდებს თამამად უნდა ვენდოთ

გაუზიარე

უკრაინა-საქართველოს ამხანაგური მატჩის შეფასება სახელოვან ქართველ ფეხბურთელს, ამჟამად კი თავისივე სახელობის ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის ხელმძღვანელ თენგიზ სულაქველიძეს ვთხოვეთ.

„კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით ნაკრებმა სულ რაღაც მესამე მატჩი ჩაატარა და მიმაჩნია, რომ პროგრესი უკვე იგრძნობა. ყველაზე ღირსშესანიშნავი ის არის, რომ აღარ ვხედავთ გამოკვეთილ დაცვით ფეხბურთს და ბურთის უაზროდ მოგერიებას. იმის მიუხედავად, რომ მაღალი დონის შემსრულებლების დეფიციტი გვაქვს, ფეხბურთის თამაშს ვცდილობთ და ეს არის ყველაზე მთავარი“, - ამბობს სულაქველიძე.

იგი ფიქრობს, რომ თამაში წასაგები არ იყო და საქართველოს ნაკრები, მინიმუმ, ფრეს იმსახურებდა.

„უკრაინელთა თამაშით გაოცებული დავრჩი. გაოცებული, რაღა თქმა უნდა, ნეგატიური თვალსაზრისით. კი, შეხვედრა ამხანაგური იყო და არ ველოდი, რომ მეტოქე ბოლომდე დაიხარჯებოდა, მაგრამ მაინც ვერ წარმოვიდგენდი, უკრაინის ნაკრები ასე ინერტულად თუ ითამაშებდა. მეტოქეს მოძრაობაშიც ვაჯობეთ და მეტი საგოლე მომენტიც შევქმენით, მაგრამ, სამწუხაროდ, ამით ვერ ვისარგებლეთ და დავმარცდით. ალბათ, ფრე ამ მატჩის ყველაზე სამართლიანი შედეგი იქნებოდა. აი, უკრაინელებისთვის ანგარიშის გახსნა რომ დაგვესწრო, გამარჯვებაზე ფიქრიც შეიძლებოდა“.

სულაქველიძემ საქართველოს ნაკრების კარში გასული კურიოზული გოლიც შეაფასა:

„ასეთი კურიოზული ბურთი იშვიათად მინახავს. სამწუხაროა, მაინცდამაინც ჩვენს კარში რომ გავიდა. არადა, მანამდე ისეთი თამაში მიდიოდა, უკრაინელებს გოლი ნამდვილად არ ეკუთვნოდათ. სამწუხაროდ, ქართველი ფეხბურთელების შეცდომით მეტოქე დაწინაურდა. დვალის ბრალი იყო თუ ლორიასი? ალბათ, ორივესი თანაბრად. არ მესმის, დვალმა რატომ დაუბრუნა ბურთი მეკარეს, მაშინ როცა ხელს არავინ უშლიდა და წინ წასვლა შეეძლო. ლორიაც სიტუაციაში ვერ გაერკვა და მოხდა ის, რაც მოხდა. კარგი ის არის, რომ ამის გამო საქართველოს ნაკრები მორალურად არ გატყდა და მდგომარეობის გამოსასწორებლად ყველაფერი გააკეთა“.

ცალკეული ქართველი ფეხბურთელების გამოყოფისგან ბატონმა თენგიზმა თავი შეიკავა, თუმცა შეცვლაზე შესული მათე ვაწაძის გოლი მაინც ცალკე აღნიშნა: „მათემ სწორედ ისე ითამაშა, როგორც მაღალი კლასის თავდამსხმელს შეეფერება. სულაც არ იყო იოლად გასატანი გოლი, მაგრამ მან ყველაფერი ჩინებულად გააკეთა. კარგია, რომ ტრავმირებული ლევან მჭედლიძის არყოფნაში ჩვენი შემადგენლობიდან თავი სწორედ ფორვარდმა გამოიჩინა“.

რაც შეეხება პოლონეთთან მოახლოებულ ოფიციალურ მატჩს: „ამხანაგური და ოფიციალური შეხვედრა ერთმანეთისგან ისე განსხვავდება, როგორც ცა და დედამიწა. ამხანაგურს თავისი დანიშნულება აქვს – ეს არის ვარჯიშის ყველაზე სრულყოფილი საშუალება. ოფიციალურში კი უკვე შედეგია გადამწყვეტი – ისტორიას სწორედ შედეგი შემორჩება და არა ის, ვინ როგორ ითამაშა. ვარშავაში თუნდაც ფრის მიღწევა მეტად რთული ამოცანა იქნება, მაგრამ უკრაინასთან ნაჩვენებმა თამაშის ხარისხმა დამაიმედა, რომ არწაგების შანსი გვაქვს. პოლონეთის ნაკრები მაღალი კლასის გუნდია. სხვა რომ არაფერი, მის შემადგენლობაში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი თამაშობს, რომლის განეიტრალებაც ურთულესი ამოცანა იქნება. თუმცა უიმედოდ ყოფნა არას გვარგებს. მეჩვენა, რომ უკრაინასთან ჩვენმა გუნდმა თამამად ითამაშა. ჩვენს ბიჭებს აქვთ საიმისო გამოცდილება, რომ ავტორიტეტებს არ უფრთხოდნენ“.

საკადრო პოლიტიკის შესახებ კი სულაქველიძე ასე ფიქრობს: „კახა ცხადაძეს მშვენივრად ეხერხება ახალგაზრდა ფეხბურთელების დაწინაურება. ეს მან საკლუბო კარიერის დროსაც შეძლო და დარწმუნებული ვარ, ნაკრების გაახალგაზრდავების პროცესსაც კარგად გაართმევს თავს. ბუნებრივია, გამოცდილმა ფეხბურთელებმა თავისი როლი უნდა შეასრულონ, მაგრამ ახალგაზრდებსაც თამამად უნდა ვენდოთ. აქვე შემთხვევით ვისარგებლებ და სიამაყით აღვნიშნავ, რომ საქართველოს 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელი საბა კვირკველია ჩვენი საფეხბურთო სკოლის აღზრდილია“.

სულაქველიძის აზრით, მიმდინარე შესარჩევი ციკლი ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა მაქსიმალურად ეფექტურად უნდა გამოიყენოს, რათა მომავალი შესარჩევი ტურნირისთვის საბოლოო სახე მიიღოს და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეძლოს.

ბოლოს მას საფეხბურთო აკადემიის შესახებაც ვკითხეთ: „დღეისთვის ჩვენთან დაახლოებით 200 ბავშვი ვარჯიშობს და 10 მწვრთნელი მუშაობას. პრობლემები არ გვაკლია, მაგრამ ფარ-ხმლის დაყრას არ ვაპირებთ და მაქსიმუმს გავიღებთ იმისთვის, რომ ქართულ ფეხბურთს ღირსეული თაობები გავუზარდოთ. როგორც იცით, ჩვენთან ყველა მოედანი ბუნებრივსაფარიანია და ამიტომაც წყლის გადასახადი მძიმე ტვირთად გვაწევს. მთავრობამ საფეხბურთო სკოლებს კომუნალური გადასახადების შეღავათი რომ გაუწიოს, ჩვენი ფეხბურთი წინ დიდ ნაბიჯს გადადგამს. ვცდილობთ ხელოვნური საფარის დასაგები სახსრების მოზიდვასაც. ერთი ასეთი მოედანი მაინც აუცილებელია. იმედია, გულისხმიერი ხალხის დახმარებით ამ საკითხსაც დადებითად გადავწყვეტთ“.

ლევან ჯანეზაშვილი