სიახლეები

უჩა სოსიაშვილი ჩემპიონობაში დინამომ დაარწმუნა

გაუზიარე

საქართველოს ჩემპიონი, გორის დილა ახალი სეზონისთვის მზადებას დღეიდან შეუდგება, გუშინ კი კლუბის უფროსობამ შიდა ქართლისა და გორის  ხელმძღვანელობისგან ის ფინანსური გარანტიები მიიღო, რომელიც ჯერ ევროსარბიელზე თამაშისთვის, შემდეგ კი ტიტულის შენარჩუნებისთვის არის აუცილებელი. 
დილას მწვრთნელს უჩა სოსიაშვილს ჩვენც სწორედ ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის შემდეგ დავუკავშირდით და დღევანდელის გარდა, წინა, საჩემპიონო სეზონის ამბები გამოვკითხეთ...

შეხვედრაზე

ოთხი დღე შიდა ქართლის გუბერნატორთან, ზურაბ რუსიშვილთან და გორის მერთან, ზურაბ ჯირკველიშვილთან ინტენსიური შეხვედრები გვქონდა. დაწვრილებით ვისაუბრეთ დილას მომავალზე და საბოლოოდ ისეთი შედეგი მივიღეთ, როგორიც კლუბის ყველა ქომაგს გაახარებს _ გუბერნატორმა და მერმა ყველანაირი დახმარება აღგვითქვეს და დაგვპირდნენ, რომ დილას არც ევროსარბიელზე, არც საქართველოს ჩემპიონატში ფინანსური პრობლემები არ შეაწუხებს. გუნდისა და მისი ქომაგების სახელით ასეთი თანადგომისთვის მადლობა მსურს გადავუხადო ბატონებს, ზურაბ რუსიშვილს, ზურაბ ჯირკველიშვილს და ჩვენი მხარის ყველა იმ ხელმძღვანელს, ვინც გულითადად არის დილას მომავლით დაინტერესებული.

გარანტიების შედეგი

უკვე გადაწყვეტილია, რომ ახალი სეზონიდან გორის დილაში ითამაშებენ გამოცდილი ფორვარდი ოთარ მარცვალაძე, გიორგი ილურიძე და სამტრედიასა და საქართველოს ნაკრების ყოფილი ფლანგელი დავით კვირკველია. გადაწყვეტილია და კონტრაქტებს პოლონეთთან შესარჩევი მატჩის შემდეგ გავაფორმებთ მეკარე ნუკრი რევიშვილთან და მცველებთან _ გიორგი ნავალოვსკისთან და ალქსანდრე ამისულაშვილთან. მოლაპარაკებები მიმდინარეობს კიდევ ორ ფეხბურთელთან, მაგრამ ჯერჯერობით მათ ვინაობას ვერ გავამხელ, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მათგან ერთი თავდამსხმელია, მეორე _ ნახევარმცველი. მათ სურთ დილაში თამაში, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებამდე ჯერ სხვას ვერაფერს გეტყვით. დილა ჯერ მხოლოდ სერბმა მცველმა სლავკო მარიჩმა დატოვა. სურვილი მაქვს, გორში დარჩეს ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც გუნდში სადღეისოდ ირიცხება, მაგრამ ვინ რას გადაწყვეტს, 12 ივნისს გაირკვევა. სწორედ 12-ში ვაპირებთ ფეხბურთელებთან ახალი პირობებით ახალი კონტრაქტების გაფორმებას.

მოსამზადებელი ეტაპი

ახალი სეზონისთვის მზადებას დილა 11 ივნისს დაიწებს, ხოლო 12-დან გორშივე 12-დღიან შეკრებაზე გადავალთ. შემდეგ ორი დღე დავისვენებთ და მზადებას უკვე ან სლოვენიაში განვაახლებთ, ანაც ავსტრიაში, ეს ჯერ კიდევ გადასაწყვეტია. მეორე მოსამზადებელი ეტაპიც 12-დღიანი იქნება და ოთხ ამხანაგურ შეხვედრას ჩავატარებთ. მეტოქეთა დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან მათთან შეთანხმებით ამის უფლება არ მაქვს. ჩვენს მსგავსად ისინიც ევროტურნირისთვის იწყებენ მზადებას და არ სურთ, რომ მეტოქეებმა დაზვერონ. ერთს კი გეტყვით, რომ დილას ოთხივე მეტოქე საშუალო ევროპულზე მაღალი დონის გუნდი იქნება. 

ერთობა

მიმაჩნია, რომ წინა სეზონში დილას წარმატების საფუძველი ჩვენი ერთობა იყო. დიახ, გუნდისა და რაიონის ხელმძღვანელები, ქომაგები, ფეხბურთელები, გუნდის ტექნიკური პერსონალი და მწვრთნელები მთელი სეზონის მანძილზე ერთად ვიყავით, ერთი საფიქრალი, ერთი მიზანი და ერთი სიხარული გვაერთიანებდა. ვფიქრობ, დილაში ფეხბურთელთა სწორედ იმ კონტინგენტმა მოიყარა თავი, რომელიც გუნდს საჩემპიონოდ სჭირდებოდა. დილამდე რამდენიმე სხვა გუნდშიც მიმუშავია, მაგრამ ისეთი ერთობა არსად ყოფილა, როგორიც დილაში ვნახე. 

რწმენა

ჩემპიონობისთვის ბრძოლა რომ შეგვეძლო, პირველი წრის დასრულებისთანავე გავიფიქრე. ჩემპიონატის პირველი ნახევარი მეორე ადგილზე ჩავამთავრეთ, დინამოს სულ ორი ქულით ჩამოვრჩებოდით. ხოლო ჩემპიონობისა მაშინ ვირწმუნე, როცა გაზაფხულზე თბილისში, დინამოსთან 2:2 ვითამაშეთ. იმ მატჩის შემდეგ ბიჭებს უკვე პირდაპირ ვუთხარი, რომ ჩემპიონობა შეგვეძლო. მიხარია, რომ ფეხბურთელებმა ირწმუნეს ჩემი, საკუთარი თავის და წარმატებამაც არ დააყოვნა. 

ტაქტიკა       

ფსიქოლოგიურის გარდა, ჩვენი წარმატება წმინდა საფეხბურთო ფაქტორებმაც განაპირობა. პირველ ყოვლისა, დილას ფეხბურთელების მაღალ პროფესიონალიზმსა და ტაქტიკურ განსწავლულობას აღვნიშნავ. სეზონის განმავლობაში დილა ხან 4-3-3 ტაქტიკური განლაგებით თამაშობდა, ხან 4-4-2 გამოვიყენეთ, რამდენჯერმე 4-5-1. სამივე სქემა ბიჭებისთვის მისაღები აღმოჩნდა, რაც თამაშისას დაამტკიცეს. გარდა ამისა, თამაშის დროსაც ხშირად ვცვლიდით ტაქტიკა-სტრატეგიას, რამაც ბოლოს ასეთი დიდი წარმატება მოგვიტანა.

კრიზისი

არა, ვერ ვიტყვი, რომ სეზონის განმავლობაში დილას ხანგრძლივი ჩავარდნა ჰქონდა. ვფიქრობ, მთელი ჩემპიონატი სტაბილურად, ერთ დონეზე ჩავატარეთ. ყველაზე რთული პერიოდი კი ბათუმთან სტუმრად წაგებას მოჰყვა. შემდეგ დინამოსთან თასზეც დავმარცხდით. კრიზისის ნიშნები იგრძნობოდა და შექმნილმა ვითარებამ მიკარნახა, რომ ფეხბურთელებთან ფსიქოლოგიური სამუშაო უნდა ჩამეტარებინა. შევიკრიბეთ, ვისაუბრეთ, პრობლემები განვიხილეთ. ბიჭებს ვუთხარი, რომ წინ კიდევ ბევრი მატჩი იყო, თუ ბოლომდე დავიხარჯებოდით, ჩემპიონობას აუცილებლად მოვიპოვებდით და სიტუაცია მალევე გამოსწორდა. 

პირველი გამოცდა

პირველად ვიმუშავე უმაღლეს ლიგაში დამოუკიდებლად და, ცხადია, უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შთამბეჭდავი დებიუტი გამომივიდა. შედეგის გარდა, სხვა კუთხითაც იყო გამორჩეული ჩემთვის წინა სეზონი. ვცდილობდი, რომ ფეხბურთელებთან, კლუბის ხელმძღვანელებთან, მსაჯებთან, ქომაგებთან, ჟურნალისტებთან კარგი ურთიერთობა ჩამომეყალიბებინა, რაც საბოლოოდ, ვფიქრობ, ასევე წარმატებით გამომივიდა. ეს ურთიერთობა, ცხადია, სამომავლოდაც გაგრძელდება. წინა სეზონმა პროფესიული თვალსაზრისითაც ბევრი მასწავლა, რაც მომავალში აუცილებლად გამომადგება.   

კობა ინასარიძე