სიახლეები

ბათუმელები შოტლანდიელს ელოდებიან და არც ვესტ ჰემზე ამბობენ უარს

გაუზიარე

18-წლიანი პაუზის შემდეგ ბათუმის დინამო ევროტურნირს უბრუნდება. უკვე დამტკიცებულია ახალი სტადიონის პროექტი და ბათუმს მალე შეემატება თანამედროვე საფეხბურთო სარბიელი, მანამდე კი, ამ ზაფხულს, ზღვისპირული დინამო ევროშეხვედრებს ზესტაფონში გამართავს. თავდაპირველად ბათუმელებს საშინაო მატჩების თბილისში გამართვა სურდათ, მაგრამ იმის გამო, რომ ევროტურნირის მატჩებს თბილისის დინამო `დინამო არენაზე~ ითამაშებს, ხოლო ცხინვალი `მიხეილ მესხზე~ და, სავარაუდოდ, გორის დილაც თბილისში დაუხვდება მეტოქეებს, ბათუმელები იძულებულები გახდნენ, საშინაო არენად ზესტაფონი აერჩიათ. 

გუშინ ბათუმის დინამოს სამწვრთნელო შტაბის წევრს, ასლან ბალაძეს დავუკავშირდით და გუნდის სამომავლო გეგმებზე დავეკითხეთ: "გუნდი 6 ივნისს შეიკრიბა და პირველ მოსამზადებელ ეტაპს შინ გავივლით. ხვალიდან ორჯერად ვარჯიშებზე გადავლთ. 19 ივნისს თურქეთში გავემგზავრებით, სტამბოლთან ახლოს, შარშანაც იქ ვიყავით და ყველაფრით კმაყოფილები დავრჩით. სავარაუდოდ, სამ საკონტროლო შეხვედრას გავმართავთ, ერთი მეტოქე რუსული პრემიერლიგის პერმის ამკარი იქნება, დანარჩენ მეტოქეებს კი მალე გავარკვევთ. თურქეთში ყოფნისას გაირკვევა ევროპის ლიგაზე ჩვენი მეტოქეც და თუ პირველი შეხვედრა სტუმრად გვექნება, შესაძლოა, თურქეთიდან გავემგზავროთ სათამაშოდ."

სავარაუდო მეტოქეთაგან ყველაზე ცნობილი ლონდონური ვესტ ჰემია და როგორც ასლან ბალაძემ გვითხრა, ბათუმის დინამოში სახელოვან მეტოქეს არ უფრთხიან: " ჩვენ ისეთი ბედი გვაქვს, რომ კენჭისყრისას ყოველთვის უძლიერესი მეტოქეები გვხვდებოდნენ. ასე იყო სელტიკის, პარტიზანის და ეინდჰოვენის შემთხვევაში, მაგრამ ნებისმიერ მეტოქეს ღირსეულად ვეთამაშებოდით და თავი არასდროს შეგვირცხვენია. ვესტ ჰემთან თამაშის წინააღმდეგი არ ვარ, როგორც იცით, ახალ გუნდს ვაშენებთ და ევროტურნირზე თამაშით ასე საჭირო გამოცდილებას შევიძენთ. ვესტ ჰემის დონის გუნდთან ორი შეხვედრის ჩატარება ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენთვის"

რაც შეეხება სასელექციო მუშაობას, ბათუმელები ჯერ მხოლოდ რამდენიმე მოთამაშის დამატებას აპირებენ და მომავალ სეზონშიც ძირთადად ძველ შემადგენლობას დაეყრდნობიან: "მთავარი იყო, ძირითადი ბირთვი შეგვენარჩუნებინა, რაც შევასრულეთ კიდეც, ახლაწვეულებთან დაკავშირებით კი თავიდანვე ჩამოყალიბებულები ვიყავით: დავიმატებდით მხოლოდ რამდენიმე მოთამაშეს და ეგრეთ წოდებულ წერტილოვან გაძლიერებას მივმართავდით. მომავალ სეზონში ბათუმის დინამოს ღირსებას დაიცავენ მარტვილის მერანიდან გადმოყვანილი პაპუნა ფონიავა და სამტრედიას ყოფილი ფორვარდი გიორგი გაბედავა. თურქეთში, შეკრებაზე უნდა ჩამოვიდეს შოტლანდიელი ნახევარმცველი, რომელსაც იქაურ პრემიერშიფში უთამაშია და შესაძლოა, ისიც დავიმატოთ. თუმცა, როგორც გითხარით, ძირითად აქცენტს იმ ფეხბურთელებზე ვაკეთებთ, რომლებმაც ბათუმის დინამო ჩემპიონატში მეორე ადგილზე გაიყვანეს."

მომავალ ჩემპიონატთან დაკავშირებით ასლან ბალაძემ შემდეგი გვითხრა: "ამ ჩემპიონატმა ნათლად დაგვანახა, რომ სწორ გზაზე ვდგავართ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს საკეთებელი. მომდევნო სეზონში ვეცდებით, ბათუმის დინამო კიდევ უფრო გაძლიერდეს და ფეხბურთელებსაც და გულშემატკივრებსაც სტაბილურობის განცდა დავუბრუნოთ. რაც შეეხება მიზნებს, კვლავ უნდა ვიბრძოლოთ ევროტურნირების საგზურისთვის, დანარჩენი კი ჩემპიონატის მსვლელობისას გამოჩნდება."

პაატა ძნელაძე