სიახლეები

1997 და უმცროსები – ლიგაზე გასვლა საბურთალოს უწევს

გაუზიარე

როგორც იცით, ორი წლის წინ უეფამ აამუშავა ახალი პროექტი: ახალგაზრდული  ლიგა. ჩემპიონთა ლიგაში მონაწილე 32 კლუბის პარალელურად, ამ კლუბების 19-წლამდელთა გუნდებიც ხვდებოდნენ ერთმანეთს. ახალგაზრდული ლიგა პირველად, 2014 წელს ბარსელონამ მოიგო – ფინალში ბენფიკას 3:0 სძლია და მაშინ ბრწყინავდნენ მუნირ ელ-ჰადადი, სანდრო რამირესი... მეორე სეზონი კი ჩელსის ტრიუმფით დასრულდა, ლონდონელებმა ფინალში დონეცკის შახტარს 3:2 მოუგეს. 

როგორც ჩანს, უეფა კმაყოფილია ამ ტურნირით და გადაწყვიტა, გუნდების რაოდენობა გაეზარდა. უეფამ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ წინა ორ გათამაშებაში ყველა ქვეყნიდან საუკეთესო 19-წლამდელთა გუნდები არ გადიოდნენ: რა დააშავა 19-წლამდელებში ამა თუ იმ ქვეყნის ჩემპიონმა, თუ მათი ძირითადი გუნდი ჩემპიონთა ლიგაში ვერ მოხვდა? სამართლიანობის პრინციპი ირღვეოდა და კარგია, რომ 2015/2016 წლების სეზონიდან, ანუ უახლოესი სეზონიდანვე 19-წლამდელთა ჩემპიონებიც დაიშვებიან. 

და აი, ყველაზე საინტერესო ამბავიც: წინასწარი ინფორმაციით, მათ შორის იქნება საბურთალო... ასე წერია ტურნირის ფორმატში. რატომ საბურთალო? მართალია, საქართველოში კონკრეტულად 19-წლამდელთა ჩემპიონატი არ ტარდება, მაგრამ ნაგულისხმევია ჭაბუკთა ლიგა 1997-1998 წელს დაბადებულთა შორის. საბურთალო (მწვრთნელი დავით კევლიშვილი) კი ამ ასაკში ჩემპიონი გახდა. 

უეფას ახალგაზრდულ ლიგაშიც სწორედ 1997 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულებს შეეძლებათ თამაში. წესების მიხედვით, თითოეულ მატჩში 1996 წელს დაბადებული სამი ფეხბურთელის დამატებაც ნებადართულია. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების უფროს დიმიტრი ბოკერიას დავუკავშირდით, რომელიც საქმის კურსში გახლდათ ჩემპიონთა ლიგაში ქართული გამოჩენის საკითხში და გვითხრა, რომ უახლოეს დღეებში უეფასგან ელის წერილობით ცნობას, თუ კონკრეტულად რომელი ქართული კლუბი მიიღებს მონაწილეობას.

წარმოიდგინეთ, რამხელა მნიშვნელობა ექნება ამ გათამაშებაში ქართული გუნდის გასვლას! რამხელა გამოცდილება და პრესტიჟია!

როგორ მოხვდა ამ გათამაშებაში ქართული გუნდი? სულ 34 ქვეყნის 64 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ეს 34 ქვეყანა ევროპის საკლუბო რეიტინგის მიხედვითაა შერჩეული და საქართველო 33-ე ადგილზეა. გარდა იმ 32 ახალგაზრდული გუნდისა, რომლებიც ძირითადი გუნდების ხარჯზე მოხვდებიან ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაში, კიდევ 32 უშუალოდ ამა თუ იმ ქვეყნის 19-წლამდელთა ჩემპიონი დაემატება. ზოგიერთ ქვეყანაში ხომ 19-წლამდელთა ჩემპიონები იმ კლუბიდან იქნებიან, რომელთა ძირითადი გუნდიც ისედაც გავა ჩემპიონთა ლიგაში...

საბურთალოს გენერალურ დირექტორ კახა ჭუმბურიძეს დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა, რომ ჯერჯერობით ელის ოფიციალურ დასტურს: „წესით არანაირი პრობლემა არ უნდა შეიქმნას, რადგან 1997 წელს დაბადებულების ჭაბუკთა ლიგაში, რომელიც სფფ-ის ეგიდით ტარდება, საბურთალო გახდა ჩემპიონი. ჯერ ველოდებით ოფიციალურად დადასტურებას“.   

ილია ნანობაშვილი