სიახლეები

დვალი ქასიმფაშადან მოდის, შეთავაზება ავსტრიიდან და საქართველოდან

გაუზიარე

საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი, სავარაუდოდ, კლუბს შეიცვლის. დვალი წინა სეზონის მიმდინარეობისას ლატვიური სკონტოდან ინგლისური რედინგში განათხოვრების შემდეგ თურქულ ქასიმფაშაში გადავიდა, რომლის მთავარი მწვრთნელი იმ დროს შოთა არველაძე იყო. ლაშა მალევე გახდა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი, თუმცა სიტუაცია თანდათან შეიცვალა. ჯერ შოთა არველაძე წამოვიდა გუნდიდან, ახლა კი ქასიმფაშას ფინანსური პრობლემებიც შეექმნა, რომლის გამო იძულებული გახდა, თხუთმეტამდე ფეხბურთელს შეელიოს, ერთ-ერთ მათგანი კი, ჩვენი ინფორმაციით, სწორედ დვალია.

ბუნებრივია, ლაშას მსურველები გამოუჩნდნენ. ჩვენი წყაროების ცნობით, მისი გადაბირება ერთ ავსტრიულ და ერთ ქართულ გუნდს სურს. გამორიცხული არც ის არის, რომ უახლოეს პერიოდში დვალს თურქული სუპერლიგის სხვა გუნდებიც დაუკავშირდნენ. ამ ეტაპზე კი ლაშა დვალი ნაკრებთან ერთად იმყოფება და პოლონეთთან გასამართი შეხვედრისთვის ემზადება. 

პაატა ძნელაძე