სიახლეები

თენგიზ კობიაშვილი: ვიტ ჯორჯია დონორს არ იცვლის

გაუზიარე

ცოტა უცნაური კი იქნება ვიტ ჯორჯიას ნახვა პირველ ლიგაში _ კლუბი საქართველოს ორგზის ჩემპიონია, თასიც მოუგია, სუპერთასიც და წლების განმავლობაში ლიდერთა შორის იყო. ბოლო წლებში ვიტელთა შედეგები სულ უარესდებოდა და აი, გუნდი უმაღლესი ლიგიდან გავარდა. 

როგორი იქნება ვიტ ჯორჯია ქვედა ლიგაში, რა გეგმები ექნება, რამდენად შეიცვლება შემადგენლობა _ ამ საკითხზე გუნდის მთავარ მწვრთნელს თენგიზ კობიაშვილს ვესაუბრეთ. როცა კობიაშვილმა ზურაბ ბერიძე შეცვალა, ვიტ ჯორჯია ბოლო ადგილზე იყო და ქულებით საკმაოდ ჩამორჩებოდა კონკურენტებს...

“რაც მოხდა, ცუდია. იყო სამი-ოთხი მატჩი, რომელშიც არ გაგვიმართლა. ერთი ქულა დაგვაკლდა გადათამაშებაში მოსახვედრად, სადაც თბილისის ლოკომოტივთან ჩვენ მეტი შანსი გვექნებოდა. ეს ჩემი აზრია. როცა გუნდში მოვედი, ცხრა ტური იყო დარჩენილი, ექვს ქულას ვაგებდით ბოლოდან მეორე ადგილზე მყოფ გუნდთან და რეალურად ვუშვებდით გავარდნის შესაძლებლობას. ჩემთვის აუცილებელ მოთხოვნად რომ წამოეყენებინათ, გინდათ თუ არა, უმაღლესში უნდა დარჩეთო, მწვრთნელად მისვლას არ დავთანხმდებოდი. ვიშრომეთ, ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ ერთი ქულა დაგვაკლდა...” 

ზოგადად, უმაღლესი ლიგიდან გავარდნა კატასტროფას არ ნიშნავს და ვიტ ჯორჯიას ხელმძღვანელობასაც არ დაუწყია ვაი-ვიში. ამას იმიტომ ვამბობთ, რომ გვინახავს პრეცედენტები _ გუნდი უმაღლესი ლიგიდან გავარდნილა და საერთოდ ხელი ჩაუქნევიათ. 

“საქმეს მშვიდად გავაგრძელებთ. ფეხბურთელებს პირობები იგივე ექნებათ, როგორიც აქამდე ჰქონდათ. მიზანი უმაღლესში დაბრუბება იქნება. შემადგენლობა შეიცვლება, მაგრამ კონკრეტულად ვინ მოვა და ვინ წავა, რამდენიმე დღეში გეტყვით. 20 ივნისს დავიწყებთ ვარჯიშს, მცხეთაში მოვემზადებით და მერე შეკრებაზე წავალთ, ოღონდ არა უცხოეთში”. 

თენგიზ კობიაშვილი ახალგაზრდა სპეციალისტია და სანამ ძირითად გუნდში მიიწვევდნენ მწვრთნელად, მანამდე ვიტ ჯორჯიას დუბლებს თავკაცობდა. ვიტელთა დუბლები სოლიდური ჰანდიკაპით იყვნენ პირველ ადგილზე და საბოლოოდ, ჩემპიონებიც გახდნენ. კობიაშვილის დაწინაურების შემდეგ დუბლებს ლაშა ფირცხალაიშვილი წვრთნიდა. 

“რა თქმა უნდა, დუბლების ჩემპიონობა სასიხარულოა. ვიტ ჯორჯიას მთავარი დონორი სწორედ დუბლების ფეხბურთელები, ნიჭიერი ბიჭები არიან და ამ ზაფხულსვე არაერთი დაწინაურდება ძირითად გუნდში. გარდა ამისა, გვყავს ორი გუნდი ჭაბუკთა ლიგაშიც. არავითარი საიდუმლო არაა, რომ ჭაბუკთა ლიგაში ის ბიჭები მოგვყავს, რომლებიც საბურთალოში თუ დინამოს აკადემიაში დაიწუნეს. ხომ შეიძლება, სამი თავდამსხმელი ჰყოლოდათ და მეოთხე არ დასჭირვებოდათ. ზოგს გამოეპარება ხოლმე ტალანტი, ვერ ამჩნევს.  ჩვენც მოგვყავს და ვზრდით. მგონი, ცუდად არ გამოგვდის, რადგან ჭაბუკებიდან დუბლებში გადადიან, დუბლების შედეგები კი თავადაც იცით”. 

კობიაშვილმა გვითხრა, რომ 16-გუნდიანი ჩემპიონატი საინტერესო გამოდგა ახალგაზრდა ფეხბურთელთა წინ წამოწევის მხრივ: 

“თავიდან მეც ეჭვით ვუყურებდი, ეგებ, 16 გუნდისთვის საკმარისი ფეხბურთელები არ გვყავდეს-მეთქი. თუმცა დავრწმუნდი, რომ ეს არაა პრობლემა. პრობლემა კლუბების არამდგრადი ფინანსური სიტუაციაა. ვიტ ჯორჯიაზე ამას ვერავინ იტყვის, რადგან ჩვენს კლუბს არასოდეს შეჰქმნია საფრთხე, რომ თამაშზე ვერ წასულიყო. წინასწარ არის გაწერილი ფინანსები. შეკრებაა თუ სხვა რამ, ყველაფერს რესურსების მიხედვით ვგეგმავთ, უაზრო დაპირებებს არ ვიძლევით”. 

კობიაშვილს არ დაუკონკრეტებია, თუმცა ვიტ ჯორჯია ოფიციალურად სამმა ფეხბურთელმა დატოვა: ნიკა მაისურაძემ, ბადრი დემეტრაშვილმა და გიორგი გეთიაშვილმა. მაისურაძე ცხინვალში ვარჯიშობს, გეთიაშვილი მარტვილის მერანში გადავიდა, დემეტრაშვილის კლუბი კი ჯერ არ გარკვეულა. 

არის ინტერესი ვიტ ჯორჯიას სხვა ფეხბურთელთა მიმართაც, თუმცა მათ კონტრაქტები აკავშირებთ კლუბთან. ამ ეტაპზე ვიტელთა ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი გახლავთ თავდამსხმელი ელგუჯა ლობჯანიძე...

ილია ნანობაშვილი