სიახლეები

დღე მეორე – რონალდუს რუსმა ფანებმაც მიაკითხეს

გაუზიარე

პორტუგალიის ეროვნულმა ნაკრებმა გუშინ “მიხეილ მესხზე” მეორე ვარჯიში ჩაატარა. მედიისთვის ამჯერადაც მხოლოდ საწყისი 15 წუთის ხილვა იყო შესაძლებელი, თუმცა სტადიონის ჭიშკრის გისოსებიდან მოედანი ალაგ-ალაგ მოჩანდა და ვარჯიშის მიმდინარეობის შესახებაც შეგვიძლია გიამბოთ.

ამაზე ქვემოთ, მანამდე კი იმის შესახებ, რა ხდებოდა სტადიონის ტერიტორიაზე: პირველი დღისგან განსხვავებით, როცა კრიშტიანუ რონალდუსა და მისი თანაგუნდელების ქართველმა ფანებმა “მიხეილ მესხის” მიდამოებში უხვად მოიყარეს თავი, გუშინ სიხალვათე იყო. მიზეზი ძნელი ასახსნელი არ არის – პორტუგალიელ ფეხბურთელებთან მიახლოების შანსი ნულის ტოლი იყო, ვარჯიში კი გულშემატკივრებისთვის თავიდან ბოლომდე დახურული გახლდათ.

გუშინწინდელისგან განსხვავებით, როცა პორტუგალიის ნაკრების შემტევის, დანის პრესკონფერენცია გაიმართა, გუშინ მედიის წინაშე არც ერთი პორტუგალიელი ფეხბურთელი წარმდგარა. მხოლოდ ნაკრების მედიაოფიცერი გაესაუბრა პორტუგალიელ ჟურნალისტებს და მათ უკანასკნელი ცნობები გაანდო. შევიტყვეთ, რომ ფერნანდუ სანტუშის გუნდის ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა. გუშინ პორტუგალიელი ჟურნალისტები ქართველ კოლეგებს რაოდენობით საგრძნობლად აღემატებოდნენ – ვარჯიშის მსვლელობისას “მიხეილ მესხის” მედიაცენტრში იმუშავეს (სწორედ აქ არის განთავსებული “ჩვენი თამაშის” რედაქცია), ხოლო როცა პორტუგალიის ნაკრების ავტობუსმა სტადიონიდან სასტუმროსკენ აიღო გეზი, პორტუგალიელი ჟურნალისტების ტრანსპორტი მას უმალ უკან მიჰყვა.

როცა პორტუგალიელი ჟურნალისტები საკონფერენციო დარბაზში შეგროვდნენ, იმედი გამიჩნდა, რომ მათ და ჩვენს ცნიბისმოყვარეობას რონალდუ თუ არა, სხვა ვარსკვლავთაგანი მაინც დააკმაყოფილებდა, მაგრამ, როგორც გითხარით, განცხადება მხოლოდ მედიაოფიცერმა გააკეთა.

რონალდუ ქართველთათვის არის მიუწვდომელი, თორემ როგორც ერთ-ერთმა იქაურმა კოლეგამ მითხრა, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური მათ სასტუმროში ფეხბურთელებთან გასაუბრების საშუალებას მისცემს. სამწუხაროდ, ქართველი ჟურნალისტებისთვის ეს შეუძლებელია...

როგორც გითხარით, პორტუგალიელი მედიელები ეს დღეები, ფაქტობრივად, “ჩვენი თამაშის” რედაქციაში მუშაობენ. რამდენიმე მათგანმა სამახსოვროდ ჩვენი გაზეთის ის ნომრები წაიღო, სადაც მათი ნაკრების ვარჯიშის ტექსტური და ფოტორეპორტაჟია. ცხადია, სტუმრები მხოლოდ ფოტოებით მიხვდნენ, რომ სოლიდური საგაზეთო ფართი მათი ნაკრების სტუმრობას დავუთმეთ.

კრიშტიანუ რონალდუს შორიდან დასანახად კი სტადიონზე ქართველებთან ერთად ფეხბურთის რუსი მოყვარულებიც მოვიდნენ. მათ მხოლოდ “მიხეილ მესხზე” მოსვლის შემდეგ შეიტყვეს, რომ არენის კარი ქომაგთათვის დაკეტილი იყო. გულდაწყვეტილები ქართველ გულშემატკივრებს გამოელაპარაკნენ და თბილისში გასამართი ევროპის სუპერთასისა და მასზე დასასწრები ბილეთების ამბები გამოჰკითხეს. 

“თბილისში რონალდუს გამო ნამდვილად არ ჩამოვსულვართ. აქ ტურისტებად ვართ, მაგრამ უზომოდ გაგვიხარდებოდა, მისი ცოცხლად ნახვის საშუალება რომ მოგვცემოდა. რა გაეწყობა. გულს სულაც არ გავიტეხთ. რონალდუს თამაშს აუცილებლად ვნახავთ “სანტიაგო ბერნაბეუზე”, საქართველოში კი მოსაწყენად არ გვცალია – იმდენი რამ გვაქვს სანახავი, თავს ვიტეხთ, სად და როდის წავიდეთ. რის ნახვასაც ახლა ვერ მოვასწრებთ, აგვისტოში დავათვალიერებთ, როცა ევროპის სუპერთასზე ჩამოვალთ. ჩვენ მადრიდის რეალის ფანები ვართ და გვერჩივნა, აქ სამეფო კლუბის საქომაგოდ ჩამოვსულიყავით, მაგრამ არც ბარსელონას ცოცხლად ნახვის შანსს გავუშვებთ ხელიდან”, - გვითხრეს რუსლანმა და ვიქტორმა, რომლებიც მოსკოვიდან არიან, იქაურ ლოკომოტივს ქომაგობენ და აქედან გამომდინარე, ქართველი ფეხბურთელებისა და, ზოგადად, ჩვენი ფეხბურთის თაყვანისმცემლები არიან.

“ზაზა ჯანაშიას ხშირად ვხედავთ, აი, მალხაზ ასათიანმა კი თავი ძალიან მოგვანატრა. ლოკომოტივს დღეს მათი დონის შემსრულებლები რომ ჰყავდეს, რუსეთის ჩემპიონებიც გავხდებოდით და ჩემპიონთა ლიგაზეც ვითამაშებდით”. 

რაც შეეხება გისოსებიდან დანახულ პორტუგალიელთა ვარჯიშს – გახურებასა და ფიზმომზადების მწვრთნელის მიერ ჩატარებულ ხანმოკლე პროცესს თუ არ ჩავთვლით, გუშინდელი წვრთნა მთლიანად ბურთის თანხლებით წარიმართა. ნახევარ მოედანზე ორმხრივი თამაში გაიმართა, სადაც შემადგენლობები აშკარად მიზანმიმართულად იყო დაყენებული. აბსოლუტურად ყველა პორტუგალიელი ვარსკვლავი ერთ მხარეს თამაშობდა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ფერნანდუ სანტუშმა სასომხეთოდ ძირითადი შემადგენლობის კონტურები უკვე გამოკვეთა.

მეკარე რუი პატრისიო, მცველები რიკარდუ კარვალიუ, ბრუნო ალვეში, ფაბიუ კოენტრაუ, საყრდენი ტიაგუ ნევეში, შემქმნელები _ კრიშტიანუ რონალდუ, დანი კარვალიუ, ლუიშ ნანი, ჟოაუ მოუტინიუ – ეს ის ცხრა კაცია, რომლებიც ერევანში სასტარტო შემადგენლობაში აუცილებლად უნდა იყვნენ, დანარჩენი ორის ვინაობას კი სომხეთში გამართული მატჩისას შევიტყობთ.

დიდი დრო დაეთმო სტანდარტული მდგომარეობების დამუშავებას, რასაც კარში დარტყმები მოჰყვა. ამ მხრივ თითქმის ყველა პორტუგალიელი ყოჩაღობდა, რონალდუს განსაკუთრებული კლასი კი ამ კომპონენტშიც ცხადად გამოჩნდა.

აი, ასეთი იყო პორტუგალიელთა გუშინდელი თბილისური დღე. დღეს რონალდუ და კომპანია `მიხელ მესხზე~ მორიგ დახურულ ვარჯიშს გამართავს, რომელიც 10 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

***

ბოლოს კი თვალი გადავავლოთ პორტუგალიელთა სატურნირო მდგომარეობას. ფერნანდუ სანტუშის გუნდი ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ტურნირში ერთადერთ ხუთგუნდიან ჯგუფში მოხვდა და მეტოქეებად, სომხეთის გარდა, დანია, ალბანეთი და სერბეთი ჰყავს. არაოფიციალურად, ჯგუფში ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი საფრანგეთიც ირიცხება, თუმცა მას, ბუნებრივია, ცხრილში არაფერი ესაქმება – `სამფეროვნები~ ჯგუფის ბინადრებთან შესარჩევი ტურნირის მსვლელობისას შინ და გარეთ თითო ამხანაგურ მატჩს ატარებენ.

სადღეისოდ ჯგუფის ცხრილი ასე გამოიყურება:

1. პორტუგალია 4 3 0 1 4-2 9
2. დანია 4 2 1 1 6-4 7
3. ალბანეთი 4 2 1 1 4-5 7
4. სერბეთი* 4 1 1 2 6-6 1
5. სომხეთი 4 0 1 3 3-6 1

* სერბეთს დაკლებული აქვს სამი ქულა

რაც შეეხება პორტუგალიის მიერ დღემდე განვლილ გზას – შესარჩევი ტურნირი პირინეელებმა ალბანეთთან სენსაციური საშინაო მარცხით (0:1) დაიწყეს, თუმცა ამის შემდეგ სამივე მატჩი მოიგეს, სამივე მინიმალური სხვაობით – დანიაში რონალდუს მიერ 95-ე წუთზე გატანილი გოლით გაიმარჯვეს, ალგარვეში სომხეთთან ასევე რონალდუს წყალობით მოიგეს, წლეულს, 29 მარტს კი ლისაბონში 2:1 დაამარცხეს სერბეთი. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში ორივე პორტუგალიური გოლო მცველების ანგარიშზეა – თავი რიკარდუ კარვალიუმ და ფაბიუ კოენტრაუმ გამოიჩინეს.

ლევან ჯანეზაშვილი